”ქართული ოცნების” მმართველობის პირობებში ლარის კურსი ყოველწლიურად რომ უფასურდება, ამას უკვე მივეჩვიეთ, მაგრამ ეროვნული ვალუტა გაუფასურებას შემოდგომიდან იწყებდა ხოლმე, ხოლო გაზაფხულიდან მყარდებოდა. ასეთი იყო გასული წლების სტატისტიკური მაჩვენებელი, თუმცა ესეც შეიცვალა და ბოლო პერიოდში ლარის კურსი მკვეთრად გაუარესდა. სავალუტო ჯიხურებში 1 დოლარის ყიდვა თითქმის უკვე 2.8-ს აღწევს.
რა გახდა ლარის გაუფასურების მიზეზი, ვისი პასუხისმგებლობაა არასწორი ეკონომიკური პოლიტიკა და იქონიებს თუ არა ეროვნული ვალუტა სამომხმარებლო კალათაზეც? – ამ საკითხებზე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ გამგეობის თავმჯდომარე გიორგი კეპულაძე საუბრობს.
_ ბოლო დღეებში ლარის კურსის მხრივ განსაკუთრებულად დაიძაბა ვითარება. გვახსოვს წინა წლების ანალოგიური პერიოდი, როცა პირიქით გამყარებით გამოირჩეოდა ხოლმე. თქვენ რით ხსნით წლევანდელ გაუფასურებას?
_ მცურავი გაცვლითი კურსის გაუფასურების მიზეზები ბევრი შეიძლება იყოს. როგორც წესი მოკლევადიანი გაუფასურებები ახასიათებს ხოლმე, თუმცა ვეთანხმები თქვენი შეკითხვის პათოსს, მიჩვეულები ვართ, რომ ზაფხულისთვის მყარდებოდა ლარი.
ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს თურქული ლირის გაუფასურება, რამაც მოლოდინი გააჩინა, რომ ლარიც გაუფასურდებოდა, თუმცა პრობლემა იმაში უნდა ვეძებოთ, რატომ ვართ ასე ზედმეტად დამოკიდებული ჩვენი სავაჭრო პარტნიორების ეკონომიკაზე და მათი ვალუტის გაუფასურებაზე. ეს იმის ბრალია, რომ საქართველოს ეკონომიკა არ არის საკმარისად დივერსიფიცირებული და საგარეო თუ რეგიონული შოკები გავლენას ახდენენ ჩვენს ეკონომიკაზე.
თურქეთსა და ამერიკას შორის დაიძაბა ურთიერთობა, რამაც თავისთავად ეკონომიკაზე იმ წუთშივე ასახვა ჰპოვა და თურქული ლირა გაუფასურდა. თუმცა, თურქული ლირის გაუფასურება შეიძლება არ იყოს იმდენად პრობლემა თურქეთისთვის, მაგრამ ჩვენთვის გახდა პრობლემა, რადგან საქართველო თურქეთზე მეტად არის დამოკიდებული იმპორტზე. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ 1 და 2 სავაჭრო პარტნიორზე არ ვიყოთ დამოკიდებული. მით უმეტეს რუსეთზე, რომელიც მთლიანად პოლიტიკური ბაზარია და უნდა ვეცადოთ, რომ საქართველოს ეკონომიკა თავისი საექსპორტო და საიმპორტო ბაზრებით დივერსიფიცირებული იყოს და რაც შეიძლება მეტ ქვეყანასთან გვქონდეს სავაჭრო პარტნიორობა.
_ გამოდის, რომ პრობლემა მდგომარეობს საქართველოს მიერ განხორციელებულ არასწორ პოლიტიკაში?
_ პრობლემა ღრმაა, თორემ ასე მცირე ცვლილებებით ვალუტის გაუფასურება ასე მტკივნეულად არ უნდა აღიქმებოდეს. ერთია ის, რომ ჩვენ გვაქვს ფსიქოლოგიური დამოკიდებულება გაუფასურების მიმართ. იმიტომ, რომ იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა ვართ და საიმპორტო პროდუქცია როგორც წესი ძვირდება. მეორეა ის, რომ ეს დამოკიდებულება, მათ შორის ფსიქოლოგიურიც, შემდეგ უარყოფითად აისახება ჩვენს ეკონომიკაზე.
_ სამომხმარებლო კალათაც გაიზრდება და პროდუქტზე ფასები მოიმატებს?
_ ზოგადად ვალუტის გაუფასურება უარყოფით გავლენას ახდენს ხოლმე მთლიანად ეკონომიკაზე, მათ შორის ფასებზეც. ეს მოყვება ხოლმე, თუმცა ეს არ არის პირდაპირ კორელაციაში. პირდაპირი დამოკიდებულება ფასებსა და ვალუტის კურსს შორის არ არის საბედნიეროდ. ინფლაცია გაცილებით ნაკლებია, ვიდრე გაუფასურება, თუმცა რიგ პროდუქტებზე შესაძლოა გაიზარდოს ფასი. ძირითადად იმპორტირებულ პროდუქციაზე, როგორიც არის ნავთობი, ბუნებრივი აირი, მედიკამენტები და სხვადასხვა სახის სურსათი.
სურსათი ჩვენს სამომხმარებლო კალათაში დაახლოებით 30%-ია. რაც იმას ნიშნავს, რომ მთლიანობაში ინფლაციური მოლოდინები გაჩნდება, თუმცა იმედი ვიქონიოთ, რომ გაუფასურების პროცესი დიდხანს არ გაგრძელდება.
_ საკმაოდ არამყარი პოლიტიკური ვითარება გვაქვს და ეს გარკვეულწილად ახდენს ხოლმე გავლენას ეროვნულ ვალუტაზე. ამანაც, თუნდაც არჩევნებმაც ხომ არ იქონია გავლენა?
_ არ მგონია, რომ შუალედურ არჩევნებს ჰქონდა განსაკუთრებული ზეგავლენა ვალუტის გაუფასურებაზე, რადგან პროცესი უკვე დაწყებული იყო და ალბათ ეს გამოწვეულია მოლოდინით და ზოგადად რეგიონის ეკონომიკის მოლოდინებს უკავშირდება. გაჟღერდა, რომ შესაძლოა ერდოღანი და ტრამპი შეხვდნენ ერთმანეთს, რამდენ ხანსაც გაგრძელდება ეს დაძაბულობა და სანამ ის არ ამოიწურება, მანამ იქნება ეს ვითარება. რისკებს ავტომატურად მოყვება ეს რყევები, ვინაიდან მოგეხსენებათ, რომ ეკონომიკა და პოლიტიკა მნიშვნელოვნად არის გადაჯაჭვული ერთმანეთზე. ერთი განსაზღვრავს მეორეს და პირიქით. შესაბამისად, უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენ არ ვიყოთ დამოკიდებული სხვა ქვეყნების ეკონომიკასა და პოლიტიკურ ვითარებაზე, ამიტომ გვჭირდება დივერსიფიცირება.
_ როგორც წესი, გავლენას ახდენს ხოლმე ვალუტის კურსზე ტურისტების შემოდინებაც. წელს ამან გავლენა ვეღარ მოახდინა?
_ ინვესტიციებზე თუ საუბრობთ, ამისთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რატომ შეიძლება ჩადოს ინვესტორმა ქვეყანაში ფული. ეს არის საგადასახადო სისტემა, ის, რომ კორუფცია არ არის, ასევე ის, რომ ბიზნესის კეთების მხრივ საქართველო საინტერესო ქვეყანაა და შესაძლებელია, რომ ინვესტორმა უფრო მაღალი პროცენტით მიიღოს მოგება, ვიდრე უფრო განვითარებულ ქვეყანაში.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა არის სასამართლოსთან დაკავშირებით. ბევრი ბიზნესმენისგან გვესმის, მათ შორის ბიზნესის ასოციაციაშიც კეთდება განცხადებები, რომ სასამართლო ზეგავლენას ახდენს საინვესტიციო გარემოზე და იმაზე, რომ საქართველოში არ არის განცდა დამოუკიდებული სასამართლოს არსებობისა.
ეს არა მხოლოდ პოლიტიკურად ანგრევს ქვეყანას და ადამიანის უფლებების მხრივ ქმნის პრობლემებს, არამედ ეკონომიკურადაც. როდესაც ინვესტორი უყურებს, რომ სხვადასხვა გადაწყვეტილებები მიიღება მიკერძოებულად, როცა ჩნდება აღქმა, რომ საქართველოში დამოუკიდებელი სასამართლო არ არის, ეს პრობლემებს უქმნის ინვესტიციებს. თორემ, საგადასახადო კუთხით, ფაქტობრივად, ოფშორის ზონის გადასახადები გვაქვს, იმდენად დაბალი გადასახადებია, რაც ძალიან კარგია. კარგია, რომ საქართველოში ბიზნესის დაწყება მარტივია, მაგრამ ცუდია ის, რაც ცუდია და ამაზე აუცილებლად უნდა ვისაუბროთ.
_ ანუ იმ გახმაურებულმა სკანდალებმა, რომლებიც ბიზნესის მიმართულებით გვქონდა, გავლენა იქონია?
_ რა თქმა უნდა. წარმოიდგინეთ, რომ ადამიანი, რომელსაც აქვს ფული და უნდა ქვეყანაში ფულის ჩადება, მაგრამ მას უნდა ჰქონდეს გარანტიები, რომ მისი საკუთრება იქნება დაცული, ამ ვითარებაში ვის გაუჩნდება სურვილი, რომ ფული ჩადოს?! ამიტომ არის მნიშვნელოვანი დამოუკიდებელი სასამართლო ეკონომის განვითარებისა და ინვესტიციებისთვის.
_ „ოცნება“ 7 წელია ხელისუფლებაშია და ამ დროის განმავლობაში მუდმივად უფასურდება ეროვნული ვალუტა. ვისი პასუხისმგებლობაა ის, რომ არასწორი ეკონომიკური პოლიტიკა გვაქვს?
_ ეს არის მმართველი ძალის პასუხისმგებლობა, რომლის პირობებშიც 100 დოლარი 110 ლარით გაძვირდა. ეს მოცემულობა გვაქვს 2012 წელთან შედარებით. მესმის, რომ იყო ეკონომიკური ფაქტორები, საგარეო შოკი იყო, ნავთობის ფასი მსოფლიო ბაზარზე და ა. შ. თუმცა, სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შემთხვევაში შესაძლებელი იყო საქართველოს დაცვა მსგავსი ეკონომიკური შოკებისგან.
ჩვენ, სამწუხაროდ, სტაბილურ რეგიონში არ ვცხოვრობთ და ეს პრობლემები და შოკები სულ იქნება. საქართველოს თუ ექნება სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, ამ შოკებს ავირიდებთ და ამ გამოწვევებს ხშირ შემთხვევაში წარმატებით დავძლევთ.
საერთაშორისო ავტორიტეტული ინსტიტუტების შეფასებით, საკმაოდ წარმატებით დავძლიეთ 2014-15 წლების რეგიონული შოკი, სწორი მონეტარული პოლიტიკით საკმაოდ კარგად გადავიტანეთ, თუმცა საბოლოო ჯამში ის, რომ ვალუტა მნიშვნელოვნად გაუფასურდა და 100 დოლარი 110 ლარით გაძვირდა, ნიშნავს იმას, რომ საქართველოში იმპორტირებულ პროდუქციაზე ფასი იზრდება.
ამ შემთხვევაში გამოსავალი მხოლოდ სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, სწორი ეკონომიკური ხედვა და მიღებული გადასახადების სწორი მიმართულებით ხარჯვაა.
_ რა მოლოდინი გაქვთ უახლოეს პერიოდში?
_ ლარის კურსთან დაკავშირებით პროგნოზს ვერ გავაკეთებ, რადგან მცურავი გაცვლითი კურსის პროგნოზირება წარმოუდგენელია. მხოლოდ იმედს დავიტოვებ, რომ მას შემდეგ, რაც თურქეთში დასტაბილურდება სიტუაცია, ეს ავტომატურად აისახება ლარის კურსზე.
რადგან ჩვენ თვითონ ვერაფერს ვშველით, იმედი ვიქონიოთ, რომ ჩვენს სავაჭრო პარტნიორებში იქნება მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება, რაც დადებითად აისახება ჩვენს ეკონომიკაზეც. ვისურვებდი, რომ პარტნიორებზე არ ვიყოთ დიდად დამოკიდებული.
დღევანდელ სამყაროში როცა თავისუფალი ბაზარი გაქვს, რთულია, არ იყო დამოკიდებული სავაჭრო პარტნიორების ეკონომიკაზე, ეს ფაქტობრივად წარმოუდგენელია, მაგრამ რაც უფრო მეტი სავაჭრო პარტნიორი გვეყოლება, მით უფრო დაცულები ვიქნებით საგარეო ეკონომიკური შოკებისგან.
იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა