მსახიობი გალინა ხვიჩია ბორჯომში ავარიაში დაიღუპა – „ვაჟას შვილიშვილები წაუყვანია სასეირნოდ და მაშინ დაეჯახა მანქანა”

მსახიობი გალინა ხვიჩია ბორჯომში ავარიაში დაიღუპა - „ვაჟას შვილიშვილები წაუყვანია სასეირნოდ და მაშინ დაეჯახა მანქანა”ბორჯომში, რუსთაველის ქუჩაზე, სამ ქვეითად მოსიარულეს, 60 წელს გადაცილებულ ქალს და 2 მცირეწლოვანს, ავტომანქანა დაეჯახა.

შემთხვევა დღეს, 19 ივნისს, დილით მოხდა.

დაშავებულები ბორჯომის ჯეო–ჰოსპიტალსის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.

მოგვიანებით 60 წელს გადაცილებული ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ორი მცირეწლოვანი კლინიკაში რჩება, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ჯეო–ჰოსპიტალსის დირექტორის, ირაკლი დიასამიძის, თქმით, ქალს თავზე პოლიტრამვები ჰქონდა რამაც, მისი გარდაცვალება გამოიწვია.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი მესხეთის თეატრის 75 წლის მსახიობი გალინა ხვიჩიაა.

გალინა ხვიჩია ბორჯომში, დასასვენებლად, თეატრის მსახიობ ვაჟა ნიკოლაშვილთან და მის შვილიშვილებთან ერთად იმყოფებოდა.

„ვაჟას შვილიშვილები წაუყვანია სასეირნოდ და ეს ამბები მომხდარა, მეც ვაზუსტებ რაღაცეებს, სხვა დეტალები არ ვიცი“, – გვითხრა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ლია სულუაშვილმა.

გალინა ხვიჩია მესხეთის დრამატული თეატრის მსახიობი 52 წლის განმავლობაში იყო. ახალციხეში თეატრალური კარიერის დასაწყებად თბილისიდან 1967 წელს წამოვიდა და ერთ-ერთია დასის იმ 17 წევრს შორის, ვისთან ერთადაც მესხეთის თეატრმა არსებობა დაიწყო.

შსს–მ საქმეზე ძიება ძიება, სსკ–ს 276 მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს და ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.

სამხრეთის კარიბჭე