ბოლო დღეებია, სალომე ზურაბიშვილი საკუთარი განცხადებების და ქმედებების გადამკიდე არაერთ სკანდალში გაეხვა. რა შეცდომებს უშვებს ზურაბიშვილი და რას მოითხოვს მისგან ოპოზიცია? “ახალი თაობის” ამ და სხვა კითხვებს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე რომან გოცირიძე პასუხობს.
– ბატონო რომან, ოპოზიცია მკვეთრად უტევს საქართველოს პრეზიდენტს, როგორია თქვენი შეფასებები მის ქმედებებთან და განცხადებებთან დაკავშირებით?
– ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი უკვე გახდა ქვეყნისთვის მოსიარულე საფრთხე. სად არ წავა, უკვე ყველგან გულის ფანცქალით ველოდებით, რაიმე არ მოიმოქმედოს, ან ისეთი განცხადება არ გააკეთოს, რომელიც იქნება ქვეყნის ინტერესებისათვის საზიანო. ახლა ჩადის პოლონეთში და არა ვარ დარწმუნებული იმაში, რომ კვლავ რაიმე გაუგებრობას არ ექნება ადგილი.
– რა გაუგებრობებს გულისხმობთ?
– აგერ ცოტა დაგვიანებით, მაგრამ მაინც გამოჩნდა ლიტვაში მისი ვიზიტისას გაკეთებული განცხადებები ამერიკის ხმაზე, რომ საქართველოში არ არის საჭირო ამერიკის სამხედრო ბაზა, რადგან ეს ეწყინებათ რუსებს და ტერორისტებს. ეს არის გამეორება რუსული პროპაგანდისა, რომელიც არაერთხელ მოგვისმენია, მათ შორის რუსეთის ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების მიერ. სწორედ მათი მხრიდან ხდებოდა შანტაჟი და მუქარა საქართველოს ხელისუფლების მიმართ. გვახსოვს როგორ ისტერიკაში ჩავარდნენ რუსები, როდესაც საქართველოში პირველად გამოჩნდა ამერიკელი ჯარისკაცი და როცა პირველი გემი შემოვიდა.
ახლა გადის დრო და ნატოს ეგიდით საქართველოს ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი წვრთნები მიმდინარეობს და რუსეთმა მშვენივრად გადაყლაპა ეს.
– თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე აშშ-ს სამხედრო ბაზის აშენების საკითხი დღის წესრიგში არც დგას.
– თუ საქართველომ არ დააყენა დღის წესრიგში მსგავსი საკითხი, რა თქმა უნდა, არც დადგება, მაგრამ პრეზიდენტი გადაჭრით ამბობს, რომ ეს არ არის კარგი ქვეყნისთვის, რადგან ეს არ უნდა რუსეთს.
ეს განცხადება არის არაკონსტიტუციური, ვინაიდან საქართველოს პრეზიდენტს არა აქვს უფლება, დამოუკიდებლად განსაზღვროს ქვეყნის საგარეო პოლიტიკა და ისაუბროს მის მნიშვნელოვან საკითხებზე. ნატოს წევრობა კი კონსტიტუციით არის დაფიქსირებული და დამტკიცებული. ამიტომ მსგავსი საკითხები შეთანხმებული უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან. უფრო მეტიც, საქართველოს პრეზიდენტს არა აქვს უფლება, გამოსცეს ნორმატიული აქტი, თუ ეს ასევე არ იქნება შეთანხმებული საქართველოს პრემიერ-მინისტრთან.
– სალომე ზურაბიშვილი არავის უთანხმებს საკუთარ განცხადებებს.
– დიახ, გამოდის, რომ ზურაბიშვილი აკეთებს ისეთ განცხადებებს, ან ისეთ საკითხებზე საუბრობს, რომლებიც შესაძლებელია, რომ განსხვავებული იყოს საქართველოს მთავრობის პოზიციისაგან.
– მთავრობის პოზიცია ჯერ უცნობია?
– უცნობია და ამიტომ საქართველოს მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და განმარტოს ის განცხადება, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა, არის თუ არა მთავრობის პოზიცია და რა დამოკიდებულება აქვს საქართველოს მთავრობას მომავალში ამერიკის სამხედრო ბაზის შექმნასთან დაკავშირებით.
ეს არ ნიშნავს იმა, რომ ეს დღეს და ხვალ მოხდება, ეს ძალიან რთული პროცესია და დამოკიდებულია არა მხოლოდ ქართული მხარის, არამედ ამერიკის სურვილზეც. აგერ პოლონეთი, რომელიც არის შუაგულ ევროპაში, ითხოვს ამერიკის სამხედრო ბაზის შექმნას და საკმაოდ დიდფინანსურ წვლილს გაიღებს ამ მიზნის განვითარებაში. პოლონეთიც კი არის დაინტერესებული, რომ საკუთარი უსაფრთხოება ამ ფორმით უზრუნველყოს. ამ დროს საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც პოლონეთში ჩადის ვიზიტად, ალბათ პოლონელებს დაარიგებს ჭკუას, რომ არ შეიძლება ამერიკული ბაზების შექმნა და რუსეთის გაღიზიანება.
– უკვე ღიად ალაპარაკდნენ ზურაბიშვილის იმპიჩმენტზე, დადგება ეს საკითხი დღის წესრიგში?
– თუ ასე გააგრძელა, მოუწევს. მხოლოდ ოთხი თვეა, რაც პრეზიდენტია და რამდენ შარში გაეხვა. ორი დღის წინ ტრამპის წერილის გადატანის გამო გაეხვა სკანდალში, რომელსაც ტექნიკურ პრობლემად ასაღებენ. მანამდე ცდილობდნენ რიგითი თანამშრომლისთვის გადაებრალებინათ და სხვა დაესაჯათ. იმდენად უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ, რომ ბოლოს დააბრალეს ხაკერებს. თითქოს გარედან ჩაუდეს ეს ტექსტი და გამოძიება დაიწყო, ხომ არ იყო ეს ხაკერული შეტევა.
რაც უნდა გამოიგონონ და შეეცადონ, სხვას გადააბრალონ, ფაქტია, რომ პრეზიდენტი ყველგან ყველაფერს აფუჭებს. ასევე ძალიან გაურკვეველია, რა მოხდა თავით გარეჯთან დაკავშირებით.
– ესეც სალომე ზურაბიშვილის სახელს უკავშირდება?
– გაურკვეველია, რა მოხდა. 2012 წლის შემდეგ არანაირი ინციდენტი არ ყოფილა და ორი მესაზღვრე იდგა საზღვართან. ასეთი იყო შეთანხმება, რომ იქ პრობლემა არ უნდა გამწვავებულიყო. ვერ გეტყვით, ეს პირდაპირ კავშირშია სალომე ზურაბიშვილის ვიზიტთან აზერბაიჯანში, ან მერე დემონსტრაციულად ჩასვლა დავით გარეჯში, ყველას აქვს იქ ჩასვლის უფლება, მაგრამ ასეთი დემონსტრაციული ფორმით, რომ აი მე მოვედი და ეხლა აქ გავავლოთ საზღვარი, დიდი შეცდომაა.
ნონა ცაბაძე, ახალი თაობა