“ოცნებამ” ლევან ვასაძეს ომი გამოუცხადა

"ოცნებამ" ლევან ვასაძეს ომი გამოუცხადამარტში “ახალმა თაობამ” გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილმა ბიზნესმენ ლევან ვასაძეს პოლიტიკაში შემოსასვლელი გზა უკურთხა.
აღნიშნული ინფორმაციას მმართველ პარტიაში დღემდე არც უარყოფენ და არც ადასტურებენ, მაგრამ ბიზნესმენის მიმართ აშკარაა აგრესია აქვთ. ისინი ვასაძეზე ეჭვიანობენ და ეშინიათ, ივანიშვილის კარზე მათი ჩანაცვლება არ მოხდეს.
კომენტარებს არც ვასაძე აკეთებს, მაგრამ აშკარაა, რომ მისი გარემოცვა ამოიქოქა. ბოლო დროს მის წინააღმდეგ დაწყებული ბრძოლიდან კი ცხადი ხდება, რომ ბიზნესმენი რაღაცა სერიოზულს აპირებს.
ამ შემთხვევაში მეოცნებეთა მხრიდან წამოსულ ლანძღვაზეა საუბარი, თორემ ლიბერალები და ნაციონალები ბიზნესმენს გამუდმებით ესხმიან თავს.
ბოლოდროინდელ თავდასხმებს ირაკლი ღარიბაშვილს უკავშირებენ.
ეს ადამიანი პოლიტიკაში ცოტა ხნის წინ დააბრუნეს. მმართველ პარტიაში მის დაბრუნებას სიხარულით არ შეხვედრიან. ბიძინა ივანიშვილთან რამდენიმე მინისტრი მივიდა და უთხრეს, რომ თუ ღარიბაშვილი პარტიაში დაბრუნდებოდა, ისინი თანამდებობებს დატოვებდნენ.
როგორ მიიღო ივანიშვილმა ეს ულტიმატუმი, ცნობილი არაა, სამაგიეროდ, ვხედავთ, რომ ღარიბაშვილიც დაბრუნდა და მინისტრობიდანაც არავინ წასულა.
გიორგი ქობულიას წასვლა არ ითვლება – ეკონომიკის ყოფილი მინისტრი სულ სხვა მიზეზით დაიფრინეს მთავრობიდან.
“ოცნებაში” შემობრუნებულ ღარიბაშვილს მტრულად განწყობილი თანაპარტიელების გარდა, ერთი უსიამოვნო სიურპრიზიც დახვდა ლევან ვასაძის სახით.
მედიამ თუ იცის, ღარიბაშვილსაც ეცოდინება, რომ “ოცნების” მამამ ვასაძეს პოლიტიკის კარი გაუღო. თუ გავითვალისწინებთ, რომ ორივე მათგანი ეროვნულობას და რწმენას აწვება, შეიძლება, ერთმანეთს სერიოზული კონკურენცია გაუწიონ.
ამიტომაც დაიწყო ლევან ვასაძის წინააღმდეგ ბრძოლა და, როგორც “ოცნების” კულუარებში ამბობენ, ამის უკან ღარიბაშვილი დგას.
ამ ჭორებს კი საფუძველი ქართული მარშის ლიდერის, სანდრო ბრეგაძის, განცხადებები გახდა. მან ბოლო დღეებში ბიზნესმენს ღია ომი გამოუცხადა და სამომავლოდ უამრავ სიურპრიზს დაპირდა.
სანდრო ბრეგაძე ირაკლი ღარიბაშვილის მეგობარია. “ოცნებაში” ფიქრობენ, რომ ვასაძეს ომი ბრეგაძემ ღარიბაშვილის დავალებით გამოუცხადა.
ამის გადასამოწმებლად “ახალი თაობა” სანდრო ბრეგაძეს დაუკავშირდა. კითხვაზე ებრძვის თუ არა ის ბიზნესმენს თავისი მეგობრის დავალებით, ასე გვიპასუხა:
– ირაკლი ღარიბაშვილი ჩემი მეგობარია და ეს არასდროს დამიმალავს. ლევან ვასაძესაც ვიცნობ, ერთი თაობა ვართ, ერთ სკოლაში ვსწავლობდით. ასე თუ დადგება არჩევანი, რომ ან ერთი უნდა ავირჩიო, ან მეორე, რა თქმა უნდა, ჩემს მეგობარს ავირჩევ.
მე ირაკლის ძალიან დიდ პატივს ვცემ. ის ძალიან კარგი ოჯახის შვილია, მაგრამ ჩვენ შორის დღეს სერიოზული პოლიტიკური აზრთა სხვადასხვაობებია. საჭიროების შემთხვევაში მზად ვარ, მის გვერდით დავდგე, მაგრამ ვასაძესთან ჩემს დაპირისპირებას მასთან არანაირი კავშირი არა აქვს.
ბრეგაძის თქმით, ვასაძეს “ოცნებაში” ძალიან დიდი მფარველები ჰყავს.
– ლევან ვასაძე ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილ უჩა მამაცაშვილთან ერთად საპარტნიორო ფონდთან დამფუძნებელია და, შესაბამისად, ახლოს იქნება “ოცნების” ლიდერთან, რაც მე ნაკლებად მაინტერესებს. ისევე, როგორც მისი რაინდობა. თუნდა ჰერცოგი და გრაფი იყოს, მასზე აუცილებლად ვიტყვი იმას, რაც სიმართლეა, – გვითხრა მარშის ლიდერმა.
“ახალი თაობა” შეეცადა გაერკვია, თუ რა გახდა მათ შორის დაპირისპირებების მიზეზი. ბრეგაძე გვიმტკიცებს, რომ დამნაშავე ვასაძის მიერ გაკეთებული განცხადებებია. როგორც ძველი, ასევე ახალი.
– ლევან ვასაძემ ეროვნული მოძრაობის მიმართ უკადრებელი იკადრა. მან ეროვნულებს ფაშისტური ტიპის ორგანიზაციის წევრები უწოდა. ამბობს, მათ დამოუკიდებლობა რომ არ მოეთხოვათ, საქართველო დღეს ბელორუსის ტიპის ქვეყანა იქნებოდა.
მისი აზრით, მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია ფაშისტები არიან. იმ ადამიანისგან, რომელიც შევარდნაძის ფონდის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო, თენგიზ კოტოვანთან და ჯაბა იოსელიანთან მეგობრობდა, ასეთი რამე არც უნდა გამკვირვებოდა, – ამბობს ჩვენთან საუბარში ბრეგაძე.
ეს განცხადებები ვასაძეს ადრეც აქვს გაკეთებული, მაგრამ ადრე ბრეგაძემ გაატარა. თავად ამბობს ასე. “ახალ თაობასთან” საუბარში იმასაც აღნიშნავს, რომ ბიზნესმენს ხელიც კი გაუწოდა.
– მე მას მეგობრობის ხელი გავუწოდე, მაგრამ საპასუხოდ უცნაური განცხადებები გააკეთა. ისევ თქვა, რომ საქართველოში არსებობენ ფაშისტური ძალები.
ამ ადამიანს ერთ რამეს ვურჩევ, წარსულთან ცოტა ფრთხილად მოიქცეს. მისგან განსხვავებით, მე სუფთა წარსული მაქვს. ვიყავი გამსახურდიას და კოსტავას თანამებრძოლი, მათი უმცროსი მეგობარი. ამ დროს ვასაძე შევარდნაძის თანამებრძოლი იყო.
გარკვეული მიზეზების გამო წარსულის გახსენება არ დავიწყე, მაგრამ აშკარაა, რომ ეს ადამიანი რაღაცას ეძებს. თუ უნდა, რომ მისი წარსული და აწმყო გაიხსენონ, არაა პრობლემა – აგერ ვარ და გავიხსენებ. გარწმუნებთ, წარსულის გახსენებით ის მოგებული არ დარჩება, – აღნიშნავს ქართული მარშის ლიდერი.
ამ ეტაპზე ის წარსულის გახსენებისგან ისევ თავს იკავებს. მიიჩნევს, რომ სანამ საქართველოში გეი-აღლუმის ჩატარების საფრთხე არსებობს, რაღაცების გახსენების დრო არ არის.
– ამ აღლუმამდე თავს შევიკავებ, მერე ყველაფერს მოვყვები. მოსაყოლი ბევრია. მილიონერი კარგი კაცი ჯერ არ მინახია. იმ მილიონერებზე მაქვს საუბარი, რომლებსაც ფული შევარდნაძემ ხალხის ძარცვის ხარჯზე აშოვნინა, – აცხადებს ბრეგაძე.
მისი თქმით, ბიზნესმენი შორენა თეთრუაშვილთან და მამა ანდრია ჯაღმაიძესთან თანამშრომლობს. ამტკიცებს, რომ საპატრიარქოს ისინი თავის ჭკუაზე ატრიალებენ.
– შორენა თეთრუაშვილი საპატრიარქოს თავის ჭკუაზე ატრიალებს. ამაში მას ორი განშტოება ეხმარება. მხედველობაში ვასაძის და ჯაღმაიძის განშტოებები მაქვს. მათ მსგავსად, შორენას დაჯგუფება ვერასდროს გავხდები, – აღნიშნავს ქართული მარშის ლიდერი.

შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა