დღეს ხმაური იყო ზუგდიდის 95-ე საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე. ერთმანეთს „რუსთავი 2“- ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია და მოქალაქე ქეთევან სორდია დაუპირისპირდნენ.
ქალბატონმა სორდიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ნიკა გვარამია მას ფიზიკურად გაუსწორდა. ასევე „ხელში ეჭირა პოლიეთილენის პარკი, რომელშიც ჩუსტები ჰქონდა, გამოართვა და ძირს დააყრევინა“.
„ნიკა გვარამიამ მითხრა, სიები გაქვსო, ამოიღე რა გიჭირავს ხელშიო. ასევე მკითხა, აქ რატომ დგახარო, რაზეც ვუთხარი, რომ მე ვარ მოქალაქე და ვდგავარ აქ. ამ დროს დამეჯახა და წამართვა პარკი, ასევე გადმომიგდო სათვალე. ვაი, იმ სამეგრელოს, ესენი რომ შემოუშვა“, – განაცხადა სორდიამ.
თავის მხრივ, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ქალბატონი „ქართული ოცნებიდან“ მოგზავნილი პროვოკატორია.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. ვითარების განმუხტვას გარშემომყოფები ცდილობდნენ.
მეტრონომი