მირიან მირიანაშვილი – „ანაკლიის პორტს ეშველება, თუ ის ამერიკელების გამგებლობაში გადავა“

მირიან მირიანაშვილი - „ანაკლიის პორტს ეშველება, თუ ის ამერიკელების გამგებლობაში გადავა“საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა კვლავინდებურად იმეორებს, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა და ამოქმედება ქვეყნის სტრატეგიული პრიორიტეტია, საზოგადოება კი ისევ საგონებელშია ჩავარდნილი ანაკლიისა და ფოთის გარშემო განვითარებული მოვლენებით.
რა ხდება ანაკლიის გარშემო? ამ და სხვა საკითხებზე „ახალი თაობა“ ესაუბრა ყოფილ დეპუტატს, „საქართველოს გადარჩენის მოძრაობის“ ლიდერ მირიან მირიანაშვილს.
მირიან მირიანაშვილი:
– ანაკლიის პორტის გარშემო მიმდინარე პროცესებზე სხვებზე მეტი ინფორმაცია მაქვს. გარდა მიმდინარე მოვლენებზე ინფორმაციის ქონისა, პორტების სპეციალისტი ვარ.
სააკაშვილის მმართველობის დროს სპარსეთის ყურეში, ბენდერ-აბასში ვსაქმიანობდი. აქტიურად ვიყავი დაკავებული პორტის შერჩევით და მშენებლობით, ასევე ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფნის ოპერირებით. სპარსეთის ყურე გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი სატრანსპორტო-პოლიტიკური კვანძია, ვიდრე შავი ზღვა.
ჩვენთვის შავ ზღვაზე ღრმაწყლოვანი პორტის არსებობა სასიცოცხლოა. ანაკლიაზე 30 წელიწადია, მიდის საუბარი. 2006 წლის შემოდგომაზე სპარსეთის ყურედან ჩამოვიყვანე დელეგაცია ანაკლიის პროექტის მოსასინჯად. მაშინ სააკაშვილმა შემომითვალა, რუსეთთან მოაგვარე ურთიერთობა და ანაკლიაც დაიძვრებაო.
– გამოდის, რომ სააკაშვილი ანაკლიის პროექტს რუსებს უთანხმებდა?
– ცხადია. საერთოდ, ამ პროცესებს თავიდან ბოლომდე მოსკოვი აკონტროლებდა და ჯერ კიდევ აკონტროლებს. რუსეთიდან მართული საქართველოს ესა თუ ის ხელისუფლება ღიად ვერ იტყოდა, რომ პორტები არ უნდა. ამას ვერავინ ამბობს. სამაგიეროდ, ყალბი ფუსფუსი გრძელდება.
– ყალბი ფუსფუსი რას ნიშნავს? პორტის მშენებლობის იმიტაციას?
– რასაკვირველია. დასავლური, პირველ რიგში, ამერიკული ელიტების დასანახად მიდის სიაფანდი ხმაური ანაკლიის გარშემო. სინამდვილეში, საქმე არ კეთდება. ვინც ჩახედულია ნავსადგურების საქმიანობაში, ნავიგაციასა და ამ სფეროს მმართველობაში, იცის, რომ პორტი თავისით არ შენდება. არც ტვირთბრუნვა ჩნდება ცარიელ ადგილზე.
კავკასიაში ნებისმიერი ტვირთი პოლიტიკურად მოტივირებულია. ტვირთბრუნვაზე და სხვა საკითხებზე აუცილებელია პარტნიორებთან შეთანხმება. ჩვენს შემთხვევაში ეს ვერ ხდება. იმავე რუსეთის ზეწოლის გამო არ ხდება კონტაქტი ცენტრალური აზიის სახელმწიფოებთან ან სხვებთან. ნებისმიერ პორტში უმთავრესია უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამაში მარტო ხანძარი ან სტიქია არ იგულისხმება.
– უსაფრთხოება ფართო ცნებაა.
– რასაკვირველია. პოლიტიკური და სამხედრო უსაფრთხოება არანაკლებად აქტუალურია.
– ანაკლიის შემთხვევაში არ არის დაცული უსაფრთხოება?
– არ არის დაცული. იქვე რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთია. ანაკლიას ეშველება მაშინ, თუ ის აშშ-ის ფიზიკური და იურიდიული პირების გამგებლობაში გადავა.
– ჩვენი საზოგადოება დარწმუნებულია, რომ ანაკლიის პროექტში ამერიკა ისედაც მონაწილეობს.
– ინვესტორების და ინვესტიციების მონაწილეობა სხვა კატეგორიაა. მე ვამბობ გამგებლობაზე, განკარგვაზე. თუ ამ რგოლში ამერიკელები იქნებიან, ეს შეაკავებს რუსეთს და შექმნის უსაფრთხოების გარანტიებს. ამით 50 წლიანი გათამაშებული ეპოპეა დასრულდება.
ყალბი ფუსფუსი ანაკლიის გარშემო განსაკუთრებით გაძლიერდა ბოლო 15 წლის განმავლობაში. ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს და მის საკონტეინერო ტერმინალს დიდი სიგრძე უნდა ჰქონდეს. მან უნდა გადაფაროს გამყოფი ადმინისტრაციული ზოლი აფხაზეთთან, რომელსაც რუსები და აფხაზები საზღვარს უწოდებენ. ეს შექმნის უსაფრთხოების გარანტიებს, ასევე მინიმუმამდე დაიყვანს სხვადასხვა სახის დესტაბილიზაციას სამეგრელოში აფხაზეთის კონფლიქტის გადაჭრამდე.
– ფოთში ღრმაწყლოვანი პორტის აგების იდეა ანაკლიის წინააღმდეგაა მიმართული?
– ეკონომიკური აქტივობის ფოთში გადმოტანა რუსეთიდან მოდის. რუსები ძალიან დაიძაბნენ ამერიკული აქტიურობის ზრდით საქართველოში. კრემლს აშფოთებს, რომ იზრდება აშშ-ის პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო ინტერესი საქართველოში. გარდა ამისა, ჩრდილოელი მეზობელი აგრძელებს ხელისუფლების გადაბარების ვარიანტების გათამაშებას საქართველოში.
– ზუგდიდზე, დავითგარეჯსა და პანკისზე ადრე ისაუბრეთ. გადაბარების სხვა სცენარებიც დაიდგა?
– რუსმა პოლიტტექნოლოგებმა ბოლო დროს კიდევ ერთი კარტი გაათამაშეს – სოციალური აფეთქება ჭიათურაში.
– ესეც რუსეთიდან ნაკარნახევი სცენარია?
– რასაკვირველია. ამაზე უტყუარი ინფორმაცია მაქვს. ჭიათურის გაფიცვა და მიტინგები თავიდან მოაზრებული იყო ზუგდიდის მოვლენების პარალელურად. როცა ზუგდიდში მოვლენების აგორება შუალედური არჩევნების შემდეგ ჩაიშალა, ჭიათურის სცენარის დარეზერვება მოხდა.
როგორც ხედავთ, ჭიათურაშიც მინელდა მოვლენები. ამის გარდა, უნდოდათ დავითგარეჯის მუხტის გადმოტანა მარნეულში. პანკისშიც დიდი პროვოკაცია იგეგმებოდა.
პარლამენტში დაიწყო დეზინტეგრაციის პროცესი. ამ ყველაფრით რუსეთს უნდოდა ამერიკელების დარწმუნება იმაში, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზისის ნიშნებია და ხელისუფლების გადაბარების დრო მოვიდა. პერიფერიებში დაწყებული კრიზისები თბილისში ვერ გადმოიტანეს. ამაზე კრემლის აქაურ მსახურებს მოსკოვიდან დასტური არ ჰქონდათ. პარლამენტის უმრავლესობიდან გამოსული ბესელია-კვაჭანტირაძე ჰაერში იყვნენ თვენახევარი გამოკიდებული. მოგვიანებით სურკოვმა პარტიის შექმნის ნებართვა გასცა და ბესელიამაც პარტია შექმნა.
– ბესელია თავის ძალას „ოცნების“ ალტერნატივად აცხადებს.
– მაგას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. საყურადღებოა ის, რაც თქვა ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე დღის წინ. მან გამოაცხადა, რომ კიდევ დიდხანს აპირებს პარტიის თავმჯდომარეობას.
– ეს რისი გამოვლინებაა?
– ეს სიტყვები გზავნილია დასავლეთისადმი. ამით ნათქვამია, რომ გადაბარება არ ხდება. რუსეთს ბევრი სცენარი ჩაეშალა და ანაკლიია-ფოთის სკანდალი პოლიტიკური ინტერმეცოს შესავსებად გახდა საჭირო.

მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა