15 წლის ნიტა ლომიძე ხელოვნების სკოლაში ჩაირიცხა, სრული დაფინანსებით. საკონსულტაციო სააგენტო Trinity Aducation-ი სოციალურ ქსელში ნიტას წარმატების შესახებ პოსტს აქვეყნებს.
„მოხარულნი ვართ გაცნობოთ, რომ ჩვენი უნიჭიერესი სტუდენტი, ნიტა ლომიძე, სწავლას განაგრძობს კალიფორნიაში, აშშ-ს წამყვან კერძო სკოლა-აკადემიაში, Idyllwild Arts Academy. აკადემიის მიმღები საბჭოს გადაწყვეტილებით, ნიტას მიენიჭა პრესტიჟული სასწავლო სტიპენდია (Scholarship Award), რომელიც 50.000 $ აღემატება.
Idyllwild Arts Academy წლებია საშემსრულებლო ხელოვნების მიმართულებით მსოფლიოს საუკეთესო სასწავლებელთა შორის მოწინავე პოზიციებს იკავებს.
აკადემიური ბრწყინვალებით უმაღლესი A+ რეიტინგის მქონე აიდილვაილდის აკადემია, 2019 წელს აშშ-ს საუკეთესო არტ სკოლათა შორის კვლავ პირველ ადგილზე მოექცა – The 1st position in the Best High Schools for the Arts in America (Niche, 2019). სკოლის დასრულების შემდგომ, მოწაფეები აბარებენ ისეთ წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში, როგორებიცაა Julliard, Stanford, NYU, Emerson, ა.შ.“
ნიტა ცნობილი წყვილის – ქორეოგრაფ თეა გობეჯიშვილისა და ტელერეჟისორისა და წამყვანის – ნიკა ლომიძის ქალიშვილია. მას კარგად იცნობს მაყურებელი საბავშვო კომედიური ჟანრის ფილმებიდან „ცელქი ბავშვები“, „ლურჯი ფრინველი“, „ანოს და ვანოს თავგადასავალი“, „ვისი სული გსურს“… ნიტა გახდა გამარჯვებული პროექტისა შენ შეგიძლია ცეკვა.
ცეკვის ნიჭი და არტისტულობა რომ აღმოაჩნდა, მოულოდნელობა სულაც არ არის. ის დედის – თეა გობეჯიშვილის ცეკვის აკადემიაში გადიოდა კურსს. სწავლობდა ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის საბალეტო სასწავლებელშიც.
როგორც თეა გობეჯიშვილი „პრაიმტაიმთან“ ამბობს, ძალზედ გახარებულები არიან, თუმცა თავდაპირველად ზაფხულის სკოლაში ერთთვიანი სწავლება უნდოდათ. ნიტა ორი წლის წინ ნიუ იორკის ზაფხულის სკოლაში იყო და ძალიან მოსწონებია იქაურობა.
თეა გობეჯიშვილი: – ძალიან უნდა იყოჩაღოს და სწავლის გაგრძელების შანსი ექნება. მასზეა დამოკიდებული.
– თქვენს კვალს გაჰყვა. გახარებთ ეს ფაქტი?
– ასე გამოდის, თუმცა ძალიან უნდა სამსახიობო განხრით წასვლაც. შეთავსებით როგორ მოახერხებს, გამოჩნდება. ქორეოგრაფია რთულია, შრომატევადი პროფესიაა. ბევრი შრომა და უნარი სჭირდება. მდგრადი ხასიათი სჭირდება. უყვარს ცეკვა და წინააღმდეგი რატომ უნდა ვიყო. ბედნიერია ადამიანი, როდესაც იმას აკეთებს, რაც უყვარს.
– მამის დამოკიდებულება როგორია?
– მამას ყოველთვის ის უნდა, რაც ნიტას უნდა. ყველაფერში ემხრობა. მე მის ამერიკაში სამი წლით გაშვებას ვყოყმანობდი, რადგანაც ძალიან შორს უნდა იყოს. ნიკა ძალიან ბედნიერია, ნიტა ხომ ბედნიერებისგან დაფრინავს.
– როგორი გოგოა?
– დამოუკიდებელი გოგოა. 6 წლიდან გასტროლსა თუ ტურნირზე მარტო ვუშვებდით და მიჩვეულია თავის მოვლას. საკმაოდ კომუნიკაბელურია, დამოუკიდებელი და შრომისმოყვარე.
– და არტისტულიც ამავდროულად.
– მერიდება ჩემ შვილზე ასე საუბარი. ნამდვილად სასიამოვნო სიურპიზი იყო. ყველას გვიხარია. სკოლაში აგვისტოს ბოლოს უნდა იყოს. ნიკა მიყვება, მე თუ საქმეებმა ხელი არ შემიშალა, წავყვები.
პრაიმ ტაიმი