ჯარისკაცებმა ალექსანდრე ჯანიაშვილმა, დავით კვიწინაძემ და გიორგი მუსელიანმა 2 ბავშვი სიკვდილს გადაარჩინეს – რა მოხდა რუსთავში – ვიდეო

ჯარისკაცებმა ალექსანდრე ჯანიაშვილმა, დავით კვიწინაძემ და გიორგი მუსელიანმა 2 ბავშვი სიკვდილს გადაარჩინეს - რა მოხდა რუსთავში - ვიდეორუსთავში, მეგობრობის გამზირზე სამმა სამხედრო მომსახურემ, ხანძრის დროს, 2 მცირეწლოვანი ბავშვი გადაარჩინა.

“ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით, ჯარისკაცები რუსთავში გასამართ ღონისძიებაზე მიდიოდნენ, როდესაც გზიდან შეამჩნიეს, რომ ფანჯრიდან კვამლი გამოდიოდა, ადგილზე მისულებს კი ბინაში ძლიერი ხანძარი დახვდათ. იყო ინფორმაცია, რომ სახლში 2 მცირეწლოვანი იმყოფებოდა, მეზობლების თქმით ბავშვების მამა გარეთ იყო და სახლში ვერ შედიოდა.

ხანძართან ერთად იყო ძლიერი დაკვამლიანება, ოთახში შესვლას ვერავინ ბედავდა თუმცა სამმა ჯარისკაცმა საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ოთახში შეაღწია და 2 მცირეწლოვანი ალმოკიდებული სახლიდან გამოიყვანა.

მაღალი დაკვამლიანების შედეგად სამხედროებმა მძიმე ინტოქსიკაცია მიიღეს. ერთ-ერთი მათგანი ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი, ხოლო ორს კლინიკა “რუსთავში” შესაბამისი სამედიცინო კვლევები უტარდება.

კლინიკა “რუსთავის” გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის მორიგე ექიმმა მანანა გაბაშვილმა განაცხადა, რომ: “კლინიკაში შემოყვანილია ორი ჯარისკაცი. შემოყვანისას ორივე უჩიოდა თავბრუსხვევას, ყლაპვისა და სუნთქვის გაძნელებას. გაიარეს ტოქსიკოლოგის კონსულტაცია. ამჟამად მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესებულია, მიმდინარეობს დაკვირვება”.

“ინფო რუსთავმა” 2 სამხედროს სახელი და გვარი გაარკვია, ესენი არიან: 26 წლის დავით კვიწინაძე და 34 წლის ალექსანდრე ჯანიაშვილი, მესამე ჯარისკაცი რომელიც შედარებით მძიმედ იყო და ინგოროყვას სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს გიორგი მუსელიანია. აღსანიშნავია, რომ ალექსანდრე ჯანიაშვილი რუსთაველია.

ხანძარი მეგობრობის გამზირზე საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულზე, დილის საათებში გაჩნდა.