კრიზისი ვენესუელაში – რას ვერ თმობენ კრემლი და რუსი მაგნატები

კრიზისი ვენესუელაში - რას ვერ თმობენ კრემლი და რუსი მაგნატებივენესუელაში პოლიტიკური დუღილის ტემპერატურა არ ცხრება-კრიზისი გრძელდება. იმის გათვალისწინებით, თუ რა ვითარებაა დედაქალაქის ქუჩებში, რუსეთის მხრიდან ამ ქვეყნის საქმეებში ჩარევამ გაუგონარ მასშტაბებს მიაღწია. როგორც ცნობილია, რუსული სპეციალური ძალების 100 წარმომადგენელი კარაკასში სულ რაღაც რამდენიმე კვირის წინ ჩავიდა, მაგრამ მთლიანად რუსული აქტიურობა 2019 წლის დასაწყისში იღებს სათავეს. თანაც, რუსეთის  სტრატეგია აღარავისთვისაა საიდუმლო და ის უკვე ათწლეულებია თავის ნამდვილ სახეს აღარ მალავს. შეიძლება ითქვას, რომ სამხედრო დახმარება ფაქტიურად სამხედრო ინტერვენციას ეთანაბრება ხოლმე და მას ახლა ეს სამხრეთ ამერიკული ქვეყანა სამოქალაქო კონფლიქტამდე მიჰყავს. აქვე გავიხსენოთ ავღანეთი, სირია, ლიბია, მთელი აფრიკა და ახლა კი ვენესუელა. და ნუ წავალთ შორს-არსებობს ყოფილი საბჭოთა ქვეყნების მაგალითიც.

როგორც გავლენიანი სააგენტო „როიტერი“ ცოტა ხნის წინ იუწყებოდა, ვენესუელაში, ნიკოლას მადუროს დასახმარებლად სამხედრო კონტრაქტორები რუსეთიდან საიდუმლო მისიით ჩავიდნენ. იმის შესახებ, რომ ეს პირები სირიის მოვლენებიდან უკვე კარგად ცნობილი სამხედრო დაჯგუფების „ვაგნერის“ წევრები არიან, „როიტერს“ მათთან დაახლოებული წყარო უცხადებს. „კაზაკების“ ერთ-ერთი ლიდერი ევგენი შაბაევი „როიტერთან“ ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, რუსი კონტრაქტორების რიცხვი 400-ს შეადგენს. მისი თქმით,  ეს ჯგუფი ოპოზიციის ქუჩაში გამოსვლამდე, კარაკასში რამდენიმე დღით ადრე ჩავიდა. და როგორ პასუხობს ამ თემაზე დასმულ შეკითხვას მოსკოვი? კრემლის სპიკერი დიმიტრი პესკოვი ამბობს-„ჩვენ ამის თაობაზე ინფორმაცია არ გვაქვს“.

აღსანიშნავია, რომ კარაკასი ისტორიულად პრო-რუსული  გავლენების მქონე სივრცეა. მოსკოვი და კარაკასი ჯერ კიდევ სოციალისტ უგო ჩავესის დროს „დაძმობილდნენ“. 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ, ვენესუელამ მხარი არ დაუჭირა რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციების ამოქმედებას. მეტიც, ის ერთ-ერთი იყო იმ რამდენიმე ქვეყანას შორის, ვინც სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები აღიარა. ყველასთვის არის ცნობილი, თუ ვინ იდგა ამ აღიარების უკან.

ექსპერტები ამბობენ, რომ ვლადიმერ პუტინისთვის მადუროს მმართველობის გაგრძელებას დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს, რადგან ვენესუელა ა.შ.შ-ს ე.წ „უკანა ეზოში“ მდებარეობს. მოსკოვი რამდენიმე ათეული წელია, ვენესუელის სოციალისტ მმართველებს ყველანაირად მხარს უჭერს და „ემეგობრება“. და ახლა ჩამყაყებულმა წყობამ, სტაგნაციამ, ჩაძირულმა ეკონომიკამ, საყოველთაო კორუფციამ და უპერსპექტივობამ ვენესუელაში მძლავრი ოპოზიციური ტალღის შექმნას დაუდო საფუძველი. 35 წლის ოპოზიციის ლიდერ ხუან გუაიდოს, როგორც აშშ-მ, ასევე მსოფლიოს 50-მა ქვეყანამ გამოუცხადა მხარდაჭერა-მათ შორის საქართველოცაა.

ცნობილია, რომ რუსეთი „მეგობრებს“ არასახარბიელო სამხედრო კონტრაქტებს სთავაზობს, რაც საბოლოოდ ვადაგასული აღჭურვილობის შენახვის გაზრდილ დანახარჯს იწვევს. მსგავსი რამ მაშინაც მოხდა, როდესაც რუსეთი ვენესუელის ჯარს დაეხმარა. ვენესუელამ რუსულ სამხედრო აღჭურვილობაში მილიონები დახარჯა, თითქმის მთელი მისი სამხედრო არსენალი რუსეთიდან მოდის. და ახლა მოსკოვს ასეთი კარგი შემკვეთის დაკარგვა არ სურს. შეიძლება ისიც ითქვას, რომ ეს  „სირიულ სტრატეგიას“ ჰგავს. თანაც, საქმე მხოლოდ პოლიტიკაში არ არის. ჯერ კიდევ 90-იანებში „ახალმა“ რუსებმა დიდი ეკონომიკური ფსონი დადეს სამხრეთ ამერიკაზე. კრემლის აქტიურობის „მსუყე“ მიზეზი ნავთობის მოპოვებასაც უკავშირდება- რუსეთის ნაციონალურმა ნავთობ კომპანია „როსნეფტ“-მა დაახლოებით 9 მილიარდიანი ინვესტიცია ჩადო ვენესუელას ნავთობპროექტებში 2010 წლის შემდეგ-ამ ციფრებს აქვეყნებს „როიტერი“. მეტიც-„როსნეფტი“ იქ ფლობს ორ ოფშორულ ნავთობმომპოვებელ საწარმოს და დაახლოებით 20 ტონა ნედლეულს ამუშავებს. აი რატომაც „როსნეფტის“ შეფი იგორ სეჩინი და როგორც ამბობენ, რუსეთში მეორე ყველაზე ძლევამოსილი პირი  ვენესუელის გამო ასე ღელავს. გასულ წელს ის მადუროსთან შესახვედრად კარაკასში ჩავიდა.  კარნეგი ცენტრის ექსპერტი ალექსანდრე გაბუევი ფიქრობს, რომ „რუსეთი მადუროში იმდენად დიდ ინვესტიციებს დებს, რომ ერთადერთი ვარიანტი ამ ინვესტიციის გაორმაგება ხდება“.

ასევე, რუსეთი სამხედრო მრჩევლებს ადგილობრივი სამხედროების  დროებითი დახმარების გასაწევად აგზავნის. მაგრამ, ეს დროებითი მრჩევლები არასოდეს მიდიან და მეტიც,  კონფლიქტი უფრო და უფრო ღრმავდება. ის, რაც შემდეგ ხდება ხოლმე, ყოველთვის შიდა არეულობად და ხანდახან საერთაშორისო კონფლიქტადაც ყალიბდება ხოლმე. ვენესუელას კრიზისის დროს, მადუროს რეჟიმთან შეტაკებებში უკვე ათეულობით ადამიანი დაიღუპა, დაშავდნენ ასეულები.

არადა, ვენესუელის საქმეებში რუსეთის ჩარევა,  ვენესუელის ხალხის ნებას ეწინააღმდეგება. ნუთუ, მათ მართლა სურთ იარსებონ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წყლის, საკვების, მედიკამენტების და ელექტროენერგიის გარეშე? რუსეთის აგრესიული ქმედებების მიზანია, მათ არჩევანი არ ჰქონდეთ. შესაძლოა ხალხს  მადუროს მმართველობა სურს ან არ სურს, და ეს მათი კოლექტიური გადაწყვეტილებაა, მაგრამ მაშ რატომ ერევა ამ საქმეში რუსეთი?

სანამ არსებობს იმედი, რომ ეს პრობლემა ვენესუელის ხალხის სასარგებლოდ გადაწყდება, რუსეთის ამგვარი ჩარევა არასოდეს გახდება გამოსავალი. გადარჩენის გზის შეთავაზების ნაცვლად, ის დაღუპვისკენ  უბიძგებს. ჩვენ მსგავს რამეს  დრო და დრო, ჩვენს სიახლოვეში და შორსაც, მუდამ ვხედავთ, მაგრამ ერთი რამ უცვლელი რჩება-არც მათი გამოჩენის და არც მათი „დახმარების“ შედეგად, წესრიგი არ მყარდება. ყურადღება იმასაც უნდა მივაქციოთ, თუ რაოდენ სახიფათოა მათი ვენესუელაში ყოფნა,მოქალაქეების საარსებო გარემოსთვის და არა მარტო.