– შექმნილი ვითარებიდან საუკეთესო გამოსავალი ვადამდელი არჩევნებია, – ასეთ დასკვნამდე მივიდნენ “ოცნების” მამები რამდენიმე დღის წინ, ვნების კვირაში (24 აპრილს) გამართულ საიდუმლო სერობაზე. რომელსაც ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა.
მმართველი პარტიის ნაწილი კარგა ხანია ივანიშვილს უმტკიცებს, რომ გამოსავალი ვადამდელ არჩევნებშია. აქამდე მთავარი მეოცნებე ყოყმანობდა. “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებული წყარო “ახალ თაობასთან” საუბარში ამბობს, რომ ახლა პარტიის ლიდერი დათანხმდა. ახლა იმაზე მუშაობენ, თუ როგორ უნდა მოიგონ ვადამდელი არჩევნები, რომელსაც ოპოზიცია ითხოვს და რომლისთვისაც “ოცნების” გარდა არცერთი პარტია მზად არ არის.
სწორედ ეს იყო ის მთავარი არგუმენტი, რითაც მთავარი მეოცნებე დაიყოლიეს. მეორე არგუმენტი მაჟორიტარების შენარჩუნება გახლავთ.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, გადამწყვეტი როლი აქ ამერიკელების დამოკიდებულებამ ითამაშა. ამერიკელებთან სიტუაციის გასარკვევად ივანიშვილმა შს მინისტრი გაუშვა. დღეს “ოცნების” ლიდერი მხოლოდ გიორგი გახარიას ენდობა. რა ამბავი ჩამოიტანა მინისტრმა ოკეანესგაღმიდან, ეს არ ხმაურდება.
იმ დროს, როცა გახარია ამერიკელებთან არკვევდა ურთიერთობებს, მთავარმა მეოცნებემ თავის სასახლეში რამდენიმე პიროვნებას უმასპინძლა. მათთან საუბარში დაიჩივლა, რომ ამერიკელებისგან რამდენიმე მიმართულებით განიცდიდა სერიოზულ ზეწოლას.
მთავარ მეოცნებეს ისიც დაუჩივლია, ერთი მხრიდან ამერიკელები მაწვებიან, მეორე მხრიდან რუსებიო.
რუსები რაზე აწვებიან, ეს ვერ გავარკვიეთ. ამერიკელების უკმაყოფილებას კი ის ფაქტი იწვევს, რომ აშშ-ს დღემდე არ ჰყავს საქართველოში სრულუფლებიანი ელჩი.
“ოცნების” ხელისუფლება აშშ-ს მიერ წარმოდგენილი კანდიდატურის ელჩად დანიშვნას არ თანხმდება. საუბარია ბრიჯიტ ბრინკზე. ეს ქალი მიხეილ სააკაშვილის მეგობარია და გასაგებია, რატომაც არ უნდა “ოცნებას” მისი ელჩობა.
ივანიშვილი ვიწრო წრეში ამბობს, რომ ბრინკის ელჩად დანიშვნას ყველანაირად შეეწინააღმდეგება. ვნახოთ, რამდენ ხანს გასტანს ეს წინააღმდეგობა.
რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებს, ამ მიმართულებით პარტიის მამამ უკვე გასცა განკარგულებები. საარჩევნო სიას გიორგი გახარია შეადგენს.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, წინა კვირაში გამართულ პარტიულ სერობაზე შს მინისტრს დაევალა, “ოცნებისთვის” მოძებნოს პატივსაცემი ხალხი. ადამიანები, რომლებიც საზოგადოებაში პატივისცემით სარგებლობენ, შეიძლება სხვა პარტიებიდანაც იქნან გადმობირებული. “ოცნების” ლიდერი ამაზე თანახმაა. ახლა ყველაფერი გახარიას მარიფათზეა დამოკიდებული.
საინტერესოა, რის მიხედვით შეარჩევს მინისტრი კადრებს საარჩევნო სიისთვის. ამ ადამიანს ყავა უყვარს ძალიან და შესაძლოა იმის მიხედვით შეარჩიოს ხალხი, ვინ რამდენ ლიტრ ყავას სვამს. ამ მხრივ იდეალური კანდიდატურაა კობა ხაბაზი. ერთ-ერთ ინტერვიუში მან თქვა, დღეში 25 ჭიქა ყავას ვსვამო.
საარჩევნო სიის შედგენაში აქტიურ მონაწილეობას მიიღებს კახა კალაძეც. მას თავისი გუნდი უკვე ჰყავს და მათ ჩაწერს სიაში.
ირაკლი ღარიბაშვილს ცოტა გაუჭირდება თავისი ამბიციების დაკმაყოფილება. მას მმართველ გუნდში ბევრი მტერი ყავს და ისინი მის მიმართ უკმაყოფილებას არც მალავენ.
სიაში საკუთარი ხალხის შეყვანაზე პრეტენზიები ჯერ კიდევ არჩევამდე ჰქონდა სალომე ზურაბიშვილს. მას ივანიშვილი სიაში ერთი საპარლამენტო ფრაქციისთვის საჭირო ხალხის ჩასმას დაპირდა. ფრაქციის შესაქმნელად 6 კაცია საჭირო.
ახლა მათ შორის ურთიერთობა უკიდურესად არის დაძაბული. თუ შერიგება ორივე მხარისთვის აუცილებელი არ გახდა, შესაძლოან ზურაბიშვილი რომელიმე ოპოზიციურ გუნდს შეუამხანაგდეს, ან სულაც წინამორბედ მარგველაშვილთან შექმნას ალიანსი. სწორედ მარგველაშვილთან მეგობრობის გადაიმტერა მან მთავარი მეოცნებე.
ვადამდელი არჩევნებისთვის შეიძლება მთავარ მეოცნებეს ძალიან დასჭირდეს პრეზიდენტის მხარდაჭერა, ასეთ შემთხვევაში ალბათ მიუტევებს შეცოდებებს, თუმცა ვინ იცის – იქ, სადაც ივანიშვილია, მრავალი უცნაურობა შეიძლება მოხდეს.
“ოცნებასთან” დაახლოებული კიდევ ერთი წყარო ადასტურებს, რომ ვადამდელი არჩევნების საკითხი თითქმის გადაწყვეტილია. ამასთან ამბობს, რომ მმართველ პარტიაში არის ხალხი, ვისაც არ უნდა, ერთი წლით ადრე დაემშვიდობოს ძალაუფლებას.
ამიტომ ისინი ყველანაირად ცდილობენ მთავარი მეოცნების გადარწმუნებას.
შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა