“კახა კალაძე “ქართულ ოცნებას” გაემიჯნა”

"კახა კალაძე "ქართულ ოცნებას" გაემიჯნა"რა ამოძრავებს დედაქალაქის მერს, რა უფეშქაშა მას ივანიშვილმა, ვისი დავალებით არიგებს მმართველი პარტია საქართველოს ტერიტორიებს? – ამის შესახებ “ახალ თაობას” მონიტორინგის ცენტრ “მედიატორის” წარმომადგენელი დიმიტრი ბიძინაშვილი ესაუბრება.
– თბილისის მერმა კახა კალაძემ, რომელიც პარტია “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერია, განაცხადა, სალომე ზურაბიშვილს ჩვენს პარტიასთან ნუ გააიგივებთო. გაემიჯნა კალაძე პრეზიდენტს თუ რამე სხვა ამბავია?
– კალაძე ზურაბიშვილს კი არა, პარტია “ქართულ ოცნებას” გაემიჯნა. თბილისის მერი გვიმტკიცებს, რომ სალომე იყო დამოუკიდებელი კანდიდატი და მათ პარტიას დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდაჭერა ჰქონდა გადაწყვეტილი. არ ვიცი, რანაირად შეიძლება ადამიანს უპარტიო ეწოდოს, რომლის გასაპრეზიდენტებლად მთელი “ქართული ოცნება” – ივანიშვილით დაწყებული კალაძით დამთავრებული – ბანერებზე გამოეკრა.
მისი გაპრეზიდენტების გამო ზუგდიდში ია კერზაია მოკლეს. მის გამო ათასობით ადამიანს მიაყენეს ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფა. უამრავი ადამიანი დააშინეს. ქვეყნის არაფორმალურმა მმართველმა პირდაპირ მოისყიდა 600.000 ადამიანი, როდესაც მათ ვალები ჩამოაწერა.
კიდევ ბევრი რამე იკადრეს, ეს ქალი რომ პრეზიდენტი გამხდარიყო. ზურაბიშვილი არის მხოლოდ “ოცნების” პრეზიდენტი. ამ პარტიამ ყველაფერი გააკეთა, რომ ამ ქალმა პრეზიდენტის რანგში აკეთოს განცხადებები, რაც ქვეყანას აზიანებს.
ძალიან კარგია, თუ “ოცნებაში” მას ემიჯნებიან და ხვდებიან, თუ რამხელა სისულელე გააკეთეს, როცა ეს ქალი ქვეყანას თავზე დაასვეს.
– ისე, კალაძე ერთადერთი იყო “ოცნებიდან”, ვინც საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის მერე თქვა, რომ ზურაბიშვილის მხარდაჭერა იყო შეცდომა.
– თქმით თქვა, მაგრამ მის გაპრეზიდენტებაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა. მან თბილისი ჩაიბარა და მთელი არჩევნების მანძილზე ამ ქალის პრესსპიკერად იყო გადაქცეული.
ახლა იმის თქმა, რომ სალომე ზურაბიშვილი “ქართულ ოცნებასთან” არ უნდა გავაიგივოთ, არის ხალხის და საკუთარი ამომრჩევლის დაცინვა.
კალაძეც აგებს პასუხს იმაზე, რაც ამ ქალმა დააშავა. რასაც ზურაბიშვილმა ხელი შეახო, ყველაფერი თავზე დაგვემხო. სომხეთში ჩასულმა აზერბაიჯანის გამაღიზიანებელი განცხადებები გააკეთა. ბაქოში კი ისეთი რაღაცები თქვა, ერევანი გადარია.
ამ ქალის თითოეული განცხადება არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების გაღიზიანება და რუსეთის წახალისება. მოსკოვი მის ყველა განცხადება ტაშს უკრავს.
– კალაძეზე ვსაუბრობთ და ბოლო დროს მის სახელს აქტიურად უკავშირდება მეტროში შექმნილი პრობლემები. ის, რაც ახლა მეტროში ხდება, ყველაფერი მისი ბრალი რანაირად არის, მისი მერობის პერიოდში გამოვიდა ყველაფერი მწყობრიდან?
– ყველაფერს კალაძეს ნუ დავაბრალებთ. ჯერ კიდევ ნარმანიას დროს დაიწყო ეს ყველაფერი. მან უარი თქვა ვაგონშემკეთებელ ქარხანაზე და იქ დასაქმებული პროფესიონალები ქუჩაში გაყარა. ეს ადამიანები დღეს აზერბაიჯანსა და სომხეთში არიან დასაქმებული.
ნარმანიამ ეს ადამიანები გაყარა, მათ ადგილზე კი “ოცნების” აქტივისტები დაასაქმა. ამიტომაც არის, რომ დღეს მეტროში ასეთი ვითარებაა. მერე იყო და ვარკეთილის მეტროში ჭერი დაგვემხო თავზე.
მეტრო არ არის მხოლოდ სატრანსპორტო საშუალება. ის არის სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტი. მასზე სახელმწიფო განსაკუთრებულად უნდა ზრუნავდეს. დღევანდელი ხელისუფლება კი ცდილობს, მეტროთი რაც შეიძლება მეტი ფული იშოვოს.
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ იმაზე, რომ მეტროში ხარვეზებია, რაც მალე ძალიან დიდ პრობლემებს შექმნიდა. ამის პასუხად კალაძე სულ მატყუარებს გვეძახდა. ახლა კი ვხედავთ, რომ დღე ისე არ გადის, მეტროში შეფერხება არ იყოს. ამის გამო ათეულობით ათასი ადამიანი ზარალდება. თავად კალაძეს ეს სულ არ ადარდებს, დაქრის თავისი ავტომობილებით და ისიც არ ახსოვს, როგორია მეტრო საერთოდ.
– კალაძეს ძალიან უყვარს მილანი და იქაური მეტრო, როგორც ამბობენ, ძალიან ცუდად მუშაობს. ამ ბიჭს ყველაფერი მილანური გადმოაქვს თბილისში და მეტროც მილანურ სტილზე ხომ არ გადაყავს?
– ფაქტია ისაა, რომ კალაძეს მილანში რაც კი ცუდი რამე უნახავს, ყველაფერი თბილისში გადმოაქვს. ის ნამდვილად უნდა, რომ თბილისელებს თავი რაღაცით დაამახსოვროს, მაგრამ არ გამოსდის. ან როგორ უნდა გამოუვიდეს, როცა ტაქსოპარკის დირექტორის ფუნქციებს ასრულებს.
დედაქალაქის მთავრობის სხდომებს იწყებს იმით, რომ თბილისში თეთრი ფერის ტაქსებმა უნდა იარონ. ევროპული სტანდარტები კარგია, მაგრამ ევროპამდე მარტო თეთრი ფერის ტაქსები გვაშორებს? კვირა ისე არ გავა, სადმე ავტობუსი არ დაგორდეს. გაუვიდათ ამ ავტობუსებს ექსპლუატაციის ვადა და მუხრუჭები აღარ უჭერთ, რაც თბილისის მერს საერთოდ არ აინტერესებს.
ის თავისი ბიზნესინტერესებით ხელმძღვანელობს – სადაც ფული იშოვება, მხოლოდ იმ საქმეშია ჩართული. დანარჩენი მას არ აინტერესებს. ივანიშვილი ხომ საქართველოს უყურებს, როგორც საკუთარ შპს-ს. კალაძის შპს-დ იქცა თბილისი.
მეტროს რეაბილიტაციით ის ბევრ ფულს ვერ იშოვის და ამიტომაც არის მიგდებული ეს სტრატეგიული ობიექტი.
– მეტრო მართლა სტრატეგიული ობიექტია და მის გამართულად მუშაობაზე მხოლოდ კალაძემ უნდა იზრუნოს? ცენტრალურ მთავრობას არაფერი ეხება?
– ხელისუფლება რომ გვყავდეს, მეტროს მიხედავდა. ჩვენ დღეს ხელისუფლება არ გვყავს. გავლენის სფეროები გადანაწილებულია და მეტრო მხოლოდ კალაძეს ეხება, მაგრამ არც მას აინტერესებს. ამათთვის მთავარია, ფული იშოვონ.
– არის ასეთი ვერსიებიც, რომ მეტროსთან დაკავშირებული პრობლემები კალაძის წინააღმდეგ არის მიმართული, ისევე, როგორც პანკისში მომხდარი ინციდენტი თითქოს გახარიას გაუჩალიჩეს. ამაზე რას გვეტყვით?
– ამათ არავინ არაფერს არ უჩალიჩებს, ისინი თავიანთი ქმედებებით უჩალიჩებენ საკუთარ თავს. მარტო საკუთარ თავს რომ ვნებდნენ, არ ვიდარდებდი, მაგრამ ეს ყველაფერი ქვეყანასაც აზიანებს. თუნდაც პანკისში განვითარებული მოვლენები ავიღოთ. რა საჭირო იყო ასეთი სახის შეტაკება. ეს ყველაფერი თან იმ დროს მოხდა, როცა მოლაპარაკებები მიდიოდა.
პანკისი რომ სენსიტიური თემაა, ეს ყველამ იცის და იქ ცოტა სიფრთხილეა საჭირო. ესენი კიდევ სპეციალურად იქცევიან გამომწვევად. ყველაფერს აკეთებენ, რომ ამ რეგიონში არეულობა დაიწყოს. ერთადერთი, ვისაც ეს აწყობს, არის რუსეთი. ჰესის ამბავი მხოლოდ საბაბია, როდის იყო, რომ ჰესებს სპეცრაზმით აშენებდნენ.
– ჰესების აშენებას მხარს უჭერს კალაძე. მისი თქმით, საქართველო ასე მიაღწევს ენერგოდამოუკიდებლობას, ხოლო ვინც ამის წინააღმდეგ მიდის, საქართველოს მტერია.
– თბილისის მერი რომ ენერგოდამოუკიდებლობაზე დაიწყებს საუბარს, ეს უკვე ერის ტრაგედიაა. ეს არის ადამიანი, რომელმაც ენერგეტიკის მინისტრობის დროს გაზპრომთან კაბალური შეთანხმება გააფორმა. რუსეთმა მისი წყალობით მიიღო ის, რის მიღწევასაც მოსკოვი წლების მანძილზე ცდილობდა.
ენერგოდამოუკიდებლობა თუ ვინმემ დააზიანა, ეს არის კახა კალაძე და ცოტა სასაცილოა, როცა ეს ადამიანი ვინმესკენ ხელს გაიშვერს.
სპეცრაზმით ჰესებს არავინ აშენებს და გაზპრომთან გაფორმებული ხელშეკრულებაც საქართველოს წინააღმდეგ არის მიმართული. ეს კიდევ ერთხელ მაფიქრებინებს, რომ პანკისში პოლიცია არეულობის მოსაწყობად შეიყვანეს, რასაც მერე რუსეთი თავისი ინტერესებისთვის გამოიყენებდა.
“ქართული ოცნება” საქართველოს უფსკრულისკენ მიაქანებს. ამაზე მარტო საგარეო ვალი მეტყველებს. 2012 წლისთვის საგარეო ვალი 9 მილიარდი იყო, ახლა ის 20 მილიარდამდეა გაზრდილი.
ეს ციფრებიც კარგად მეტყველებს იმაზე, რომ ეს ადამიანები ჭამის მეტს არაფერს აკეთებენ. 11 მილიარდი ასე თუ ისე რამეს უნდა დატყობოდა. ქვეყანას არაფერი არ ეტყობა, სამაგიეროდ, “ოცნების” ჩინოსნები გამდიდრდნენ.
ამის პარალელურად მიდის სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლა. საქართველოს მიაქანებენ უფსკრულისკენ. ეს არის პირდაპირ რუსეთის დაკვეთა, რომლის ინტერესშიც ფეხზე მდგარი საქართველო არ შედის. ჩამორჩენილი საქართველოს ხელში ჩაგდება უფრო იოლია, ვიდრე განვითარებულის.
ივანიშვილი და მისი გარემოცვა ერთი ხელით ფულს შოულობს, ხოლო მეორე ხელით საქართველოს რუსეთს აბარებს. მათ ხელში ისე დაჩაჩანაკდა ეს ქვეყანა, რომ ვისაც როგორც უნდა, ისე მიაქვს ჩვენი ტერიტორიები.

შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა