“ახალი თაობის” კითხვებს გაერთიანებული ოპოზიციის ერთ ერთი ლიდერი, ყოფილი დიპლომატი მამუკა გამყრელიძე პასუხობს.
– ბატონო მამუკა, თქვენი პოსტი ვნახე, სადაც წერთ, რომ არჩევნების შემდეგ პირველად შეიკრიბეთ და ახალი დუღილის პროცესი დაიწყო. ანუ გადარჩა დაშლას გაერთიანებული ოპოზიცია?
– აქ დაშლაზე ლაპარაკი არც ყოფილა. ლაპარაკია იმაზე, რომ ეს შედეგი კვლავ არასასიამოვნო იყო ჩვენთვის. ასეთ მდგომარეობას უძახიან ხოლმე საარჩევნო “პახმელიას”. არასასიამოვნო გემოს ტოვებს ეს ყველაფერი, მაგრამ რას იზამ, უნდა გამოიტანო რაღაც დასკვნები, გადაახალისო რიგები, გადაახალისო მიდგომები და უნდა გააკეთო ისე, რომ როგორმე მოიგო.
ამ საარჩევნო სისტემით გამარჯვება არის უბრალოდ შეუძლებელი. ძალიან დიდ ფულთან გვაქვს საქმე. ყიდულობენ ნებისმიერს, ხარჯავენ იმდენ ფულს, რამდენითაც იყიდიან არჩევნებისთვის საჭირო ხმებს. ჩვენ კი ვერაფერს ვუპირისპირებთ ამ დიდ ფულს.
– სააკაშვილის უკრაინაში ჩასვლამ და მისმა გააქტიურებამ ახალი სისხლი გადაუსხა ოპოზიციასო. რას ცვლის ეს სიტუაცია და რატომ არიან ასე აჟიტირებულები მისი მხარდამჭერები?
– ეგენი ყოვეთვის აჟიტირებულები არიან. მაგათ ნუ მივაქცევთ ყურადღებას. ზოგადად რადიკალური მიდგომები ჭარბობს საქართველოში. უფრო მშვიდად რომ უყურო, შედარებით მშვიდი დასკვნების გაკეთება იქნება შესაძლებელი. რა თქმა უნდა, ხელ-ფეხი გაეხსნა სააკაშვილს, იმიტომ, რომ უკანონოდ ჰქონდა ჩამორთმეული მოქალაქეობა.
ახლა ის უკრაინაშია, უკრაინა აქვეა. მას მიეცა საშუალება პოლიტიკური საქმიანობის უკრაინაში. ეს დადებითად იმოქმედებს არამარტო მიხეილ სააკაშვილის განწყობაზე, არამედ იმ ხალხის, ვინც მას მხარს უჭერს. თუმცა გავიმეორებ, არჩევნებით რაიმე გამარჯვების მიღწევა არის შეუძლებელი. მე ამაში დავრწმუნდი.
– თუ არჩევნები არა, მაშინ რა?
– არჩევნებზე უარის თქმა არ შეიძლება, მაგრამ 2020 წლის არჩევნებიც თუ მოსყიდვით, დაშინებით და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით წავიდა, რაღაცა პროტესტი უნდა იყოს აუცილებლად.
ძალიან დაძაბული სიტუაციაა საზოგადოებაში, ხალხს უნდა, რომ გამოხატოს პროტესტი, მაგრამ არ არის ლიდერი. ეს ლიდერშიპი არ ცდილობდა იმას, მათ შორის მეც, რომ ხალხი გამოგვეყვანა ქუჩაში. ამას აზრიც არ ჰქონდა, რადგან ამ არჩევნებით ხელისუფლება არ იცვლებოდა. 2020 წლის არჩევნებით კი ხელისუფლება იცვლება. ყველაზე კარგად ეს საქმე იცის მიხეილ სააკაშვილმა და რადგან იცის, უნდა გააკეთოს.
– ანუ სააკაშვილს შეუძლია საპროტესტო მუხტი ააგოროს?
– ეს ყოველთვის შეუძლია სააკაშვილს, მუხტის შემოტანა, ხალისის შემოტანა ყოველთვის შეეძლო.
– რამდენად შეძლებს ამ ყველაფერს უკრაინიდან?
– ვერ გეტყვით, როგორ შეძლებს. მას მრავლად ჰყავს მხარდამჭერები, კონკრეტულად მისი და არა – გაერთიანებული ოპოზიციის და განსაკუთრებით ის აჟიტირებულები, რომლებიც თქვენ ახსენეთ. ამ ხალხის მხარდაჭერით ის შეიძლება შემოვიდეს საქართველოში, გადმოვიდეს საზღვარზე.
– როგორ?
– თუ 30 ან 50 ათასი კაცი დადგება მის გვერდით, მიდი და ხელი ახლე მიშას თუ მაგარი ხარ. ეს ფაქტიურად შეუძლებელია.
– სააკაშვილის გააქტიურებასთან ერთად, მაშინვე იწყება საუბარი მის ექსტრადირებაზე, როგორ გამოიყურება ამ ფონზე ხელისუფელბა?
– ეს აბსურდია. არავინ მიშას დაკავებას არ დაიწყებს და ეს ამ ხელისუფლებამაც გადასარევად იცის. უბრალოდ, ეს სიტყვების ბრახაბრუხია.
– ანუ თუ აგორდა საპროტესტო ტალღა შესაძლოა, შემოვიდეს კიდეც საზღვარზე?
– თუ მისი მხარდამჭერები ამას მოისურვებენ და მოინდომებენ, ეს თავისუფლად შეუძლიათ გააკეთონ.
რაც შეეხება ჩვენს გეგმას, ჩვენ გვინდა, რომ არჩევნებში მივიღოთ მონაწილეობა, ჩვენ გვინდა, რომ მოვიაროთ საქართველო, მივიდეთ ხალხთან და ავუხსნათ, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. ხოლო თუ იქნება ისევ მოსყიდვა, დაშინება, შანტაჟი, აი მაშინ ჩვენც შევუერთდებით მიშას მომხრეებს და ჩვენც ვიქნებით ამის ინიციატორები, რადგან ამის მოთმენა, რაც ხდება, უკვე აღარ შეიძლება.
– საპარლამენტო არჩევნებზე სულ სხვა მოცემულობაა, უშველის ხელისუფლებას მარტო მოსყიდვა?
– 2020-ში ბოლო მაჟორიტარული არჩევნებია და ამ მაჟორიტარული არჩევნებით სიცოცხლეს იხანგრძლივებს “ქართული ოცნება”. 73 მაჟორიტარია ამ პარლამენტში და ყველა “ოცნებისაა”. 2020-შიც ძალიან ბევრ გაიყვანს. ვთქვათ გაიყვანა 70 მაჟორიტარი, სიით 23%-ის აღება იქნება საკმარისი იმისთვის, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა მიიღოს “ქართულმა ოცნებამ”.
წარმოგიდგენიათ, როგორი დისონანსი იქნება ხალხის ხმასა და იმ მდგომარეობას შორის, რაც პარლამენტში იქნება?! თუნდაც ვერ გაიყვანოს 70-ვე და 50 გაიყვანოს, ამ 23%-ით ის უმრავლესობას მიიღებს.
ხელისუფლების ამ საარჩევნო სისტემით შეცვლა არის შეუძლებელი! მაჟორიტარული სისტემა “ოცნების” მოგონილი არ არის, უფრო ადრე იყო შემოტანილი და დიდი სისულელე იყო, ჩემი აზრით. დროა, ეს გამოვასწოროთ.
– 2020-ისთვის ეს ცვლილება არ იგეგმება, ანუ “ოცნება” რჩება ხელისუფლებაში?
– არ ვიცი, რა იქნება. ჩვენ ვაგროვებთ ხმებს ამ სისტემის შესაცვლელად. შემოდგომაზე უკვე მოხდება მისი პროცედურაში ჩაშვება და განხილვა. თუმცა არა ვართ დარწმუნებული, რომ ხელისუფლება დათმობს ამას.
არ გამოვრიცხავ, რომ ხალხს ყელში ამოუვიდეს ეს ყველაფერი და გამოვიდეს ქუჩაში. ხელისუფლებას მთლიანად ფეხებზე კიდია საკუთარი მოსახლეობა. ამ ფონზე ვხედავთ ტოტალურ არაპროფესიონალიზმს. განსაკუთრებით სალომე ზურაბიშვილისაგან, ასევე სერიოზული არაპროფესიონალიზმია მამყ\უკა ბახტაძისგან, რას ბოდიალობს, ვერ გაიგებ.
აღარ ვლაპარაკობ პარლამენტის თავმჯდომარეზე, რომელიც რობოტად იქცა უკვე და შეურაცხყოფის მიყენების მეტს აღარაფერს აკეთებს.
ქალაქის მერზე ცუდს ვერაფერს ვიტყვი, ის კარგად მუშაობს. ჩაცმაც კარგი იცის და მანქანის შერჩევაც.
დანარჩენებს იცით, როგორ დამოკიდებულება აქვთ? არც გისმენენ, არ განიხილავენ რეკომენდაციებს, რჩევებს. ასე დიდხანს გაგრძელება აღარ შეიძლება. ამიტომ მარტო არჩევნების იმედად ყოფნა უბრალოდ არ შეიძლება.
ნონა ცაბაძე, ახალი თაობა