ასპინძაში მიცუბიში ამოტრიალდა – 20 წლის მამაკაცი დაიღუპა, მძღოლი თბილისში გადაიყვანეს

ასპინძაში მიცუბიში ამოტრიალდა - 20 წლის მამაკაცი დაიღუპა, მძღოლი თბილისში გადაიყვანეს6 ივნისს ასპინძაში, სარო–ხიზაბავრის დამაკავშირებელ გზაზე ავარიის შედეგად ერთი ახალგაზრდა დაიღუპა, მძღოლი კი მრავლობითი დაზიანებით ასპინძის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ინფორმაცია „სამხრეთის კარიბჭეს“ სოფელ საროს რწმუნებულმა დაუდასტურა. მისი თქმით, შემთხვევა დაახლოებით 19:00 საათზე მოხდა. სარო–ხიზაბავრის დამაკავშირებელ გზაზე მომხდარი ავარიისას 30 წლამდე კაცი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მძღოლს მრავლობითი მოტეხილობა აქვს. იგი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
მიცუბიშის მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა. როგორც ამბობენ, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა.
“მეცხრე არხის”  ცნობით, ახალგაზრდებმა ამაღლების დღესასწაული ძველ ნაეკლესიარზე, ე.წ. ოდისების ტერიტორიაზე აღნიშნეს.
ავარიის შედეგად დაშავებული კაცი გვიან ღამით თბილისში გადაიყვანეს. მას ქვედა კიდურებზე ოპერაცია სჭირდება.
ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში განმარტავენ, რომ ავარიისას დაშავებული თბილისის სამედიცინო დაწესებულებაში ახლობლებმა საკუთარი სურვილით გადაიყვანეს.
„ქვედა კიდურებზე დაზიანებები აქვს მიღებული და ორივეზე ესაჭიროება ოპერაცია, ამიტომ ახლობლებმა საკუთარი სურვილით წაიყვანეს“, – ამბობს ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალის დირექტორი ხათუნა კეკელაშვილი.
სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ასპინძის სამმართველომ გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.