19 მაისს საქართველოს რამდენიმე რეგიონში მერებისა და საკრებულოს წევრების შუალედური არჩევნები გაიმართა, ყველგან მმართველმა გუნდმა გაიმარჯვა. შუალედური არჩევნები გაიმართა თბილისში, მთაწმინდის საარჩევნო ოლქშიც პარლამენტის მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატის გამოსავლენად. ეს ერთადერთი ადგილი იყო, სადაც ოპოზიციური კანდიდატი შალვა შავგულიძე მეორე ტურში გავიდა.
რა სურათი გამოიკვეთა ამ არჩევნებით, რამდენად არის რევოლუციური განწყობა ქვეყანაში და რას უნდა ველოდოთ 2020 წლის არჩევნებისთვის? _ ამ და სხვა საკითხებზე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე საუბრობს.
_ ხელისუფლებამ რა მოიგო ამ არჩევნებით?
_ პირველ რიგში ფსიქოლოგიური უპირატესობა, რაც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანი იყო „ქართული ოცნებიდან“ წევრების გადინების შეკავების თვალსაზრისით. მათთვის ეს არჩევნები უნდა გამხდარიყო ნიშანი იმისა, რომ სხვა არცერთ პარტიას არ აქვს არჩევნების მოგების რეალური შესაძლებლობა. შესაბამისად, რეალური შანსია, რომ „ოცნება“ 2020-ში იყოს პირველი პოლიტიკური ძალა, რომელიც შესაძლოა მესამე ვადით დარჩება ხელისუფლებაში. და თუ ეს ასეა, მაშინ სადღა უნდა გაიქცეს „ოცნების“ მეამბოხე ნაწილი?!
_ არ ელოდებით, რომ ოპოზიციამ რაღაც შეცვალოს?
_ ოპოზიციამ უნდა შეიცვალოს როლი. მაქვს განცდა, რომ ოპოზიცია საკუთარ პანაშვიდზე იმყოფება. ამ როლიდან, დამტირებლის როლიდან უნდა გამოვიდეს, გაიაზროს, რა ჭირს მას და რეალურ ქმედებებზე უნდა გადავიდეს.
ველოდები, რომ 2-3 პარტია გაჩნდება. არა მსხვილი კალიბრის, მაგრამ გამოჩნდება ახალი პარტიები, რომელიც იმ 50%-სთვის იბრძოლებს, რაც ენდიაის კვლევის მიხედვით არცერთ პარტიაზე არ ნაწილდება. ეს ერთგვარად ოქროს საბადოა ახალი პოლიტიკური ძალებისთვის. ვნახოთ, რამდენად კონკურენტუნარიანი ძალები გამოვლენ ასპარეზზე.
_ ანუ, მაინც კოალიციური მთავრობის მოლოდინი გაქვთ?
_ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა დღეს ძალიან რთულია. ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული. მაგალითად, თუ მოახერხებს ოპოზიცია, რომ საერთო კანდიდატებზე შეჯერდნენ მაჟორიტარულ ოლქებში და ერთმანეთს ხმები არ წაართვან; ვინ გამოვა ოპოზიციურ ფლანგზე ახალი; კიდევ რა შეცდომებს დაუშვებს ხელისუფლება, რომელსაც გამარჯვების ეიფორია აქვს და ეს შეცდომების მაპროვოცირებელია ხოლმე და ა.შ.
_ ჩვენს ისტორიაში არასდროს მომხდარა, როცა ერთ ძალას 2-ზე მეტი ვადით მოეგო არჩევნები. გგონიათ, რომ „ოცნებას“ ამის შანსი აქვს?
_ იქით შემოგიბრუნებთ კითხვას, ხვალ რომ არჩევნები იყოს, შუალედური არჩევნებიდან გამომდინარე რა შედეგს მიიღებდა „ოცნება“? ხომ ისევ მოვიდოდა ხელისუფლებაში?!
_ თუმცა, დამეთანხმებით, რომ განსხვავებული სპეციფიკისაა შუალედური და განსხვავებულია საპარლამენტო არჩევნები.
_ კი, არის განსხვავებული სპეციფიკა. რა თქმა უნდა, 2020-ში „ოცნება“ ვერ შეძლებს ზუსტად იმ შედეგის გამეორებას, რაც ახლა შუალედურ არჩევნებზე დადო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მაქსიმუმის აღებას ეცდება. „ოცნებისთვის“ მთავარი არის, რომ: 1. ოპოზიცია არ გამოვიდეს მოტირალ-მოწუწუნის როლიდან; 2. არ გაერთიანდეს; 3. და გააგრძელოს ამომრჩევლის დარწმუნება იმაში, რომ არჩევნებს აზრი არ აქვს. და ასე ნანატრი მესამე ვადით ხელისუფლებაში დარჩენაც ერთი ხელის გაწვდენაზეა. თუმცა, იქამდე წელიწადნახევარია და იმედი ვიქონიოთ, რომ ოპოზიციის ნაწილს მაინც აქვს რეინკარნაციის შანსი და ახალი პოლიტიკური ძალებიც თავის სიტყვას იტყვიან.
იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა