რატომ იჩხუბეს გახარიამ და კალაძემ

რატომ იჩხუბეს გახარიამ და კალაძემშუალედური არჩევნები, როგორც იქნა, გადავაგორეთ. ნაციონალების დაანონსებული რევოლუცია ალბათ არ იქნება, სამაგიეროდ, ხელისუფლებაშიც და ოპოზიციაშიც დიდი ამბები დაიწყება.
“ოცნებაში” უკვე დაწყებულია და სადაცაა, ფინალში გავლენ. ოლიგარქის კარზე პირველ კაცობისთვის ბრძოლაში გიორგი გახარია სერიოზულად დაწინაურდა. კახა კალაძეს და მამუკა ბახტაძეს კი ივანიშვილთან სერიოზული პრობლემები შეექმნათ.
შუალედური არჩევნების წინ მთავარ მეოცნებესთან არაერთი თათბირი გაიმართა, სადაც პარტიის ლიდერებმა რეგიონები გადაინაწილეს.
შს მინისტრმა თავად მოისურვა სამეგრელოზე პასუხისმგებლობის აღება. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურშიც მას ჩააბარეს ეს რეგიონი. მაშინ მინისტრი ბევრ სკანდალში გაეხვია.
სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გახარიას მარტო ია კერზაიას საქმე ეყოფა გასაშავებლად.
გახარიას ზუგდიდის მერის პოსტზე საკუთარი კანდიდატურაც ჰყავდა. ის ირაკლი ჩიქოვანი იყო. ამის შესახებ “ახალი თაობა” უკვე წერდა. მმართველმა პარტიამ ჩიქოვანის მერობის კანდიდატად დასახელების საკითხი დაბლოკა.
ამის შემდეგ გადაწყდა გეგა შენგელიას კანდიდატურის დასახელება და რაკი “ოცნების” ლიდერებმა ეს ბრძოლა მოიგეს, გადაწყვიტეს, გახარია სამეგრელოდან “მოეტეხათ”.
ჩვენს მკითხველს ალბათ ემახსოვრება, თუ რა ვითარებაში წარუდგინეს გეგა შენგელიას კანდიდატურა ზუგდიდელებს, კალაძე თავს იმით იწონებდა, დედის მხრიდან ვარ მეგრელიო, ხოლო მამუკა ბახტაძე ქალებთან სელფებს იღებდა.
ამ წარდგენას არ დასწრებია გიორგი გახარია. ამან მაშინვე გააჩინა ეჭვები. ითქვა, რომ მას პარტიის ლიდერების რაღაც ჯგუფთან უთანხმოება მოუვიდა.
უთანხმოებას ნამდვილად ჰქონდა ადგილი, მაგრამ გახარია სხვა მიზეზით არ იყო წარდგენაზე. ის იმ დროს აშშ-ში გაემგზავრა. აღსანიშნავია, რომ მისი ამერიკული ვოიაჟის შესახებ დღემდე არაფერია ცნობილი. არადა შს მინისტრმა იქ ლამის 10 დღე გაატარა და საეჭვოა, ეს დრო თავისუფლების ქანდაკების დეტალურ შესწავლაში გაეტარებინა.
რაც შეეხება მერობის კანდიდატის წარდგენას, როგორც ამბობენ, “ოცნების” ლიდერებმა ეს სპეციალურად დაამთხვიეს იმ დროს, როცა მთავარი პოლიციელი ქვეყნიდან გაფრინდა.
ზუგდიდის მერის არჩევნებთან დაკავშირებით მას “ოცნების” დახურულ სხდომაზე სერიოზული კამათი მოუვიდა კალაძესთან. ამ შეხვედრას ივანიშვილიც ესწრებოდა და, როგორც “ოცნებასთან” დაახლოებული წყარო გვიყვება, ოლიგარქი ღიმილით შეჰყურებდა დაპირისპირებულ მხარეებს.
თბილისის მერი ამბობდა, რომ გახარიას ზუგდიდის მერის არჩევნებზე პასუხისმგებლობა არ უნდა აეღო.
შს მინისტრი ამაზე გაცხარებულა და განუცხადებია, მე სამეგრელოს მივხედავ, კალაძემ კი თბილისს მოუაროსო. იქვე პირობა დაუდია, რომ არჩევნებს პირველივე ტურში მოიგებდა.
ამის შემდეგ კალაძემაც დადო პირობა რომ თბილისს მიხედავდა და მთაწმინდის ოლქში არჩევნებს პირველივე ტურში მოიგებდა. ამ ბრძოლაში მას მხარდაჭერა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემაც გამოუცხადა.
არჩევნების შემდეგ გამარჯვებული გახარია გამოვიდა, კალაძე და ბახტაძე გაღიმებული დარჩნენ – მთაწმინდაზე გამარჯვებულის გამოსავლენად მეორე ტური უნდა გაიმართოს.
ისე, ბოროტი ხმები ამბობენ, რომ ივანიშვილმა მთაწმინდის ოლქი “ევროპულ საქართველოს” აჩუქა.
კიდევ უფრო ბოროტები კალაძისა და ბოკერიას გუნდის ფარულ გარიგებაზე საუბრობენ. ალბათ ყველას ახსოვს რამდენიმე წლის წინ კალაძის გაკეთებული განცხადება. მან თქვა, რომ ნაციონალები დესტრუქციული ძალაა, ხოლო “ევროპული საქართველოსთან” თანამშრომლობა შეიძლება.
იმასაც ამბობენ, რომ “ოცნებას” მთაწმინდაზე სულ სხვა კანდიდატურის დასახელება სურდა, მაგრამ კალაძე ლადო კახაძეზე გადაფსიხდა. არის მოსაზრება, რომ სპეციალურად შეარჩია ეს კანდიდატურა, რათა შალვა შავგულიძეს გამარჯვება არ გასჭირვებოდა.

შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა