უმძიმესი კადრები იხილა საზოგადოებამ 20 ივნისს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, როდესაც აქციის მონაწილეებმა პარლამენტში შეჭრა სცადეს, ხოლო პოლიციამ ისინი ჯერ ბუნებრივი აირის, რეზინის ტყვიების და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა, ხოლო შემდეგ ყველგან დაუწყო დევნა და რბევა.
ვითარების ესკალაცია კი საქართველოში აფხაზეთის ომში მონაწილე რუსი დეპუტატის საქართველოში ვიზიტმა და პარლამენტში სპიკერის სკამზე წამოსკუპებამ გამოიწვია. აქციის მონაწილეებმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შს მინისტრის და სუს-ის ხელმძღვანელის გადადგომა მოითხოვეს, თუმცა ჩინოვნიკებმა მოთხოვნა არ გაიზიარეს და არ გადადგეს არცერთი ნაბიჯი დიალოგისკენ, რამაც ვითარება რადიკალურად დაძაბა.
შედეგად 300-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, არიან ათეულობით დაშავებულები როგორც პოლიციის, ისე მომიტინგეების მხარეს, ორმა მომიტინგემ კი დარბევის დროს მიყენებული დაზიანებების გამო თვალი დაკარგა.
20 ივნისს განვითარებულ მოვლენებს „ახალ თაობასთან“ საუბრისას პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი აფასებს. ინტერვიუ ჩაწერილია 21 ივნისის საღამოს აქციის გამართვამდე, შესაბამისად ამ აქციის დროს განვითარებული მოვლენები ინტერვიუში შეფასებული არ არის.
_ როგორია 20 ივნისის მოვლენებზე თქვენეული შეფასება, რა ვიხილეთ ჩვენ?
_ ეს უკვე ანალიზს მაინცდამაინც უკვე აღარ ექვემდებარება იმიტომ, რომ პარადოქსული სიტუაცია მივიღეთ. ის ფაქტი, რომ ნაციონალური მოძრაობა და ”ქართული ოცნება” მუდმივად არის ერთმანეთთან და ამ დაპირისპირებით იკვებებიან, ძალიან ბევრჯერ გვაქვს ნანახი, მაგრამ გუშინდელი ვითარების უნიკალურობა იმაში იყო, რომ მოძებნეს ვითარება, რომელზეც თითქოს თანხმდებოდნენ გავრილოვთან დაკავშირებით და ზუსტად იმ საკითხზე, რაზეც თითქოს შეთანხმდნენ, რომ ერთად აღშფოთდნენ, ამაზე ატყდა ყველაზე მძიმე კონფლიქტი. როგორც ჩანს მათ შორის იმდენად მიუღებელია შეთანხმება, რომ ამან უფრო გააბრაზა. მივიღეთ ის, რაც მივიღეთ.
ნაციონალური მოძრაობა და მისი ბუნება არავის არ უკვირს. ისინი ყოველთვის გამწვავებაზე მიდიან, ისინი პროვოკაციაზე წამსვლელები არიან, მაგრამ ”ქართულმა ოცნებამ” პრაქტიკულად გამოაცხადა თავი ნაციონალური მოძრაობის სამართალმემკვიდრედ. ეს არის საბოლოო შედეგი სისტემური მანკიერების თვალსაზრისით.
_ „ოცნება“ მუდმივად გვახსენებდა 9 წელს, როდესაც გვახსოვს აქციების დარბევებიც. ეს მეთოდი აქამდე არ ჰქონია ამ ხელისუფლებას თავის არსენალში, რა გამოვიდა ახლა, ესეც გადაიბარა?
_ დიახ, ზუსტად აქამდე მივდივარ. როდესაც ისინი ლაპარაკობენ 9 წელზე, ეს ხომ არ არის კალენდარული 9 წელი? ის 9 წელი ასოცირდებოდა რაღაც მანკიერებებთან და ამაზე იყო მუდმივად აპელირება. ახლა ვსვამ კითხვას, იმ 9 წლის განმავლობაში იყო ერთი მოვლენა მაინც, რომელიც დღევანდელმა ხელისუფლებამ არ გადმოიბარა და დღეს არ მართავს მას ”ქართული ოცნება” კოლექტიური მურუსიძის სახით, ანუ სისტემური უბედურების სახით?
გუშინ მან ეს დააგვირგვინა ამით. მუდმივად იყო აპელირება 7 ნოემბერსა თუ 26 მაისზე და ეს დაგვირგვინდა გუშინ. მაშინდელი ხელისუფლების რიტორიკაც ეს იყო, რომ მას ჰქონდა მოცემულობა დაეშალა მიტინგი. იმიტომ, რომ მეორე დღეს იმ ტერიტორიაზე უნდა გამართულიყო აღლუმი და ა. შ.
ანუ არაფერი არ იცვლება. ეს არის მანკიერი სიმბიოზი – ნაციონალური მოძრაობა და ”ქართული ოცნება”. ანუ, მამა-შვილი ერთმანეთთან არჩევენ საქმეებს და მთელი კორპუსის მოსახლეობა ილახება ამ გარჩევებით.
_ პირდაპირი ანალოგი დაინახეთ 7 ნოემბრის მოვლენებთან?
_ პირდაპირი ანალოგი, ასეთი ცნება, ბუნებაში არ არსებობს. მაგრამ გარკვეული ასოციაციების თანხვედრა იყო. პირდაპირი თანხვედრა არ ყოფილა, მაგრამ ასოციაციები იყო. თავი დავანებოთ მიტინგის დაშლას, მერე დევნა და ცემა-ტყეპა რა იყო?
ფაქტობრივად, ხელისუფლებამ მიტინგის დაშლა დარბევაში გადაზარდა. ასე გამოვიდა. ამოცანა თუ იყო მოედნის გათავისუფლება, ეს იყო ერთი ამოცანა, მაგრამ მერე დევნა და ცემა-ტყეპა დაიწყეს.
_ გადადგა კობახიძე, მაგრამ ეს კრიზისს ვერ დაძლევს, რა უნდა გაკეთდეს შექმნილი პოლიტიკური ჩიხის განსამუხტად?
_ იცით, რა არის? მე ვფიქრობ, რომ უკან დაბრუნების წერტილი გავლილია. მე არანაირი ხალისი არ მაქვს, რომ რჩევები მივცე. აღარ იმსახურებს ეს ხელისუფლება რჩევების მიცემას. უკვე დადგა დრო, როდესაც…
ხომ გახსოვთ მერაბიშვილის ცნობილი ფრაზა – „ორი გვამი მჭირდება“. მე ვფიქრობ, რომ ახლა ქვეყანას სჭირდება ორი გვამი იმისთვის, რომ ქვეყანამ გააგრძელოს განვითარება. რა თქმა უნდა, მხედველობაში პოლიტიკური გვამი მაქვს. ვინ არიან, თქვენ თავად მიხვდით და მკითხველიც მიხვდება.
_ თქვენ ერთ-ერთ ინტერვიუში მითხარით, რომ ოპოზიცია კი არ გაიმარჯვებს, არამედ ”ქართული ოცნება” თავისი ხელით გამოიჭრის ყელს. ამასთან ხომ არ გვაქვს საქმე?
_ რა თქმა უნდა, ახლა ზუსტად ეს ხდება. ამ პროცესში ვართ ახლა. მე როდესაც ერთი წინადადებით აღვწერ საქართველოს ისტორიას, ეს ფორმულა მუშაობს. როგორ მივედით სადიზმიდან მაზოხიზმამდე. იმიტომ, რომ ხელისუფლებამ გუშინ ოპოზიცია კი არ სცემა სპეცრაზმის საშუალებით, არამედ საკუთარ თავს ურტყა ურო, თვითდაზიანებები მიიყენა და საბოლოოდ ყელი გამოიჭრა, დაკარგა მორალური უპირატესობის ბოლო ნამცეცები, რაზეც ვსაუბრობდი.
_ არის თუ არა ეს ჭრილობა სასიკვდილო თუ მას კიდევ შეუძლია აქედან თავის გადარჩენა?
_ მე ვფიქრობ, რომ პროცესიდან გამოსვლა ხელისუფლებისთვის უკვე შეუძლებელია. ხელისუფლება უკვე კომაშია, ანუ ლეგიტიმაცია დაკარგული აქვს. კომატოზურ მდგომარეობაშია ახლა, მაგრამ რამდენ ხანს გაგრძელდება მისი ყოფნა ამ მდგომარეობაში, ამაზე მე პასუხი არ მაქვს.
ეცდებიან, რომ ეს ყველაფერი გაიხანგრძლივონ, მაგრამ ისტორიული კანონზომიერებაა ეს და ამ ქვეყნის ისტორიული გამოცდილება გვეუბნება, რომ ასეთი ხელისუფლება ვერ გადარჩება. დეგრადაციის პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდა, მაგრამ როდის რა მოხდება, ამაზე პასუხი არ მაქვს.
შესაძლოა, რაღაც დრო დასჭირდეს, მაგრამ პროცესი უკვე დაწყებულია.
_ პარლამენტში შეჭრის დაწყებიდან ცოტა ხანში ვეღარ ვნახეთ პროცესებში ოპოზიციური ლიდერები. ხომ არ გაექცათ მათ სადავეები ხელში და ხომ არ გამოვიდა ისე, რომ პოლიტიკოსებმა როგორც პოზიციიდან ისე ოპოზიციიდან ხალხი და პოლიცია ერთმანეთს შეატოვეს?
_ ოპოზიციაზე ლაპარაკს აზრი არ აქვს. მას თავის უბედურება ჰყოფნის, მაგრამ ოპოზიციის პრობლემა არ არის ეს, ეს არის სახელმწიფოებრივი პრობლემა.
ამაზე საუბარზე არც მე დავკარგავ დროს და არც თქვენ დაგაკარგვინებთ.
იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა