“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– ბატონო გიორგი, რატომ გახდა საჭირო მთაწმინდის არჩევნებზე მეორე ტური, თქვენ რით ხსნით ამას?
– მე ვფიქრობ, რომ ეს განპირობებული იყო ამომრჩევლის პასიურობით. როგორც ჩანს, შუალედური საპარლამენტო არჩევნების მიმართ მთაწმინდელების ინტერესი ნაკლები აღმოჩნდა, ვიდრე მუნიციპალიტეტებში მერის არჩევნები ადგილობრივი ამომრჩევლებისთვის.
ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი და ეს შედეგზეც აისახა. ჩვენ ვერ მოვახერხეთ ყველა ჩვენი ამომრჩევლის საარჩევნო უბნებთან მიყვანა და ამან დააყენა მეორე ტურის აუცილებლობა. შეიძლება ჩვენი მხრიდან მეტი აქტიურობა იყო საჭირო წინასაარჩევნო პერიოდში, მიუხედავად იმისა, რომ ლადო კახაძეს საკმაოდ დატვირთული წინასაარჩევნო კამპანია ჰქონდა. მეც ვიღებდი რამდენიმე შეხვედრაში მონაწილეობას, მაგრამ მეორე ტურში ალბათ მეტი აქტიურობა იქნება საჭირო და ასეც იქნება.
პირველ ტურში ჩვენმა კანდიდატმა უფრო მეტი ხმა აიღო, მაგრამ მეორე ტურში ბევრად უფრო მეტი მუშაობა იქნება ჩვენი მხრიდან.
– არ ფიქრობთ, რომ შალვა შავგულიძე ძლიერი კანდიდატია და ამანაც განაპირობა?
– შალვა შავგულიძეს მხარი “ევროპულმა საქართველომ” და ნაციონალურმა მოძრაობამ დაუჭირეს. ამდენად, ის ხმები, რაც მან მიიღო, ძირითადად ამ ორი პარტიის აქტივის ხმებია. თავად მას და მის პარტიას მაღალი მხარდაჭერა არ აქვს. ეს აჩვენა წინა საპარლამენტო არჩევნებმა, როდესაც ის კენჭს იყრიდა საბურთალოზე მაჟორიტარულ ოლქში. ასევე, მისმა პარტიამ, თავისუფალმა დემოკრატებმა, საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახეს. ამდენად, მას ჰქონდა მოლოდინი, რომ ამ ალიანსით ის უფრო მეტ ხმას აიღებდა, ასევე, მიიღებდა ნაციონალური მოძრაობის ხმებსაც და ასეც მოხდა. მან მართლაც მიიღო ამ პარტიების ამომრჩევლის ხმები.
ნათია ხურცილავა, ახალი თაობა