“ლევან მურუსიძე “ოცნების” სიის პირველი ნომერი შეიძლება გახდეს”

"ლევან მურუსიძე "ოცნების" სიის პირველი ნომერი შეიძლება გახდეს"კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– ბატონო ლევან, ანალიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილმა პროცესები თვითდინებაზე მიუშვა. მას მართლაც მობეზრდა პოლიტიკა და ის ცდილობს, გავიდეს პროცესიდან?
– არა მგონია. ეს ასე რომ ყოფილიყო, მაშინ ის პოლიტიკაში არ დაბრუნდებოდა. თან დაბრუნდა ყველაზე მძიმე დროს. მძიმე დროს ქვეყნისთვის და მძიმე დროს მისი პარტიისთვის. მას მობრუნება მოუწია, რადგან მისი პასუხისმგებლობა ხალხის თვალში იზრდებოდა. გარდა ამისა, არ მგონია, ერთი საკითხის გამო შემობრუნებულიყო. კი თქვა იუნისეფის კვლევაზე, სიღარიბეზე და ა.შ. მაგრამ მხოლოდ ამიტომ არ დაბრუნებულა.
– თქვენ კიდევ რა მიზეზს ხედავთ?
– სწორედ იმას, რომ სადავეები არ გაქცეოდა, რომ ყველაფერი თავიდან ბოლომდე ეკონტროლებინა. ახსენა კიდეც, ცოტა ხანში კვირიკაშვილი ტელეფონზეც კი არ მიპასუხებდაო.
– ერთ-ერთ მიზეზად გუნდის დაშლაც დაასახელა, რაც მისი დაბრუნების შემდეგ უფრო გაძლიერდა. რატომ, ეს იყო მისი ნება თუ ვერ გააკონტროლა?
– გუნდის დაშლის პროცესი გასაგებია, რატომაც გაგრძელდა. “ქართული ოცნება” ხომ არ არის იდეებზე დაყრდნობილი და საერთო იდეისა და მიზნის ირგვლივ შემდგარი ერთობა?! “ქართული ოცნება” ეკლექტური პარტიაა, იქ ადამიანებს ძალიან ცოტა რამ აერთიანებთ. ეს ერთობა ყველაზე ნაკლებად არის პოლიტიკური პარტია, მისი მთავარი მნიშვნელობითა და დატვირთვით. ალბათ ყველასთვის გასაგებია, ამ ადამიანებს დღეს რა აერთიანებთ.
– ჩვენთან სახელისუფლო პარტიები, როდესაც ძალაუფლებას კარგავენ ერთი გამონაკლისის გარდა, ქრებიან. “ქართული ოცნება” მმართველი პარტია რომ არ იქნება, არსებობას გააგრძელებს, როგორც ნაციონალური მოძრაობა თუ გაქრება, როგორც მოქალაქეთა კავშირი?
– ძალიან საინტერესო საკითხია. აქამდე ვერც ერთმა სახელისუფლო პარტიამ ვერ შეინარჩუნა არსებობა, გარდა ნაციონალური მოძრაობისა, რომელმაც კრიზისი ოთხჯერ გადალახა. შეიძლება ვთქვათ, რომ არა ორად, არამედ ოთხად გაიყო.
თუმცა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში თუ როგორი იქნება და საერთოდ იქნება თუ არა “ქართული ოცნება”, დამოკიდებულია იმაზე, თუUსად იქნება ბიძინა ივანიშვილი, როგორი იქნება მისი პოზიცია.
– 2020 წელს რა არის ივანიშვილის მიზანი – არჩევნების საკონსტიტუციო უმრავლესობით მოგება თუ კოალიციური მთავრობის შექმნა?
– ორგანიზაცია 20-30 შექნმნა ივანიშვილმა, რომელსაც ერთი დღეც კი არ უფუნქციონირია, მაგრამ ეს იყო გზავნილი, რომ მას 2030 წლამდე აქვს მისი პოლიტიკური გეგმები გაწერილი. ეს იყო მონახაზი 2030 წლამდე და სხვა არაფერი. ამიტომ მე არ მგონია, რომ ის ასე მარტივად წავიდეს პოლიტიკიდან, მეტიც, მარტივად დათმოს პოზიციები. მისი ამოცანა კოალიციური მთვარობა კი არა საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსვლა იქნება, მაგრამ, როგორც წესი, საქართველოში ორ ვადაზე მეტხანს ამომრჩეველი ვერც ერთ ხელისუფლებას ვერ გუობს.
– ივანიშვილმა როდესაც ეს პოლიტიკური მონახაზი გააკეთა, მაშინ სხვა რეალობა იყო. დღეს სხვა რეალობაა. რამდენად აღიქვამს ის ამ რეალობას?
– ვერ გეტყვით, ძალიან მეეჭვება, რომ აცნობიერებდეს ამ რეალობას და ადეკვატური იყოს ამ რეალობის. ალბათ ინფორმაციები სხვა მისდის, სხვა რეალობას უხატავენ და არწმუნებენ, რომ ყველაფერი კარგად არის და რომ ვითარება არც ისეთი საგანგაშოა.
მას არ უნდა, ამ რეალობას თვალი გაუსწოროს. წინააღმდეგ შემთხვევაში გაუგებარია ლევან მურუსიძისგან გმირის გამოძერწვა, მთელი ეს კამპანია, ბოლოს იქამდე მივიდა საქმე, რომ პოლიტიკოსი და მოსამართლე ტელედებატებშიც კი ვნახეთ.
ამ ყველაფრის შემხედავრეს, არც ის არ გამიკვირდება, რომ ლევან მურუსიძე იყოს “ქართული ოცნების” 2020 წლის სიის პირველი ნომერი.
– ხუმრობთ?
– მე კი ვხუმრობ, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი რამდენად იხუმრებს, ამაზე ვერ გეტყვით.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა