მმართველი გუნდის გარდა, პრაქტიკულად სრული პოლიტიკური სპექტრი ითხოვს მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას უკვე 2020 წლის არჩევნებისთვისვე, თუმცა ჯერჯერობით ხელისუფლება დათმობაზე წასვლას არ აპირებს.
მაჟორიტარული სისტემის გაუქმების მთავარი მოტივაცია კი ის არის, რომ ის უსამართლო სისტემაა. მაგალითად, თუ რომელიმე პარტია, რომელიც არჩევნების დროს რეიტინგით აღემატება სხვა პარტიებს, პროპორციული წესით 31%-ს მოაგროვებს, ხოლო მეორე ადგილზე გასული ძალა 29%-ს მიიღებს, მაჟორიტარების ხარჯზე დიდი ალბათობაა იმის, რომ 31%-იანმა პარტიამ უმრავლესობა მოიპოვოს და მთავრობის ფორმირებაც მანვე მოახდინოს ერთპარტიულად.
რა ხარვეზებია საარჩევნო კანონმდებლობაში და როგორ შეიძლება მოხდეს, რომ ხელისუფლება კომპრომისზე წამოვიდეს? _ ამ საკითხებთან დაკავშირებით „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე საუბრობს.
_ იმის გარდა, რომ მმართველი პარტიის გარდა პრაქტიკულად ყველა ითხოვს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებას, კიდევ რა ხარვეზებია საარჩევნო კანონმდებლობაში, რაც საჭიროებს აუცილებელ ცვლილებებს?
_ რაც მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ეხება, მე მგონი, ეს ჩვენი საზოგადოებისთვის გასაგებია და ცხადია, რატომაც არის ეს მოთხოვნა. რაც შეეხება დანარჩენს, აქ ჩემი აზრით არის არა იმდენად მოქმედი კანონის შეცვლაა აუცილებელი და ახალი ნორმების დამატება, არამედ პრობლემაა ამ კანონის ნორმების სწორად აღსრულება.
_ რა გაქვთ მხედველობაში?
_ კანონის ერთ-ერთი ნორმა ამბობს, რომ შესაძლებელია ხმების გადათვლა, ანუ მოთხოვნის საფუძველზე კომისია იღებს ვალდებულებას, გადაითვალოს კენჭისყრის შედეგები, მაგრამ ეს მოთხოვნა არ კმაყოფილდება. ეს ხდება უკვე მრავალი წლის განმავლობაში.
ეს მოთხოვნა ძალიან ხშირად წარმოიშობა ლოგიკურად. ხშირად ყოფილა შემთხვევები, როდესაც ხმების დათვლისას ერთი სუბიექტისათვის მიცემული ხმა ჩაუდიათ მეორე სუბიექტის სასარგებლოდ. ან დათვლის შედეგები ოქმში არასწორად აისახა, ამის გამოსწორება ერთადერთი გზით არის შესაძლებელი და ეს არის ხმების გადათვლა. ასეთი მოთხოვნები, როგორც წესი, არ კმაყოფილდება ხოლმე.
_ არგუმენტი რა არის, როდესაც ამ მოთხოვნას არ აკმაყოფილებენ?
_ არ აკმაყოფილებენ და მორჩა. არ არის საკმარისი საფუძველიო და ამბობენ, რომ ყველაფერი სწორად იყო. არანაირად არგუმენტირებული არ არის ხოლმე.
_ თუ დარჩება მაჟორიტარული სისტემა და უმეტეს მაჟორიტარულ ოლქებში გაიმარჯვა ერთმა პარტიამ, ხოლო პროპორციული სისტემით ვთქვათ აიღო 31%, ხოლო მეორე ადგილზე გასულმა ძალამ 29% ,ეს რა სურათს მოგვცემს?
_ ჩვენთან როდესაც არის შერეული საარჩევნო სისტემა, ამ სისტემის ორივე ნაწილი ერთი მეორისგან დამოუკიდებლად ითვლება.
პროპორციული სისტემით პირველ ადგილზე გასულმა პარტიამ თუ აიღო 31%, ის მიიღებს 77 მანდატის 31%-ს, ან ცოტა მეტს, რადგან ზღვარ-გადაულახავი პარტიების პროცენტები ემატებათ, ამიტომ 31%-ზე ცოტა მეტს მიიღებს, ისევე როგორც სხვა სუბიექტები მიიღებენ მათ მიერ მიღებულ პროცენტზე ოდნავ მეტს. შესაბამისად, ეს მაჩვენებელი გამოდის დაახლოებით 23-24 მანდატი.
რაც შეეხება მაჟორიტარულ სისტემას, ამ სისტემით არჩევნები ტარდება ცალკე. თუ ვთქვათ იმ 73 მანდატიდან, რომელიც მაჟორიტარული წესით უნდა განაწილდეს, ვთქვათ 60 მანდატი მოიგო პირველ ადგილზე გასულმა პარტიამ, მაშინ მისი მანდატების ჯამური რაოდენობა იქნება 83-84 მანდატი, შესაბამისად გამოვა, რომ გამარჯვებულ პარტიას ექნება უმრავლესობა. რადგანაც უმრავლესობა ექნება, ის ერთპარტიულად ჩამოაყალიბებს მთავრობას.
ეს ყველანაირი შეფასებით უსამართლოა შედეგია, ვინც კი ამ თემებთან დაკავშირებით ერკვევა ყველა მიიჩნევს ამას, რადგან 31%-იანი მხარდაჭერის პირობებში ამ პარტიას შეხვდება 80 მანდატზე მეტი, რომელიც 150 მანდატიდან შეადგენს 60%-ს. გამოვა, რომ მაჟორიტარული სისტემის ხარჯზე ჯამურად მიღებული მანდატების რაოდენობა ორჯერ მეტია, ვიდრე ის, როგორი მხარდაჭერაც ამ პარტიას აქვს ამომრჩევლების მხრიდან.
_ ანუ ეს არის ამ სისტემის უსამართლობა?
_ დიახ, ეს არის ამ სისტემის უსამართლობა.
_ რა შემთხვევაში შეიძლება წავიდეს ”ქართული ოცნება” 2020-ში მთლიანად პროპორციულ სისტემაზე გადასვლაზე?
_ ამაზე პასუხი საკმაოდ რთულია, თუმცა გავიხსენებ ერთ ეპიზოდს. თავის დროზე, როდესაც პირველი მრავალპარტიული არჩევნები უნდა ჩატარებულიყო, მაშინდელი ხელისუფლება კომპრომისზე რომ წასულიყო, ამას დასჭირდა არა მხოლოდ მრავალი დიდი მიტინგის ჩატარება თბილისსა და სხვა ქალაქებში. საბოლოოდ მათი თანხმობა მას შემდეგ ითქვა, რაც სამტრედიასთან ზვიად ძიძიგურმა და მრგვალი მაგიდის წევრებმა რკინიგზა გადაკეტეს.
ასეთმა რადიკალურმა გზამ დაათმობინა კომუნისტურ ხელისუფლებას. იმ რკინიგზის გადაკეტვით მაშინ ჩვენ ყველამ ზიანი მივიღეთ, მხედველობაში მაქვს ეკონომიკური ხასიათის ზიანი. მაგრამ ამის ხარჯზე იქნა მოპოვებული პოლიტიკური გადაწყვეტილება და არჩევნები ჩატარდა უფრო ნორმალური სისტემით, ვიდრე ამის გაკეთებას კომუნისტები აპირებდნენ. თუმცა, ის უფრო ნორმალური სისტემა არის ის სისტემა, რომელიც დღემდე გვაქვს. ის უფრო ნორმალური სისტემა საბოლოო ჯამში ძალიან ცუდი და ძალიან სახიფათო აღმოჩნდა ქვეყნისთვის. ახლა ამის შეცვლაა საჭირო.
_ როგორ?
_ რა აიძულებს ხელისუფლებას ამაზე დათანხმებას, ეს მე არ ვიცი. ერთადერთი არგუმენტი, რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ გონივრული მიდგომის შემთხვევაში ამ მოთხოვნას ხელისუფლება უნდა დათანხმდეს. მაგრამ, ჯერჯერობით ჩვენ ამ გონივრულობას ვერ ვხედავთ, ხოლო ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისინი არ აპირებენ არანაირ დათმობაზე წასვლას.
ახლა უკვე საზოგადოებამ უნდა მიიღოს ამის თაობაზე გადაწყვეტილება, რა უნდა უყოს ისეთ პარტიას, რომელიც სწორი გადაწყვეტილების მიღებაზე კატეგორიულ უარს აცხადებს. ამომრჩეველმა თავისი გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით არჩევნებზე უნდა გამოხატოს, ანუ ასეთ პარტიას არ უნდა დაუჭიროს მხარი. ეს იქნება მათი არასწორი მოქმედების სასჯელი. მაგრამ ეს უკვე ჩვენს საზოგადოებაზეა დამოკიდებული.
იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა