“ახალი თაობის” კითხვებს გიორგი ვაშაძე პასუხობს.
– ბატონო გიორგი, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილების შეტანის მიზნით კონსულტაციები იწყება. ხელისუფლება მზაობას გამოთქვამს, რომ ცვლილებს განახორციელებს. რისი იმედი აქვს ოპოზიციას, ეს ხომ არ იქნება მხოლოდ კოსმეტიკური ცვლილება?
– ყოველ შემთხვევაში დღემდე როგორც იქცეოდა ხელისუფლება, ყოველთვის ცდილობდა, რომ კოსმეტიკურიდან შემდეგ უფრო მისთვის სასარგებლო ცვლილებები განეხორციელებინა. ეს იყო ისეთი ცვლილებები, რომლებიც მართლა სერიოზულ პრობლემს უქმნიდა სამართლიან არჩევნებს.
მაგალითად, ბოლო ცვლილებები, როდესაც 6 ე.წ. პროფესიულ წევრს, რომელსაც თვითონ აკონტროლებენ, 3 წევრი დაუმატეს “ქართული ოცნებიდან” კომისიებში. ეს იყო უკანონოდ გადადგმული ნაბიჯი და ასეთი ძალიან ბევრია.
აბსოლუტური უმრავლესობა უნდოდათ იმისთვის, რომ ხალხის გაძევება მოხდეს საარჩევნო უბნებიდან და ასე შემდეგ.
– სხვა რა ხარვეზებზე გამახვილდება ყურადღება სამუშაო ჯგუფში?
– ოპოზიციის მხრიდან სხვა დეტალებზე საუბარი ნაკლებად მიზანშეწონილად მიმაჩნია. მთავარი საკითხი, რაზეც ხელმოწერები შეგროვდა, არის გადადის თუ არა ქვეყანა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე. შესაბამისად, ამ მიმართულებით უნდა იყოს აქცენტები და მუშაობა.
– რამდენად არის 2020 წლის არჩევნებისთვის ხელისუფლება ამაზე წამსვლელი, როცა მაჟორიტარული სისტემა არჩევნების მოგების გარანტიაა?
– მე ასე არ ვუყურებ, რომ არსებული სისტემა მოგების გარანტიაა. არსებული სისტემა გულისხმობს, რომ სრული ცვლილება ხდება ხელისუფლების და სახელისუფლო ძალა ან იგებს, ან აგებს. მას არ აქვს არანაირი შანსი რაიმე ფორმით კოალიციულ პროცესებში მიიღოს მონაწილეობა და ასე შემდეგ.
ანუ ეს საარჩევნო სისტემა არის ერთი ერთზე ბრძოლისთვის გამიზნული და არა მრავალპარტიული, ან კოალიციური სისტემების ჩამოყალიბებისთვის.
– და ერთი ერთზე ბრძოლაში ხელისუფლება დამარცხდება?
– თუ “ოცნება” შეინარჩუნებს არსებულ მაჟორიტარულ სისტემას, ეს მისი მხრიდან არის ვაბანკზე წასვლა. ეს ნიშნავს, რომ მოხდება ოპოზიციურ მხარეს კიდევ უფრო მეტი კონსოლიდაცია და ერთი ერთზე ბრძოლა იქნება 2020 წლის არჩევნებზე და ხელისუფლებას დაკარგავს “ქართული ოცნება”.
შარშან, პირველი ტურის შედეგებში, ყველა დიდ ქალაქში გავიმარჯვეთ ჩვენ. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია უფრო მეტ მაჟორიტარულ ოლქში მოვიგოთ, ვიდრე ხელისუფლებას.
– როცა ხელისუფლებაში არიან პარტიები, ისინი ებღაუჭებიან მაჟორიტარულ სისტემას, ხოლო ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ, აქტიურად ითხოვენ მის შეცვლას. რაც თქვენ დაგემართათ, ის დაემართება “ოცნებას”?
– კი ბატონო, ასეა. ეს არის ილუზიები, რომლებიც ექმნება ხელისუფლებაში მყოფ ძალას ქვეყნის მართვის საკითხებთან დაკავშირებით.
ხელოვნურად და ძალით სახელმწიფოს მართვა არის შეუძლებელი. ქართველი ამომრჩეველი გაიზარდა სერიოზულად, ძალიან კარგად იცის, რა არჩევანი უნდა გააკეთოს.
რომც დატოვონ ეს სისტემა, ეს მათთვის იქნება უარესი, კიდევ ერთხელ ვამბობ, იმიტომ, რომ უმრავლესობას მაჟორიტარული ოლქებისა ჩვენ მოვიგებთ.
– ასე დარწმუნებული რატომ ხართ, რომ მოიგებთ?
– ამის ძალიან სერიოზულ ანალიზს ვაკეთებ მე თვითონ გუნდთან ერთად. ნახევარზე მეტი მაჟორიტარული ოლქების მოგება შეგვიძლია ჩვენ! ეს არის თბილისი, ეს არის ქუთაისი, ეს არის დიდი ქალაქები, სადაც ჩვენ პირველ ტურში მოვიგეთ.
– ხელმოწერებიც შეგროვდა მაჟორიტარულიდან პროპორციულზე გადასვლის მოთხოვნით. რამდენად გაუწევს საზოგადოების მოთხოვნას ანგარიშს ხელისუფლება? წავა დათმობაზე?
– მათი არაადეკვატურობიდან გამომდინარე, დიდი არაფრის მოლოდინი არა მაქვს. არ ვფიქრობ, რომ რაღაცა გარღვევა მოხდება მათი რაციონალობის კუთხით. თუმცა ჩვენ ბოლომდე მივაწვებით ამ საკითხს.
– უკვე ამერიკიდანაც მოვიდა სიგნალი და მინიშნება, რომ უნდა ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები. გადაწყდა უკვე დასავლეთში, რომ უნდა წავიდეს ეს ხელისუფლება?
– მოკლეთ და კონკრეტულად გიპასუხებთ, კი, გადაწყვეტილია!
– “ოცნება” სერიოზულ სამზადისშია, აცხადებენ, რომ განახლებული გუნდით გამოვლენ და რომ ამ არჩევნებსაც აუცილებლად მოიგებენ. როგორც ჩანს, არსად წასვლასაც არ აპირებენ. რა მდგომარეობაშია დღეს “ქართული ოცნება”?
– პირდაპირ რომ ვთქვათ, “ქართული ოცნება” არის ვირთხის დღეში. როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. რა თქმა უნდა, “ოცნება” დამთავრებულია! საგარეო კუთხითაც უმძიმესი ვითარებაა. ეს სამმაგი თუ ორმაგი თამაში, რასაც ესენი ამ პერიოდში ეწეოდნენ, შედეგებს იძლევა. ხომ მოისმინეთ პომპეოს განცხადება რუსეთთან დაკავშირებით. ეს პირდაპირი გზავნილია.
– ოპოზიცია საკმაოდ მწვავედ აფასებს პომპეოს განცხადებებს, ხელისუფლება კი გვიმტკიცებს, დადებითი და მეგობრული შეფასებები იყოო.
– აბა რას იტყვიან ახლა, ხომ არ იტყვიან, ჩავისვარეთ და ცუდათ მოვიქეცითო.
– მოესწრება ის ცვლილებები 2020 წლისთვის, რასაც ოპოზიციაც ითხოვთ და დასავლეთიც?
– თუ ხელისუფლება მოინდომებს, რა თქმა უნდა, მოესწრება. სიმართლე გითხრათ, მე გადართული ვარ სრულიად ახალი სტრატეგიების შემუშავებაზე.
– რას გულისხმობთ?
– საარჩევნო კამპანიას. ჩვენ ძალიან ბევრი სიახლე გვექნება. აბსოლუტურად სხვაგვარი კამპანია უნდა ვაწარმოოთ და ამაზე გვექნება აქცენტი.
– ბოლო ორი არჩევნები, სადაც დამარცხდა ოპოზიცია, რა გაკვეთილი იყო ეს თქვენთვის და რის შეცვლას გეგმავთ?
– იმ არჩევნებისგან განსხვავებით, სულ სხვაგვარი სტრატეგია გვაქვს, თუმცა პირველ რიგში ვფიქრობ, რომ ოპოზიცია არ დამარცხებულა, მას ძალიან მაგარი შედეგი ჰქონდა შუალედურ არჩევნებზე, იმიტომ, რომ არასდროს ოპოზიციურ ძალას 44% არ აუღია.
ეს ბევრ რამეზე მეტყველებს და გასათვალისწინებელია ხელისუფლებისთვის.
ნონა ცაბაძე, ახალი თაობა