პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– ბატონო ბექა, საარჩევნო თემა პოლიტიკურად მგრძნობიარეო, ამბობს ირაკლი კობახიძე. საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ხელშესახებ ცვლილებებს ელოდებით?
– საუბარია არა საარჩევნო სისტემის შეცვლაზე, არამედ საარჩევნო პროცესის გაუმჯობესებაზე. თან, მოგეხსენებათ, ამ ყველაფერს წინ ამერიკის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს განცხადება უძღვოდა. თუ პომპეო გვეტყვის, გავაკეთებთ, თუ არ გვეტყვის, არ გავაკეთებთ! – ასე თუ ვიცხოვრეთ, ეს არის კოლონია, სხვა კი არაფერია კოლონია. ეს არის ტრაგედია, ჩვენ თვითონ ჩვენს საჭიროებებს ვერ ვაცნობიერებთ და ასე ვართ – ვინ რას გვეტყვის. ვმოქმედებთ სხვისი მითითებით.
არჩევნები, ადამიანების სოციალური მდგომარეობა, სამოქალაქო უფლებები – ამ ყველაფრის მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულება სწორედაც რომ ნეოკოლონიალურია. ამიტომ გამოსავალი არის ხელისუფლების ცვლილება, ეს უნდა გააცნობიერონ ადამიანებმა.
– თუმცა, ჩვენ ვნახეთ მთაწმინდაზე არჩევნები, რაც შეიძლება მეტი იმედგაცრუების საფუძველი გახდეს. მიდგომები შეიცვლება, არის ამისთვის მზად ხელისუფლება?
– ჩვენ ხელისუფლების მზაობაზე არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული. თუ ხელისუფლებას ამის მზაობა არ აქვს, ეს მზადყოფნა ჩვენ, ამ ქვყნის მოქალაქეებმა უნდა გამოვიჩინოთ.
მე ვთვლი, რომ მთელ პროცესს შეცვლიდა არჩევნებში სავალდებულო მონაწილეობა. თუ სავალდებულო გახდებოდა არჩევნებში მონაწილეობა, მაშინ კოორდინატორების და სხვების მონაწილეობა არჩევნებში საჭიროებას უბრალოდ დაკარგავდა. გარდა ამისა, ეს ხარისხსს გაზრდიდა. თუ ამომრჩეველი ყველა კანდიდატს, ყველა პარტიას გადახაზავდა, ეს უფრო ნათელ სურათსაც შექმნიდა. ახლა ამომრჩეველი სახლში რჩება და ამ ყველაფერს ნიჰილისტური განწყობებით ხსნით და ვართ ასე რაღაცის შემყურე. როდესაც კანდიდატისადმი, ამა თუ იმ პარტიისადმი ცალსახა უარყოფაა ამომრჩევლის, ეს სურათს ბევრად უფრო ნათელს გახდიდა.
არც ერთი პარტია სახელმწიფოებრივად არ უყურებს პროცესს, ყველა თავისი ვიწროპარტიული ინტერესებიდან გამოდის და ისე მოქმედებს. “ქართულ ოცნებას” უნდა, რომ 2020 წელსაც მოიგოს არჩევნები და ამიტომ არავითარ შემთხვევაში არ დათმობს არსებულ საარჩევნო სისტემას და არაფრით არ გადავა პროპორციულ სისტემაზე.
რატომ არ გადავიდა თავის დროზე ნაციონალური მოძრაობა, რა, მაშინდელი ოპოზიცია იგივეს არ ითხოვდა?! არ გადავიდა იმიტომ, რომ ხელისუფლებაში დარჩენა უნდოდა. ანალოგიურად მოქმედებს დღეს “ქართული ოცნება”.
– თითქოს ორი ვადის შემდეგ ხელისუფლებას თმობენ, არ ფიქრობთ, რომ “ქართული ოცნება” 2020 წელს დათმობს ხელისუფლებას?
– არ დაიჯეროთ, რომ საქართველოში ასეთი კანონზომიერება არსებობს, რომ ორი ვადის შემდეგ ხელისუფლების გადაბარება ხდება. ასეთი კანონზომიერება არ არსებობს!
მე 2012 წლის მოვლენების აქტიური მონაწილე ვარ და კარგად ვიცი, რომ მიხეილ სააკაშვილი არსად არ აპირებდა წასვლას. მიხეილ სააკაშვილი წავიდა იმიტომ, რომ თუ არ წავიდოდა, რევოლუცია გარდაუვალი იყო. ხალხის ნება იყო მისი წასვლა და იძულებული გახდა, რომ წასულიყო.
– ახლა ამ კონდიციამდე არ არის მისული ხალხის ნება?
– ახლა სხვა რეალობაა. ვინაიდან მკვეთრად ორპოლუსიანია საარჩევნო პროცესი, ამიტომ ამომრჩეველი იძულებით არჩევანს აკეთებს. ის, ვინც მიდის არჩევნებზე, აკეთებს იძულებით არჩევანს, მეორე ნაწილი კი სახლში რჩება.
ეს რეალობა გვაქვს: საერთოდ არ უნდა “ქართული ოცნება”, მაგრამ ირჩევს, რომ არ მობრუნდეს ნაციონალური მოძრაობა, იგივე “ევროპული საქართველო”, რომელიც პოლიტკორექტულობის ჩარჩოს მორგებას ცდილობს.
რაც უნდა კათარზისი გაიაროს, მოინანიონ ნაციონალურმა მოძრაობამ და “ევროპულმა საქართველომ”, ისინი მაინც ვერ მობრუნდებიან ხელისუფლებაში. ასეთია ამომრჩევლის ნება. ამიტომ ელექტორალური თვალსაზრისით მათ უგებს “ქართული ოცნება”. ძალიან რთული ვითარებაა.
– ბევრი ახალი პოლიტიკური პარტია გამოჩნდა, კიდევ რამდენიმე პარტიის პრეზენტაციაა დაანონსებული.
– ვინ უნდა გამოჩნდეს ისეთი, რომელიც შეძლებს ამ ორი მონსტრის დამარცხებას?! ეს როგორ გესახებათ?! როგორი კატაკლიზმები უნდა მოხდეს ქვეყანაში, რომ ასე უცებ ჯანსაღი ძალა გამოჩნდეს, რომელიც ჩაანაცვლებს ხელისუფლებას?! დღევანდელი მოცემულობით, ამის შანსი არ არსებობს.
– და მაშინ რა არის გამოსავალი?
– ის, რაც მოხდა ჭიათურაში! ეს პროცესები თუ დაიწყება და პოლიტიკურ ხასიათს მიიღებს!
– გაფიცვას გულისხმობთ, მათ შორის მოსწავლეების გაფიცვას?
– დიახ, ზუსტად ამას ვგულისხმობ! აქიდან თუ ამოიზრდება პოლიტიკური პროცესი, ეს იქნება ხელისუფლების ცვლილების და ახლის დაწყების საფუძველი და არა რომელიღაცა კარგად დავიწყებული ძველი, რეანიმირებული პარტიის პარლამენტში შესვლა.
ნათია ხურცილავა, ახალი თაობა