კორნელი კაკაჩია – „სააკაშვილის რევოლუციური გზავნილები საპირისპირო ეფექტს იძლევა“

კორნელი კაკაჩია - „სააკაშვილის რევოლუციური გზავნილები საპირისპირო ეფექტს იძლევა“გაერთიანებული ოპოზიცია შუალედური არჩევნების შედეგებს ეჭვქვეშ აყენებს და მისი ნაწილი რევოლუციურ სულისკვეთებაზე საუბრობს. გეგმავენ რეგიონების შემოვლას და საზოგადოების რევოლუციურად დამუხტვას. რევოლუციურ განწყობაზე საუბრობს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც, რომელიც მხარდამჭერებს ამის აუცილებლობაში ტელეეთერისა თუ სოციალური ქსელების საშუალებით არწმუნებს.

არის თუ არა ქვეყანაში რევოლუციური განწყობა და რამ შეიძლება ხალხი ქუჩაში გამოიყვანოს? – ამ და სხვა საკითხებზე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორი კორნელი კაკაჩია საუბრობს.

_ გვესმის ოპოზიციაში განცხადებები რევოლუციურ სცენარსა თუ სულისკვეთებაზე. როგორ უყურებთ ამ პროცესს? რამდენად არის ქვეყანაში რევოლუციური განწყობა?

_ ბუნებრივია მოსახლეობაში არის გარკვეული უკმაყოფილება, მათ შორის სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ საკითხებთან და მათ შორის პოლიტიკურ საკითხებთანაც არსებობს, მაგრამ ეს აუცილებლად არ ითარგმნება რევოლუციურ განწყობებში. ხალხი მზად არ არის, რომ რევოლუციური სცენარით შეცვალოს ხელისუფლება. მიუხედავად შექმნილი სიდუხჭირისა, მაინც ევოლუციური გზით სვლა ურჩევნია და არჩევნების გზით ურჩევნია სიარული – იქნება ეს ხელისუფლების შეცვლა თუ პარლამენტში ძალთა ბალანსის შეცვლა.

აქედან გამომდინარე, ის მუხტი, რომ რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ რევოლუციური მუხტი გამოიყენოს, რეალურად არ არსებობს. ასეთი განცხადებები ჩვენ გვახსოვს შარშანდელი საპრეზიდენტო არჩევნებიდან თუ წინა არჩევნებიდან. აქედან ჩანს, რომ ქართველი ამომრჩეველი რადიკალიზმის მომხრე არ არის.

_ რა გამოდის, ნაციონალური მოძრაობა ამ გზით ფონს ვერ გავა?

_ სავარაუდოდ ეს არ გამოვა. იქიდან გამომდინარე, რომ ამაზე მოთხოვნა დღეს არ არის. მით უმეტეს ნაციონალური მოძრაობის ლიდერის მხრიდან თუ ეს მოწოდებაა, შეიძლება სხვა პარტიებმა ეს… შეიძლება საპარლამენტო არჩევნების დროს რაღაც ისეთი მოხდეს, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ თვითონ სააკაშვილისადმი მიუღებლობა არსებობს ელექტორატის გარკვეულ ნაწილში, ამიტომ მის მიერ მოწოდებული ეს მოწოდებები კონტრ-პროდუქტიულია. შეიძლება ითქვას, რომ ეს უფრო აცხრობს იმ განწყობებს, რაც შესაძლოა ამომრჩევლის ნაწილს კიდეც ჰქონდეს, მხედველობაში მაქვს რევოლუციური განწყობები. მისი მხრიდან მოწოდებული ასეთი მოწოდებები საპირისპირო ეფექტს იძლევა.

_ ხომ არ გგონიათ, რომ ნიკა მელიას კარგად ესმის საზოგადოების პულსი და ამან განაპირობა არჩევნების ღამეს მისი განცხადება, რამაც აზრთა სხვადასხვაობა წარმოშვა გაერთიანებულ ოპოზიციასა თუ მის მხარდამჭერებში?

_ რა თქმა უნდა. ეს დიდი ხანია შეინიშნება ნაციონალურ მოძრაობაში. მარტო მელიას კი არა და როგორც ჩანს არის ლიდერების ნაწილი, რომლებიც უფრო საღად აზროვნებენ და საღად აფასებენ ქვეყანაში შექმნილ ვითარებას. ბუნებრივია, ისინი ადგილზე არიან და უფრო კარგად ხედავენ რეალობას. ამიტომ ცდილობენ, რომ რაღაცნაირად დააბალანსო სააკაშვილის აგრესიული რიტორიკა. მაგრამ, როგორც ჩანს მთლად წარმატებით არ გამოსდით ხოლმე.

_ რაც შეეხება რევოლუციურ სულისკვეთებას, რა უნდა მოხდეს, რა არის ისეთი, რამაც შესაძლოა ხალხი ქუჩაში გამოიყვანოს რადიკალური მოთხოვნებით?

_ ეს შეიძლება იყოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, თუ იქ მოხდება მასობრივი გაყალბებები და ხელისუფლებამ არასამართლიანი გზებით გაიმარჯვა. ამას შეიძლება მოყვეს მასობრივი მღელვარება, მაგრამ 2020 წლამდე საკმაოდ დიდი დროა დარჩენილი. შეიძლება პირიქითაც მოხდეს, სრულიად მოულოდნელად კრიზისი შეიქმნას, როგორც თავის დროზე რამდენჯერმე მოხდა და თუ ხელისუფლებამ მას ვერ გაართვა თავი… რაღაც ქმედებები განახორციელა დემონსტრანტების მიმართ, შეიძლება ამანაც დაძაბოს სიტუაცია. დაახლოებით ასეთი სურათი შექმნის ამას, მაგრამ წინასწარ ამის განჭვრეტა რა და როგორ მოხდება, აყვება მას ხალხი თუ არა, ეს ცოტა რთული ამბავია.

_ სოციალურ პროტესტს თუ შეუძლია რაღაც გარკვეული გავლენის მოხდენა?

_ სოციალურ პროტესტს შეუძლია, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ქართული საზოგადოება სოციალური პროტესტის მიმართ თითქმის მუნჯია, დიდად არ რეაგირებს ამაზე. თუ არ ჩავთვლით იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ამ თემებზე მუშაობენ. მაგრამ, ისინიც კი ვერ ახერხებენ ამ სოციალური მუხტით საზოგადოების დამუხტვას. საკმაოდ დიდი ხანია ასეა.

_ თქვენი შეფასებით, ასე რატომ ხდება?

_ ალბათ პოლიტიკური კულტურის ნაწილია. ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე ძალიან უჭირთ ეს. არის მოსახლეობის სეგმენტი, რომელიც ამას აკეთებს, მაგალითად მაღაროელები, კონკრეტული მუშაკები, მაგრამ ეს ეპიზოდურ ხასიათს ღებულობს და არ ხდება ისე, რომ ერთიანად შეიკრას საპროტესტო მოძრაობა, რომელიც ხელისუფლებას გარკვეულ პრობლემას შეუქმნის.

_ როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ პოლიტიკურ პარტიებს შორის თანამშრომლობა 2020 წლის არჩევნებისთვის. ბოკერიამ გააჟღერა რამდენიმე გვარი. უფრო სწორად მან სურვილი გამოთქვა მის ბლოკში ალასანიას და უსუფაშვილის ხილვისა. რამდენად რეალურად გესახებათ ასეთი ერთობა?

_ მე მგონი ეს აუცილებელია. დღევანდელ პოლიტიკურ პარტიებს დღევანდელი მოცემულობიდან ხელისუფლების შეცვლის შესაძლებლობა არ აქვთ. ისინი ახლოს არიან როგორც მაჟორიტარულ ოლქებში ისე ზოგადად ახლოს არიან ხელისუფლების წარმომადგენლებთან ციფრებით, მაგრამ ეს არ კმარა იმისათვის, რომ 2020 წლის არჩევნებში გაიმარჯვონ. აქედან გამომდინარე ასეთი არასტანდარტული ალიანსები აუცილებელია. გარდა ამისა მათ სჭირდებათ რაღაც სიახლე, ანუ ისინი ვერ ახერხებენ იმაზე მეტი ხმა მიიღონ, რომელსაც ისინი ბოლო პერიოდში იღებენ. იმისათვის, რომ ცოტა მეტი ხმა მიიღონ, უნდა შექმნან ბლოკი ან ალიანსი იმ ადამიანებთან, რომლებიც ან მანამდე არ იყვნენ პოლიტიკაში ჩართულნი, ან… ანუ მათთან ვისაც გარკვეული სოციალური კაპიტალი გააჩნიათ. შავგულიძის მაგალითი ამის ცალსახა მაგალითია. ისეთი ადამიანებთან უნდა გაერთიანდნენ, რომლებიც საზოგადოებისთვის მისაღებია – მათი მორალური თუ პოლიტიკური ფასეულობებიდან გამომდინარე. ასეთ შემთხვევაში მათ შეიძლება გარკვეული შანსი ჰქონდეთ. ამან შესაძლოა გარკვეული როლი ითამაშოს 2020 წლის არჩევნებისთვის.

_ ანუ გარკვეული ავტორიტეტის მქონე ადამიანები უნდა ჩაერთონ?

_ დიახ. ადამიანები, რომლის გამოც ხალხი არჩევნებზე მივა. ადამიანები, რომლებიც ფლობენ გარკვეულ კაპიტალს. იქნება ეს ცნობადობა თუ სხვა თვისება ამომრჩევლის თვალში. ასეთი ადამიანები რომ მოაგროვოს პარტიამ თუნდაც რამდენიმე, ეს სხვა ტიპის ამომრჩეველს მოიზიდავს ამ პარტიებისთვის, რომლებიც ახლა ამ პარტიებს არ აძლევენ ხმას სხვადასხვა მიზეზების გამო.

_ როდის იქნება ყველაზე ეფექტური, რომ ამაზე მუშაობა დაიწყოს?

_ ალბათ 2020 წლისთვის საარჩევნო კამპანია როგორც კი დაიწყება, ყველა პარტია ეცდება დაიწყონ „ნადირობა“ იმ ადამიანებზე, რომლებიც გააძლიერებენ მათ ალიანსებს თუ ბლოკებს. მმართველ პარტიას ეს პრაქტიკულად დაწყებული აქვს და ალბათ ოპოზიციურ პარტიებსაც მოუწევთ რაღაც გადალაგება და გარკვეულწილად ახალი კოალიციების შექმნა, რომელიც უფრო იქითკენ იქნება მიმართული, რომ უფრო მეტი ხმა მოაგროვონ და 2020 წლის არჩევნებზე ყველა პარტიამ გააუმჯობესოს საკუთარი შედეგები, რომელიც მათ ჰქონდათ წინა არჩევნების პერიოდში.

_ ანუ ამ პროცესს შედარებით მოგვიანებით ელოდებით და არა უახლოეს პერიოდში?

_ უახლოეს პერიოდში ნამდვილად არ უნდა ველოდოთ. იმიტომ, რომ ჯერ ეს ხალხია საპოვნი, მერე დათანხმდებიან თუ არა, მერე რა მდგომარეობა იქნება იმ პერიოდისთვის, ის პოლიტიკური სუბიექტები იმ პერიოდისთვის რა რეიტინგით მიაღწევენ, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ასე, რომ ამას წინასწარ ამას ვერ განჭვრეტ, როგორ შეიძლება ეს განვითარდეს.

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა