რამაზ საყვარელიძე – “ზაფხულში თუ მთავრობა შეიცვლება, შემოდგომაზე ვადამდელი არჩევნები იქნება”

რამაზ საყვარელიძე - "ზაფხულში თუ მთავრობა შეიცვლება, შემოდგომაზე ვადამდელი არჩევნები იქნება"პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– ბატონო რამაზ, პარლამენტში პრემიერ ბახტაძეს დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ ჰკითხა, როდის გადადგებითო და უთხრა, რომ მას ფიქტიური ფუნქცია აკისრია. საზოგადოებაში პრემიერის ნომინალურ ფიგურად აღქმა რამდენად არის პრობლემა?
– საზოგადოება არ ნიშნავს პრემიერს. პრემიერს ნიშნავს მმართველი პარტია. ამ შემთხვევაში საზოგადოებას ერთადერთი ბერკეტი აქვს და ეს ბერკეტი არის მხოლოდ არჩევნები. ხალხის კმაყოფილება ან უკმაყოფილება მხოლოდ იმ ხარისხით აისახება პოლიტიკურ პროცესებზე, რითაც ეს საზოგადოება პროცესებზე ახდენს გავლენას.
დემოკრატიულ საზოგადოებაში არჩევნები არის წამყვანი, მაგრამ არსებობს სხვა ბერკეტებიც. თუმცა, რამდენად იყენებს ამ ბერკეტს ეს საზოგადოება, ეს არის მნიშვნელოვანი. ასევე, მნიშვნელოვანია, რამდენად არის პოლიტიკურად განათლებული ეს საზოგადოება.
როცა საზოგადოება უარს ამბობს თავის როლზე, ძალიან რთულია მერე მას უფრო მაღალი პოლიტიკური კულტურა მოსთხოვო.
– არჩევნებზე ამომრჩევლის დაბალ აქტივობაზე საუბრობთ?
– რა თქმა უნდა!
– თუ ეს ამომრჩეველი ვერც ერთ პოლიტიკურ ძალასთან ვერ ახდენს იდენტიფიცირებას? ბოლოს და ბოლოს, მერამდენედ უცრუვდება იმედები.
– ეს არის თავის მართლების პოზიცია. დემოკრატია არის ყოველდღიური პროცესი, რომლის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი თავად საზოგადოებაა. შემდეგ ეს უკვე არჩევნებში კონვერტირდება, როგორც ამომრჩეველი, როგორც ელექტორატი.
თქვენ ძალიან სერიოზული პრობლემა წამოჭერით – იმედგაცრუება, დიახ, გეთანხმებით, ადამიანები დაიღალნენ და ეს სრულიად ბუნებრივია, მაგრამ თუ ბრძოლის უნარს დაკარგავს ადამიანი, მაშინ ის განწირულია და თუ ამის განზოგადება შეიძლება, მაშინ ეს საზოგადოება განწირულია.
– ჩვენს პოლიტიკურ რეალობას დავუბრუნდეთ.
– დავუბრუნდეთ. მართალია, “ქართული ოცნების” რეიტინგი კლებულობს, მაგრამ ოპოზიციის რეიტინგი კიდევ უფრო კლებულობს.
– ამას რითი ხსნით, რამდენად ახსნადია?
– რა თქმა უნდა, ახსნადია. სრულიად მარტივად დგას საკითხი: ეს საზოგადოება ანუ ამომრჩეველი ოპოზიციაში მმართველი ძალის ალტერნატივას ვერ ხედავს. და ეს ვისი ბრალია, რასაკვირველია, ოპოზიციის. ამას ხომ ვერ დააბრალებ ხელისუფლებას?! ეს ხელისუფლება ხომ ვერ იზრუნებს იმაზე, რომ ძლიერი ოპონენტი ჰყავდეს?!
– ამიტომაც აწყობს ნაციონალური მოძრაობა მთავარ ოპონენტად?
– რა თქმა უნდა! ოპოზიცია, რომელიც ვერ გაიზარდა, ვერ ჩამოყალიბდა რეალურ ალტერნატივად, საზოგადოების მიერ ვერ იქნება აღქმული, როგორც ხელისუფლების ჩამნაცვლებელი. თუნდაც, რაც ახლა ხდება მთაწმინდის ოლქში, შეიძლება იყოს რაციონალური, ძლიერი ოპოზიციის პოლიტიკური სვლა?!
– შალვა შავგულიძის მხარდაჭერაზე უარს გულისხმობთ?
– დიახ, სწორედ ამას. ამის შემხედვარე იფიქრებ, ოპოზიციას საერთოდ უნდა კი გამარჯვება?! დღეს საქართველოში ოპოზიცია დამარცხებასთან არის ასოცირებული და, როგორც ჩანს, ასეც უნდა, რომ იყოს აღქმული.
ან რომ დავუბრუნდეთ პარლამენტის სხდომას, სადაც დავით ჭიჭინაძემ პრემიერ ბახტაძეს რომ მიმართა, როდის მიდიხარ სახლშიო?! უკაცრავად, დიდი პატივისცემით, ეს ჩემთვის უფრო ქუჩური გარჩევა, ვიდრე რეალური, არგუმენტირებული პოლიტიკური დებატები დეპუტატებსა და პრემიერს შორის.
– ბატონო რამაზ, ნათია თურნავაზე რას იტყვით? მის სახელს უკვე რამდენიმე სკანდალი უკავშირდება. შეინარჩუნებს თანამდებობას თუ შეიძლება მოხსნან?
– რომ არ მოეხსნა სააგენტოს უფროსი, შეიძლება ეს სკანდალი კიდევ უფრო გაგრძელებულიყო, მაგრამ ახლა არ მგონია, გაგრძელდეს, ალბათ ამოწურულია. ასეა თუ ისე, თურნავა გამოცდილი კადრია. ჯერ კიდევ შევარდნაძის დროიდან ის მაღალ თანამდებობებს იკავებდა და ალბათ პოლიტიკური გამოცდილებაც დააგროვა.
– ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა, ქობულიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მისთვის უცნობია, საერთოდ ვერ გაერკვა, რაზეა საუბარი. თან, როგორც ამბობს, სააგენტოს ყოფილ უფროს კაკაურიძესთან დაკავშირება სცადა, მაგრამ ამაოდ.
– ეს დეტალებია. თუმცა, თუ გიორგი ქობულია ღიად ისაუბრებს და უფრო დეტალებში, მაშინ შეიძლება გაგრძელდეს. თუმცა, მე მაინც მგონია, რომ თურნავას ჯერ არ გადააყენებენ. ვნახოთ.
– სამთავრობო ცვლილებებზე ადრე უფრო იყო საუბარი, ახლა თითქოს არც კი განიხილება. სამთავრობო ცვლილებების საკითხმა გადაიწია?
– არ გამოვრიცხავ. საერთოდ, ასეთი ტიპის ცვლილებები პიარის თვალსაზრისით, არჩევნების წინ ხდება. ეს უფრო მომგებიანია იმ დროისთვის. მე არ გამოვრიცხავ, რომ ასეთი რჩევა ბიძინა ივანიშვილმა მიიღო.
– ამბობენ, თუ ზაფხულში მოხდება სამთავრობო ცვლილებები, მაშინ შემოდგომაზე ვადამდელი არჩევნები დაინიშნება. იზიარებთ ამ ვერსიას?
– სიმართლე გითხრათ, მართლაც არ გამოვრიცხავ ამ ვერსიას. ზაფხულში თუ სამთავრობო ცვლილებები მოხდება და ახალი პრემიერი დაინიშნება, მაშინ შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნები უნდა ვივარაუდოთ.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა