პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– ბატონო ვახტანგ, კახა კალაძემ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით პრესას მოუწოდა, მის ასოცირებას პარტიასთან ნუ მოახდენთო. შეიძლება “ქართული ოცნება” პრეზიდენტ ზურაბიშვილს ემიჯნება?
– საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ კახა კალაძემ განცხადება გააკეთა, რომ არ იყო სათანადო კანდიდატი შერჩეული. ამ დღეებში გაკეთებული განცხადება ამის გაგრძელებაა. დიახ, “ქართული ოცნება” ცდილობს სალომე ზურაბიშვილისგან დისტანცირებას.
– რამდენად გამოუვა?
– ეს სხვა საკითხია. პირველი ტურის შემდეგ მთელი “ქართული ოცნება” იყო ჩართული, რომ სალომე ზურაბიშვილს მოეგო არჩევნები. არჩევნებში პირადად ბიძინა ივანიშვილი იყო ჩართული, ამიტომ დღეს ასე მისგან დისტანცირება ცოტა რთული საქმეა.
სალომე ზურაბიშვილი “ქართული ოცნებისთვის” პრობლემა რომ იქნებოდა, ეს ჯერ კიდევ საარჩევნო კამპანიის დროს გამოჩნდა. ზურაბიშვილის რამდენიმე განცხადებამ “ქართულ ოცნებაში” სერიოზული დაძაბულობა გამოიწვია.
სალომე ზურაბიშვილი იქნება დამოუკიდებელი, მაგრამ ის იქნება დამოუკიდებელი იმ დონეზე, რასაც განცხადებების გაკეთება ჰქვია. ამა თუ იმ განცხადებას მმართველ პარტიას ნამდვილად არ შეუთანხმებს და ეს უკვე ჩანს.
– არც ივანიშვილს?
– არა, არც ივანიშვილს.
– როდესაც სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი გახდა, თქვენ ინტერვიუში მითხარით, თუ ჩუმად იქნება, ნაკლებ პრობლემებს შეუქმნის საკუთარ თავსაც და ქვეყანასაც.
– როგორც ჩანს, ჩუმად ყოფნას მაინცდამაინც არ აპირებს. ამიტომ ჯობია, მოზომილი იყოს თავის განცხადებებში. თუმცა, რომ გითხრათ, “ამერიკის ხმისთვის” მიცემულ ინტერვიუში კატასტროფა განცხადება გააკეთა, ასე არ ვფიქრობ. აქცენტები იყო არასწორად დასმული ბევრგან, მათ შორის ამერიკის ბაზებთან დაკავშირებით. ჯობდა, ამ საკითხს საერთოდ არ შეხებოდა ან დიპლომატიურობა გამოეჩინა.
პოლიტიკა ხომ 90 პროცენტი კულუარებში კეთდება, მხოლოდ 10 პროცენტი გამოდის გარეთ სააშკარაოზე. ამიტომ, თუ ეს საკითხი საერთოდ ნამსჯელი არ არის მხარეებს შორის, თუ არ იყო შეთანხმება მიღწეული, მაშინ ესოდენ მნიშვნელოვანი საკითხის ასე გახმოვანება არ იყო მისაღები.
თუ ამერიკასთან გავლილია ეს ყველაფერი და შეთანხმება მიღწეულია, მაშინ გასაგებია, მას აქვს ასეთი პოზიცია და ამაზე ღიად ისაუბრა, მაგრამ თუ მსგავსი არაფერი არ ყოფილა, მაშინ რა საჭირო იყო ამ განცხადების გაკეთება?! უსაფუძვლო აჟიოტაჟი გამოიწვია თბილისში, ვაშინგტონში, ევროპაში და რაც მთავარია მოსკოვში.
რაც შეეხება დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის ირგვლივ მოვლენებს, ეს პრობლემა წლებია, ჩვენსა და აზერბაიჯანს შორის არის და ეს სალომე ზურაბიშვილის იქ ჩასვლით ნამდვილად არ დაწყებულა. თქვა, პრობლემა უნდა მოგვარდესო, პარტნიორობა გულისხმობს ორმხრივ ურთიერთობას და თანამშრომლობას და არა ცალმხრივს. დიახ, და ახლა უნდა დაველოდოთ, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს.
ნათია ხურცილავა, ახალი თაობა