უზენაეს სასამართლოში მოხვედრის მსურველი მოსამართლეების 144 წევრიან სიაში არ არიან თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე დიმიტრი გვრიტიშვილი. სიაში არიან: მთავარი პროკურორი შალვა თადუმაძე, მისი მოადგილე მამუკა ვასაძე და ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე.
რა პროცესი დაიწყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების თემასთან დაკავშირებით და ელოდებიან თუ არა ახალი ჩინჩალაძე-მურუსიძეების შეპარვას? _ ამ თემასთან დაკავშირებით „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე საუბრობს.
_ გამოქვეყნდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების მსურველთა სია. თქვენთვის რას ნიშნავს ეს სია და რა ემოცია დაგეუფლათ, როდესაც მას გაეცანით?
_ პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ ეს არის ქართველი ხალხის ძალიან დიდი გამარჯვება. იმიტომ, რომ დღეს ჩვენ არ გვყავს მოსამართლეების ათკაციანი სია, ისეთი, როგორიც გასული წლის დეკემბერში იყო წარმოდგენილი, დღეს გვაქვს სერიოზული შეჯიბრებითი პროცესი.
_ ანუ შეჯიბრებითი პროცესია, რადგანაც გაფართოებული სიაა?
_ რა თქმა უნდა. ეს არის უსერიოზულესი და უდაძაბულესი კონკურსი, უამრავ ადამიანს და პროფესიონალს აქვს წარდგენილი და ეს ძალიან განსხვავდება იმ ფორმირებისგან, რისი სურვილიც ჰქონდა ჩინჩალაძე-მურუსიძეს და მის კლანს და რომლის მიხედვითაც ფაქტობრივად მათ უნდა წარედგინათ სია და ამით გარანტირებული ჰქონოდათ ათკაციანი სიის გაყვანა დეკემბერში.
დღეს ეს პროცესი რომ გვაქვს სახეზე, ეს პირველ რიგში თქვენი _ მედიის და ასევე ჩვენი ხალხის დამსახურებაა. იმიტომ, რომ საზოგადოებისგან იყო დაკვეთა ნამდვილ, რეალურ შეჯიბრებითობის პროცესზე. მე მგონია, რომ ჩვენ ეს მოვახერხეთ.
_ სიაში არ არიან მიხეილ ჩინჩალაძე და დიმიტრი გვრიტიშვილი, ეს რას ნიშნავს თქვენთვის?
_ ის, რომ ამ სიაში არ არის მიხეილ ჩინჩალაძის სახელი და გვარი, არის ძალიან დიდი გამარჯვება. მან ვერ გაბედა თავისი სახელისა და გვარის ჩაწერა ამ სიაში და ეს არის იმ გაფრთხილების ნიშანი, რომელიც წარუდგინა მას და მის მაგვარ ადამიანებს ქართველმა ხალხმა.
_ კლანმა დათმო?
_ რა თქმა უნდა. მათ ძალიან სერიოზული საზოგადოებრივი მობილიზების ფონზე დაიხიეს უკან. მათ თავიდან აირიდეს ის უდიდესი ხმაური, რომელიც მოჰყვებოდა მათი კანდიდატურების წარდგენას.
თუმცა, პროცესი დამთავრებული არ არის და ახლა იწყება, ამიტომ ის 100 პროცენტიანი ყურადღება, რომელიც ამ თემას ჰქონდა მანამდე, აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. აუცილებელია იყოს საზოგადოების სრული მობილიზება, იმიტომ, რომ ეს თემა უნდა მივიყვანოთ ბოლომდე.
_ ანუ გგონიათ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და მთავარი ბრძოლა ახლა იწყება?
_ კი, რა თქმა უნდა. იმიტომ, რომ აქ არის უამრავი ადამიანი, უამრავი პერსპექტივით. მათ შორის ადამიანები, რომლებიც სისტემაში მუშაობდნენ, რომლებიც არ მუშაობენ და ა. შ. ანუ ეს იქნება დაძაბული, შეჯიბრებითი პროცესი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისეთი 100 პროცენტიანი ყურადღება იყოს ამის მიმართ, როგორც ეს მანამდე იყო.
_ თუ ელოდებით იმას, რომ ახალი მურუსიძეები და ჩინჩალაძეები შემოგაპარონ? მაგალითად, სიაშია შალვა თადუმაძის გვარი, ამას როგორ ხსნით?
_ რა თქმა უნდა, ეს სცენარი მოსალოდნელია, რომ რახან ვერ გავიდა ჩინჩალაძე, იყოს ახალი ჩინჩალაძე, რომელიც იქნება სხვა გვარის, მაგრამ იქნება კლანის ინტერესების გამტარებელი. იმიტომ, რომ როგორც მე ერთხელ ვთქვი, კოლექტიური ჩინჩალაძეები ყველა სფეროში არიან. ძალიან კარგად გამოჩნდა, რომ ეგენი ეკონომიკაშიც არიან და ყველგან არიან ვითარების „დამლაგებლები“.
ვინ შეიძლება იყოს ახალი ჩინჩალაძე, ამ ეტაპზე მე ამაზე არ დავფიქრებულვარ, რადგან ახლა ვნახე სია, მაგრამ ამის საშიშროება არსებობს, ამიტომ როდესაც შევამოწმებთ ამ ხალხის კეთილსინდისიერებას, მაშინ შემოწმდება ის, რომ ისინი ხომ არ ატარებენ, მაგალითად, რომელიმე ხელისუფლების ინტერესებს.
_ ანუ აპირებთ, რომ ყველა კანდიდატი და მათი ბიოგრაფიები დეტალურად შეისწავლოთ?
_ რა თქმა უნდა. დეტალურად კი არ შევისწავლით, გავწურავთ. იმისთვის დავრჩი მე ამ საბჭოში, რომ გავწურო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყველა კანდიდატი. ეს უკვე არის უპრეცედენტო პროცესი.
_ თადუმაძეზე არ გიპასუხიათ და გვითხარით, თქვენთვის მისი გვარის სიაში ყოფნა რას ნიშნავდა და ელოდით თუ არა მას?
_ არა, არ მქონდა მოლოდინი. ამ ეტაპზე არ მინახავს მისი დოკუმენტები. ერთი კვირა გვაქვს იმისთვის, რომ გადავხედოთ ყველას მონაცემებს. გადავხედავ და მოგვიანებით მოგახსენებთ, რამდენად მოხვდება თადუმაძე მეორე ეტაპზე.
_ მთავარი პროკურატურის ხელმძღვანელი როდესაც არის უზენაესი სასამართლოს სიაში, ამაზე როგორია თქვენი მხრიდან შეფასება?
_ გასაგებია თქვენი კითხვის არსი, მაგრამ ამ ეტაპზე არ შევაფასებ. იმიტომ, რომ მე ის უნდა შევაფასო პროცესში, იმიტომ, რომ მე ვარ იუსტიციის საბჭოს წევრი. პროცესის განმავლობაში მე უნდა შევაფასო მისი კომპეტენტურობაც, მისი კვალიფიციურობაც და ასევე მისი კეთილსინდისიერებაც, ამიტომ წინასწარ ვერავის შევაფასებ, სანამ არ ვნახავ მათ დოკუმენტებს. ამიტომ ამ ეტაპზე შეფასებისგან თავს შევიკავებ.
ზოგადად იცით, რომ მე მოვუწოდებდი ყველას, რომ განაცხადი შემოეტანათ. მოვუწოდე ყველას _ ადვოკატებს, პროკურორებს, საბანკო სექტორის იურისტებს თუ სხვა. ეს იმიტომ, რომ გვინდა რაც შეიძლება ბევრი აპლიკაცია სხვადასხვა სფეროდან.
ჩვენ გვაქვს დრო, სულ მცირე ერთი კვირა იმისთვის, რომ განვიხილოთ, თუნდაც შემდეგ ეტაპზე ვინ უნდა გადავიდეს და ვინ არა და ამის შემდეგ გავაკეთებ კომენტარს ამ საკითხზე.
_ კლანის წევრებმა თითქოს შეაჩერეს თქვენი კრიტიკა, ყოველ შემთხვევაში საჯაროდ ისეთი აქტიურები აღარ არიან, როგორც ადრე. პაუზა აიღეს თუ ტაქტიკას ცვლიან?
_ არა, არ შეუჩერებიათ. გუშინაც საშინელი კამათი გვქონდა. არის ასეთი მოსამართლე, ზონდერ-მოსამართლე სერგო მეთოფიშვილი, რომელიც სასამართლოს ზონდერია და ამიტომ მას ზონდერ-მოსამართლე დავარქვი და მასთან ჩვენ გავაკეთეთ კომენტარი, იმიტომ რომ სხდომები გადმოვიდა პარასკევს და გავაკრიტიკეთ ამის გამო.
მეთოფიშვილს ნულოვანი ტოლერანტობა აქვს განსხვავებული აზრის მიმართ და ამ თემაზე ჩვენ გუშინაც გვქონდა საშინელი კამათი. ყოველკვირა იუსტიციის საბჭოში ჩვენი მისვლა დაკავშირებულია ამ ბრძოლის გაგრძელებასთან და ეს გასაგებია, რომ ბრძოლაა საჭირო.
_ იყო საუბრები, რომ მთაწმინდაზე უნდა გეყარათ კენჭი. ახლა ჩვენთან ინტერვიუში ახსენეთ, იუსტიციის საბჭოში იმიტომ დავრჩი, რომ პროცესი ბოლომდე მივიყვანოთო. ამ პროცესის გამო აღარ იყარეთ კენჭი და ამიტომ მიიღეთ საბჭოში დარჩენის გადაწყვეტილება?
_ კი, ძირითადად ამ თემას უკავშირდებოდა. მე წინ მქონდა უდიდესი პასუხისმგებლობის ეტაპი, რომელიც დაწყებული იყო და სამართლიანობის ბრძოლის თვალსაზრისით ეს გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე მაჟორიტარულ ოლქში არჩევნებზე კენჭის ყრა. თუმცა, საბოლოო გამოსავალი იმისთვის, რომ კლანი დაიშალოს, არის პოლიტიკური.
მისი დაშლის გასაღები პოლიტიკურ პროცესშია, არა მხოლოდ ამ კლანის, არამედ ზოგადად კლანების, მაგრამ ამ ეტაპზე მე ვიყავი ძალიან საჭირო იუსტიციის საბჭოში ამ ბრძოლისთვის და ახლა კიდევ უფრო საჭირო ვიქნები ბრძოლის მეორე ეტაპზე.
იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა

