ისტორიკოსი, პროფესორი გიორგი ოთხმეზური “ახალ თაობასთან” ინტერვიუში დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსზე საუბრობს.
– ბატონო გიორგი, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე მეუფე იობის ქადაგებას საპატრიარქო გაემიჯნა. თქვენ როგორ აფასებთ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს?
– დავით გარეჯის საკითხი რელიგიურ-ისტორიულ და სამართლებრივ-პოლიტიკური კომპონენტით უნდა გადაწყდეს. რელიგიურად და ისტორიულად, ბევრი რომ აღარ ვისაუბრო, დავით გარეჯი ქართული ძეგლია. ამას დიდი მტკიცება არ სჭირდება. მთლიანი სამონასტრო კომპლექსი ოდითგან საქართველოს შემადგენელი ნაწილი იყო. დავით გარეჯის ძეგლი ქართულ კულტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენს, რასაც მე-9-10 საუკუნეების უძველესი ფრესკული მხატვრობა ადასტურებს.
1921 წლიდან, ჩვენი გასაბჭოების შემდეგ დაიწყო ეს პროცესი. მანამდე, მეფის რუსეთის დროს, საინგილოც კი საქართველოს შემადგენლობაში მოიაზრებოდა.
1987-88 წლებში, ჯერ კიდევ პატიაშვილის დროს, შეიქმნა სახელმწიფო კომისია, რომელიც უფლებამოსილი იყო, სახელმწიფოს სახელით ესაუბრა აზერბაიჯანულ მხარესთან. ამ კომისიის მიზანი იყო ბერთუბნის მონასტრის დაბრუნება, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიისკენაა 4 კილომეტრით შეწეული. ბერთუბანი ძალიან მნიშვნელოვანი ძეგლია საქართველოსთვის, რადგან იქ თამარის ფრესკაა გამოსახული. მაშინ ეს კომისია ბერთუბანში სამჯერ მეტ ტერიტორიას აძლევდა აზერბაიჯანს.
– როგორც ვიცი, საძოვრებში უცვლიდა, მაგრამ შეთანხმება ვერ შედგა.
– სამეურნეოდ უვარგის ტერიტორიაში, ჩვენ სამეურნეოდ ვარგის სამჯერ მეტ ტერიტორიას ვაძლევდით, მაგრამ კომისია მხოლოდ ორჯერ შეიკრიბა, შემდეგ უკვე 90-იანი წლები დაიწყო და გასაგებია ამისთვის არავის აღარ ეცალა. 1995-96 წლებიდან ისევ შეიკრიბა კომისია და მუშაობა განახლდა, მაგრამ შედეგი რაც არის, გასაგებია. დავით გარეჯში 2012 წლიდან ჩადგნენ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები.
– აზერბაიჯანული მხარე ძეგლის ალბანურ წარმომავლობაზე საუბრობს. თქვენი არგუმენტი როგორია?
– წინა საუკუნის 90-იან წლების ბოლოს დაიწყო ძეგლის ალბანიზაციის თეორია. ქართულ მხარეს ამ შემთხვევაში ძალიან ძლიერი არგუმენტი აქვს. ჯერ ერთი, აზერბაიჯანლების წინაპრები ალბანელები არ არიან და მეორე, დავით გარეჯის მონასტრებში არის ბაგრატ მეოთხის, თამარ მეფის, დავით აღმაშენებლის, დემეტრე თავდადებულის ფრესკები და თუ აზერბაიჯანული ან ალბანური წარმომავლობის ძეგლია, მაშინ ქართველი მეფეების ფრესკები რად უნდოდათ, რატომ გააკეთებდნენ?!
უდაბნოს მონასტერში ათასზე მეტი ქართული ნაკაწრი წარწერაა გაკეთებული მომლოცველების მიერ. შემდეგ სხვადასხვა ენაზეც გაჩნდა, რადგან მაშინ დავით გარეჯი ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდა, იქ სამგზის მოლოცვა იერუსალიმის მოლოცვას უტოლდებოდა და ამიტომ ძალიან ბევრი მომლოცველი ჩადიოდა.
– რატომ აქვთ პრეტენზია? საგარეო საქმეთა მინისტრი ზალკალიანი აცხადებს, რომ აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და ამ საკითხს სენსიტიურად უნდა მივუდგეთ, სიფრთხილე გვმართებს.
– პარტნიორობა, მეგობრობა არის ორმხრივი, მე ასე მესმის, არ შეიძლება პარტნიორობა ცალმხრივი იყოს. 1921 წელს სერგო ორჯონიკიძემ ჰერეთი გადასცა აზერბაიჯანს, ჰერეთის დაბრუნებას ხომ არ ვთხოვთ. თუ პარტნიორები ვართ, თან სტრატეგიული, თუ მეზობლები ვართ და თუ მეგობრები ვართ, მაშინ როგორ შეიძლება ჩვენთვის ესოდენ მნიშვნელოვან რელიგიურ ძეგლზე, ჩვენს ისტორიაზე გვითხრან უარი და ჩაგვიკეტონ?! ეს დაუშვებელია. არავითარი მორალური უფლება არ აქვთ აზერბაიჯანელებს, რომ დავით გარეჯი მოითხოვონ.
საბჭოთა ხელისუფლების დროს, როდესაც იქ სამხედრო პოლიგონი იყო განთავსებული და იქაურობა ინგრეოდა და ნადგურდებოდა, ქართველი რესტავრატორები ჩადიოდნენ და მუშაობდნენ, აზერბაიჯანლებს საერთოდ თავი არ შეუწუხებიათ არასოდეს. არც პოლიგონის გატანის საკითხი დაუყენებიათ და არც არაფერი გაუკეთებიათ, რომ იქაურობა შენარჩუნებულიყო ჩვენ, ქართველებმა შევინარჩუნეთ და ეს არის რეალობა, რომელსაც ვერავინ გაექცევა.
მოგეხსენებათ, საბჭოთა კავშირის დროს რესპუბლიკებს შორის მხოლოდ ადმინისტრაციული საზღვარი იყო. არსებობს შეთანხმება, რომლის მიხედვითაც საზღვრის დადგენა ამ სახელმწიფოებს შორის, სწორედ ამ ადმინისტრაციული საზღვრის მიხედვით უნდა მოხდეს. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად იქ უნდა გაივლოს საზღვარი. საბჭოთა კავშირის რუკების მიხედვით საზღვარი გადის იმ მთის თხემზე და უდაბნო აზერბაიჯანის შემადგენლობაში ექცევა, მაგრამ არის ისეთი რუკებიც, რომელთა მიხედვითაც, საზღვარი გადის სხვაგან და უდაბნო საქართველოს შემადგენლობაშია მოქცეული. აქ მთავარი ის არის, რომ არ არის საზღვრის დემილიტაცია-დემარკაცია ჩატარებული და ეს პროცესი ერთხელ და საბოლოოდ უნდა დაიწყოს და დასრულდეს.
– თურქეთის გარდა, არც ერთ მეზობელ სახელმწიფოსთან არ გვაქვს საზღვრები დადგენილი. რატომ? ალბათ ძალიან მძიმე პროცესია წინ.
– მართალს ბრძანებთ. ეს ურთულესი საკითხია, მაგრამ ამისთვის სახელმწიფოში სპეცილური უწყებები არსებობენ და სწორედ მათ უნდა იმუშაონ ამ საკითხებზე და პრობლემა უნდა გადაჭრან. უნდა შეიქმნას კომისიები და უნდა დაიწყოს მუშაობა.
თქვენ მკითხეთ, რატომ? საბჭოთა კავშირის დროს პირობითი საზღვრები არსებობდა, უფრო ზუსტად კი ადმინისტრაციული. რაც შეეხება თურქეთს, თურქეთთან საზღვარი იმიტომ გვაქვს დადგენილი, რომ ეს იყოს საბჭოთა კავშირ-თურქეთის საზღვარი.
შევარდნაძესთან დემირელის პირველი მოთხოვნა იყო, ჯერ საზღვრების რატიფიცირება მოეხდინათ და მხოლოდ ამის შემდეგ იქნებოდა სხვა თემებზე საუბარი. ასეთ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ყველა ქვეყანა თავის საზღვარს და ჩვენ არც ერთ მეზობელთან არ გვაქვს საზღვარი დადგენილი.
რაც აქამდე მოახერხა ნაციონალურმა მოძრაობამ, იყო ის, რომ ხუჯაბის მონასტერი სომხეთს გადასცა. ახლა სალომე ზურაბიშვილს უკიჟინებენ, რომ მან გამოიწვია ეს პრობლემა, არა, ეს პრობლემა დიდი ხანია გვაქვს და უნდა გადავწყვიტოთ.
ნათია ხურცილავა, ახალი თაობა