19 მაისს საქართველო დიდი სანახაობის მომსწრე გახდება. ამ დღეს რამდენიმე მუნიციპალიტეტში მერის ვადამდელი არჩევნები ტარდება. მთელი ყურადღება კი ზუგდიდისკენ არის მიმართული. პოზიციაც და ოპოზიციაც აღიარებს, რომ საარჩევნო კლასიკა სამეგრელოს გულში შედგება.
ეს არჩევნები მოქმედი და ყოფილი ხელისუფლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ამ არჩევნებში მიხეილ სააკაშვილის მეუღლე, სანდრა რულოვსი იყრის კენჭს.
მისი გამარჯვების შემთხვევაში ნაციონალები სერიოზულ ნაბიჯს გადადგამენ წინ. “ოცნებისთვის” კი ეს დიდი ტრაგედია იქნება. ამიტომაც ორივე ძალა გააფთრებული ემზადება არჩევნებისთვის.
მას შემდეგ, რაც სანდრა რულოვსმა საარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო, გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები სულ სამეგრელოში არიან.
ზუგდიდში სიარულს ხელისუფლების წარმომადგენლებმაც მოუხშირეს. აქაურობას თვით ივანიშვილიც კი ესტუმრა და ხალხის გულის მოსაგებად ტალახიან გზაზეც კი გაიარა ფეხით.
“ოცნებას” ამ არჩევნებს სწორედ ის უფინანსებს. ყველაზე მეტად ის არის დაინტერესებული, რომ სანდრა რულოვსმა არჩევნები წააგოს.
მმართველ პარტიასთან დაახლოებული წყარო “ახალ თაობას” უყვება, რომ მთავარი მეოცნებე ამ არჩევნებისთვის 40 მილიონამდე ლარის დახარჯვას აპირებს.
– ყველამ იცის “ოცნებაში”, რომ ივანიშვილი არაფერზე უკან არ დაიხევს, ოღონდ ეს არჩევნები მოიგოს. მას ათეულობით მილიონი ლარი აქვს გამოყოფილი. ამ არჩევნებზე სადღაც 38-დან 40 მილიონამდე დაიხარჯება, – ამბობს ჩვენი წყარო.
მისი თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები უკან არაფერზე არ დაიხევენ, ეს არჩევნები რომ მოიგონ.
ჩვენივე წყაროს ინფორმაციით, მმართველი პარტია ძალიან შეწუხებულია შიდა კვლევების შედეგებით.
ამ კვლევებმა აჩვენა, რომ ქალაქ ზუგდიდში მცირე უპირატესობას გეგა შენგელია ფლობს, სამაგიეროდ, სოფლებში სერიოზულად ლიდერობს სანდრა რულოვსი.
საკმაოდ კარგი მაჩვენებელი აქვს ზვიად, იგივე დომენტი სიჭინავასაც. ერთი პერიოდი “ოცნება” ზუგდიდის მერის პოსტზე მისი კანდიდატურის წამოყენებასაც კი აპირებდა.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ხელისუფლების წარმომადგენლები მასთან სერიოზულ მოლაპარაკებებს აწარმოებენ. არ არის გამორიცხული, სიჭინავამ საკუთარი კანდიდატურა გეგა შენგელიას სასარგებლოდ მოხსნას.
ზუგდიდის მერობისთვის სულ 16 კანდიდატი იბრძვის.
ესენი არიან: პაატა პირტახია (თავისუფლება,ზვიად გამსახურდიას გზა), დავით გაბეჩავა (ახალი ქრისტიან დემოკრატები), მალხაზ ლეჟავა (საქართველო ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა), გოგიტა ბიგვავა (ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა), შავლეგ თოდუა (დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი-საქართველოს პატრიოტთა ალიანსი), სანდრა რულოვსი (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა), გიორგი ჩიაშვილი (ეროვნულ დემოკრატიული პარტია), ალექსი ნონიაძე (პოლიტიკური პლატფორმა “ახალი საქართველო”), თენგიზ ჯგუშია (საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი), დავით თორდია (საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი), დომენტი სიჭინავა (საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი), მამუკა გერმანიშვილი (მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის), ნანი ხუციძე (ქრისტიან-კონსერვატორები), ლიკა ბუკია (მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის), სოფიო კანდელაკი (თავისუფალი საქართველო) და გიორგი შენგელია (ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო).
შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა

