სანდრო ბრეგაძე – “ოცნება” გასაქცევად ემზადება”

სანდრო ბრეგაძე - "ოცნება" გასაქცევად ემზადება"რატომ უნდა ამოუკერონ პირი სალომე ზურაბიშვილს, რა ინტრიგებს ხლართავს საპატრიარქოში შორენა თეთრუაშვილი, რა ხდება “ოცნების” კულუარებში და რისთვის ემზადება ხელისუფლება? – ამის შესახებ “ახალ თაობას” ქართული მარშის ლიდერი სანდრო ბრეგაძე ესაუბრება.
– როდესაც “ოცნებაში” ირაკლი ღარიბაშვილი დაბრუნდა, თქვენ თქვით, რომ ის ვერაფრის გაკეთებას ვერ შეძლებდა. გამართლდა თქვენი პროგნოზი თუ შეძლო ამ ადამიანმა რამის შეცვლა?
– სამწუხაროდ, ჩემი პროგნოზი გამართლდა. “ქართულ ოცნებაში” დღეს ისეთი სიტუაციაა, რომ მათ ირაკლი ღარიბაშვილი კი არა, დავით აღმაშენებელიც ვერ უშველით. ეს პარტია უკვე დამთავრებულია და ამის ოფიციალურად გაფორმება მხოლოდ დროის ამბავია.
დღეისთვის “ქართული ოცნება” არის ჩვეულებრივი ჭაობი, სადაც გომბეშოებმა და წურბელებმა დაიდეს ბინა. ეს წურბელები ივანიშვილს წოვენ სისხლს ანუ ფინანსებს.
ეს ადამიანები ახლა პირდაპირ საშოვარზე არიან გადასული, მათ გასაქცევად აქვთ საქმე და ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი იშოვონ, რათა როცა ხელისუფლებიდან წავლენ, უზრუნველად გააგრძელონ ცხოვრება საზღვარგარეთ.
– თქვენ ადრეც გითქვამთ, “ოცნებას” მძიმედ აქვს საქმეო, მაგრამ გაქცევა არასდროს გიხსენებიათ. მართლა ასე მძიმე სიტუაციაშია მმართველი გუნდი?
– “ოცნების” დიდი ნაწილი გასაქცევად ემზადება. მათ ნებისმიერ დროს შეიძლება დატოვონ ქვეყანა.
– რა კატეგორიის მეოცნებეები აპირებენ ქვეყნიდან გაქცევას?
– პირველ რიგში ისინი გაიქცევიან, ვინც ხელისუფლებაში ცალ-ცალი კალოშით მოვიდა. ჩვენ ვიცით ბევრი დეპუტატი და მინისტრი, რომლებმაც სწორედ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დააგროვეს მილიონები. ისინი, რა თქმა უნდა, გაიქცევიან.
წესიერი ადამიანები ამ ხელისუფლებაშიც არიან, მათ არც მილიონები უშოვიათ და არც ხალხი გაუძარცვიათ. ასეთ ხალხს გაქცევა არ მოუწევს.
კორუფცია “ოცნების” ხელისუფლებას ყოველთვის თან სდევდა, მაგრამ ახლა კორუფციის განსაკუთრებულ მწვავე სტადიასთან გვაქვს საქმე. როცა ამა თუ იმ პოლიტიკურ გუნდს აქვს იმის იმედი, რომ ხელისუფლებაში დარჩება, ის ფრთხილობს და რაღაცებისგან თავს იკავებს.
როდესაც პარტიამ იცის, რომ მისი დღეები დათვლილია და წასვლა გარდაუვალია, მის წევრებს ყველანაირი სიფრთხილე დაკარგული აქვთ და პირდაპირ ქონების მოხვეჭაზე არიან გადასულები.
“ოცნების” კორუმპირებულ ჩინოსნებს იმის იმედიც აქვთ, რომ მათ ყველაფერი შერჩებათ. ისევე, როგორც შევარდნაძის და სააკაშვილის ჩინოსნებს შერჩათ.
მაგალითისთვის ავიღოთ ვანო ჩხარტიშვილი. მასზე კორუმპირებული ადამიანი შევარდნაძის მთავრობაშიც კი ძნელად მოიძებნებოდა. იმის ნაცვლად, რომ პასუხისგებაში მიეცათ, ეს კაცი ყველას მოერგო და დღემდე თავზე აზის საქართველოს.
ხალხისთვის და ქვეყნისთვის მოპარული მილიონები სხვებსაც კარგად შერჩათ. დღეს ამ მძარცველებს ბიზნესმენები ჰქვია.
– თუ იმის იმედი აქვთ, რომ შერჩებათ, გასაქცევად რატომ ემზადებიან?
– მათ ხომ არ იციან, ვინ მოვა ხელისუფლებაში. შეიძლება ისეთი ძალა მოვიდეს, რომელიც ამათ მიტაცებულ ქონებას წაართმევს. ამიტომ წავლენ საზღვარგარეთ, იქ დააბინავებენ ქონებას და მერე დაბრუნდებიან.
შეიძლება არც დაბრუნდნენ, არაა ეს ის ხალხი, ვისაც ქართული მიწა მოენატრება. მათთვის სულერთია, სად იცხოვრებენ.
ნორმალური გამოძიება რომ ჩატარდეს, ვნახავდით, თუ რამდენი მილიონია გადარიცხული საქართველოს მთავრობის წევრების მიერ საზღვარგარეთის ბანკებში.
მათ უცხოეთში უძრავი ქონებაც შეიძინეს. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, საბერძნეთში, ათენთან ახლოს, ლამის ნახევარი სანაპირო ზოლი იყიდეს მოქმედმა მაღალჩინოსნებმა.
მაშინ როცა ესენი ქონების დაგროვებით არიან დაკავებული, საქართველო ჭაობში იძირება. ყველა მიმართულებით სტაგნაციაა. სრული კატასტროფა გვაქვს საგარეო ფრონტზე.
– საგარეო ფრონტზე დავით გარეჯთან დაკავშირებულ მოვლენებს გულისხმობთ?
– არა მარტო ამას. დავით გარეჯთან დაკავშირებით სრული ვაკხანალია დაიწყო სალომე ზურაბიშვილის გაუაზრებელი განცხადებების გამო.
შემიძლია თამამად მოვითხოვო, რომ საქართველოს პრეზიდენტად წოდებულ რეზიდენტს პირი ამოუკერონ. სხვა გზა ელემენტარულად აღარ დატოვა – რამდენჯერაც ხმა ამოიღო, იმდენჯერ ქვეყანას შეუქმნა პრობლემები.
ყველა სხვა სიკეთესთან ერთად, ეს ქალი არის არაადეკვატური. ის არაადეკვატური იყო მაშინაც, როცა მიხეილ სააკაშვილის მთავრობაში საგარეო უწყებას ხელმძღვანელობდა. არაადეკვატური იყო ოპოზიციაში ყოფნის დროსაც. მაშინ მისი ყველა ქმედება იყო არაადეკვატურობის პიკი.
სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობის ყოველი დღე საქართველოსთვის არის საფრთხის შემცველი. არის ასეთი გამოთქმა – ბავშვს ასანთი არ უნდა მისცე, სახლი რომ არ გადაწვას. ასევე არ შეიძლება სალომესთვის ასანთის მიცემა, მან შეიძლება ქვეყანა გადაწვას.
პირს თუ არ ამოუკერავენ, ის საქართველოს ძალიან ბევრ და სერიოზულ პრობლემას შეუქმნის.
საქართველოს ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს, რომ დავით გარეჯის თემა დააიგნოროს. წარმოიდგინეთ, რამხელა პრობლემის წინაშე ვდგავართ და საქართველოს პრემიერ-მინისტრს განცხადება არ გაუკეთებია. იქ ჩასვლაზე ხომ ლაპარაკი საერთოდ ზედმეტია.
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მამუკა ბახტაძე ასტრალშია გასული. ერთი მხრივ მესმის კიდეც მისი – არავინ არაფერს ეკითხება. სხვა თანამდებობაზე რომ ემუშავა, შეიძლება ძალიან კარგად წარმოეჩინა თავი.
– ის მთავრობაში რკინიგზიდან მოიყვანეს და ვერც იქ გაიბრწყინა დიდად.
– რკინიგზაშიც არაფერს ეკითხებოდნენ. იქ ბიძინა ივანიშვილის ნათესავები განაგებენ ყველაფერს.
საგარეო საქმეთა მინისტრი საერთოდ სხვა თემაა. პოლიტიკაში მოღვაწეობის დროს კარგი, ცუდი და ცუდზე ცუდი საგარეო საქმეთა მინისტრები მინახია. დავით ზალკალიანთან მიმართებაში ვერცერთ შეფასებას ვერ გამოვიყენებ – ეს ადამიანი უბრალოდ ცარიელი ადგილია.
არაფრის გამკეთებელი ხალხი მთავრობაში – ეს ივანიშვილის ტაქტიკა გახლავთ. მას უნდა, რომ თანამდებობებზე ცარიელი ადგილები ჰყავდეს. ამით ის დიდ სარგებელს ნახულობს.
ამასობაში ჩვენ ყველა სახელმწიფო სტრუქტურა ჩამოგვეშალა. არ გამოვრიცხავ, რომ ისეთი პრობლემა, როგორიც დღეს დავით გარეჯშია, საქართველოს სხვა ტერიტორიებზეც წარმოიშვას.
როდესაც მეზობელი სახელმწიფოები იგრძნობენ, რომ საქართველოს ხელისუფლება არ ჰყავს, მათი მხრიდან განხორციელდება გარკვეული ტიპის ქმედებები.
ორი აზრი არ არსებობს იმაზე, რომ აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და მასთან აუვილებლად უნდა გვქონდეს კეთილმეზობლური ურთიერთობები. მთელი ამ წლების მანძილზე მასთან არანაირი კონფლიქტი არ გვქონია. პირიქით, სულ ერთმანეთს ვეხმარებოდით.
ჩვენ შორის იყო ევროპული ტიპის, დაბალანსებული პოლიტიკა. რამდენი სისულელე უნდა გაეკეთებინა ჩვენს ხელისუფლებას, რომ ეს ყველაფერი წყალში ჩაეყარა.
ის, რომ ამ აზერბაიჯანმა ამ ურთიერთობებს ხაზი გადაუსვა, ეს პირველ რიგში საქართველოს ხელისუფლების ბრალია.
– ამ სისულელეებს ჩვენი ხელისუფლება უნებურად სჩადის თუ შეგნებულად?
– ამას შეგნებულად აკეთებენ ამათი პატრონები. დამოუკიდებლად მათ გადაწყვეტილების მიღების არც თავი აქვთ და არც უფლება.
პატრონები ხელისუფლების წარმომადგენლებს ამდენ სისულელეს იმიტომ აკეთებინებენ, რომ ერთი მიზანი აქვთ – საქართველოში გამუდმებით ქაოსი უნდა იყოს.  ამათ უნდათ, რომ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა კიდევ უფრო დაირღვეს.
თავად ვიყავი მთავრობის წევრი და კარგად მახსოვს, რა ხდებოდა იქ. ჩემი თვალით მაქვს ნანახი როგორი მინური მორჩილებით შეჰყურებენ სხვა ქვეყნების ელჩებს.
ელჩმა რომელიმე მინისტრს რომ უთხრას, გაიხადე და რუსთაველის გამზირზე შიშველმა ირბინეო, გაიხდის და ირბენს. თან არც იკითხავს, რისთვის არის ეს ყველაფერი საჭირო.
ჩვენი თავი რომ ჩვენადვე არ გვეყუდვნის, ეს უკვე ვიცით, მაგრამ რანაირად შეიძლება ერთდროულად რამდენიმე ქვეყნის მარიონეტი ხელისუფლება გვყავდეს.
რუსეთი მოითხოვს რამეს, უსრულებენ. არც ამერიკას ეუბნებიან უარს. ხვალ ჩინეთმა რომ მოსთხოვოს რამე, იმასაც ულაპარაკოდ შეუსრულებენ მოთხოვნას.
ასე იმიტომ იქცევიან, რომ საკუთარი ქონების დაცვა უნდათ. ამ მხრივ გამორჩეულია ივანიშვილი. ოღონდ მისი ქონება იყოს უსაფრთხოდ და საქართველოს ხელისუფლება ყველასთან დათმობაზე მიდის.
საქართველოს მოსახლეობა ამათი მრავალმილიარდიანი ქონებების მომსახურე პერსონალი გავხდით.
ამავე კონტექსტში უნდა განვიხილოთ ის გეი აღლუმი, რომელიც საქართველოში 18 ივნისის შემდეგ უნდა ჩატარდეს. ბევრი ჩემი მეგობარი მეუბნება, რომ მათ თავი დავანებო და არაა საჭირო სხვისი უკანალის დევნა.
არავის უკანალს არ დავდევთ და არც სექსუალურ უმცირესობებთან ვარკვევთ ჩვენს ურთიერთობებს. ამას იმიტომ ვეწინააღმდეგებით, რომ ეს ყოველივე არის პოლიტიკური აქტი.
ეს ყველაფერი მიმართულია იქეთკენ, რომ დაიწყოს საქართველოს სახელმწიფოებრიობის რღვევა. როგორც კი აქ გეი აღლუმი გაიმართება, ყველა ის სულიერი ღირებულებები ჩამოიშლება, რაზეც ქართული სახელმწიფო დგას.
ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ეკლესია ძალიან ცუდ დღეში ჩავარდება. ეკლესია ვახსენე და აქვე პირდაპირ მინდა განვაცხადო, რომ თუ საქართველოში გეი აღლუმი ჩატარდა, ეს იქნება საპატრიარქოში მოკალათებული შორენა თეთრუაშვილის დამსახურება.
ეს ქალი საპატრიარქოში საბჭოთა პერიოდიდან არის ჩანერგილი. ყველა იმ საშინელებაში, რაც საპატრიარქოსთან დაკავშირებით მომხდარა, ყველაფერში ციანიდის დედოფლის ხელი ურევია.
როდესაც თბილისში სამოქალაქო ომი დაიწყო, დედები, რომელთა ნაწილი გამსახურდიას ემხრობოდა, ხოლო ნაწილი პუტჩისტებს, საპატრიარქოში მივიდნენ და მუხლებზე დაჩოქილები იხვეწებოდნენ, სასულიერო პირები გამოსულიყვნენ და დაპირისპირებულ მხარეებს შორის ჩამდგარიყვნენ, რათა ძმათამკვლელი ომი შეეჩერებინათ.
შორენა თეთრუაშვილი იყო ის ადამიანი, რომელმაც ეს დედები საპატრიარქოდან გამოყარა.
შორენა თეთრუაშვილი იყო ის ადამიანი, რომელიც 1992 წლის 6 იანვარს ცეკვით შეხვდა გამსახურდიას ხელისუფლების დამხობას. მოგვიანებით ამის აღსანიშნავად დიდი სუფრაც გადაიხადა, რომელსაც თენგიზ კიტოვანი და ჯაბა იოსელიანი ესწრებოდნენ საპატიო სტუმრების რანგში.
შორენა თეთრუაშვილი გახლავთ ადამიანი, რომელმაც საქართველოს საპატრიარქო არნახულ სკანდალში გახვია. ციანიდის სკანდალის უკან სწორედ ის დგას.
სირცხვილია, რომ ეს ადამიანი დღეს საპატრიარქოშია. შორენა ის ქალია, რომლის გზაც ტაძრამდე არ მიგვიყვანს. სამაგიეროდ, მიგვიყვანს ლუბიანკამდე, სადაც მისი საყვარელი კაგებეს შენობა დგას.

შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა