თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების უფროსის პარლამენტში გამოსვლას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ გომელაური ჰიბრიდულ ომზე ისე საუბრობს, რჩება შთაბეჭდილება, რომ „თხა და გიგოც“ არ უნდა ჰქონდეთ წაკითხული.
„ჰიბრიდული ომის მთავარი პროდუქტი გვიზის სოლოლაკში, ივანიშვილის სახი. წავიდნენ და მიხედონ“, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში.
თავდაცვის ყოფილი მინისტრის აზრით, ჰიბრიდული ომის გაგრძელებაა სალომე ზურაბიშვილისა და გენშტაბის უფროსის განცხადებები, მთავარი მესიჯები კი სოლოლაკიდან, ბიძინა ივანიშვილისგან მოდის.
“სალომე ზურაბიშვილის განცხადებები იყო ზუსტად იმ ჰიბრიდული ომის გაგრძელება, რასაც რუსეთი ეწევა ჩვენს წინააღმდეგ. ის იყო ზუსტად მტრის წისქვილზე წყლის დასხმა. შეხედეთ, საერთოდ რა ხდება შავი ზღვის აკვატორიაში ბოლო პერიოდში, გემი გემზე შემოდის, როგორც ნატოსი ისე ამერიკის. თითქმის უკვე აქტიური სამზადისი და მოქმედებები მიდის და ამ დროს რას აკეთებს ჩვენი პრეზიდენტი? განცხადებით გამოდის, რომ არანაირი ამერიკული ბაზები ჩვენ არ გვჭირდებაო. ეს რას ნიშნავს? ამიხსნას ვიღაცამ მარტივ ენაზე. არის თუ არა ეს მავნებლობა თუ არა.
მთელი ჩვენი დამოუკიდებლობის 30 წლის განმავლობაში ვისწრაფვით, რომ უსაფრთხოება განვიმტკიცოთ. მოვხვდეთ ალიანსის შემადგენლობაში თუ სამეზობლოში, რომელიც ჩვენს უსაფრთხოებას უფრო მეტად დაიცავს. დიდი ხნის განმავლობაში გვქონდა მოლაპარაკებებიც, სურვილებიც და მცდელობებიც, რომ ვიღაცა შემოგვეყვანა ჩვენი ინტერესების დასაცავად. ამ დროს პრეზიდენტი იძახის, რომ არანაირი ამერიკული ბაზები ჩვენ არ გვჭირდებაო. ეს არ არის ჰიბრიდული ომის გაგრძელება?!” – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

