პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში მინისტრთა კაბინეტში მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებზე საუბრობს.
– ბატონო სოსო, კვლავ ვრცელდება საკადრო ცვლილების შესახებ ინფორმაცია. ამბობენ, რომ ამერიკაში ვიზიტის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ჩაანაცვლებს. რამდენად რეალურია ასეთი საკადრო გადაწყვეტილება?
– ასეთი მაღალი დონის ვიზიტის შემდეგ, თუ, რასაკვირველია, ვიზიტი წარმატებულია და “ქართული ოცნება” გვეფიცება, რომ წარმატებული ვიზიტი იყო, არ შეიძლება პრემიერი აეროპორტშივე მოხსნა ისე, რომ კაბინეტშიც კი არ შეუშვა.
ეს იქნება ძალიან ცუდი სიგნალი ამერიკელებისთვის, ეს პირდაპირ აღქმული იქნება ამერიკის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად. მე იმას კი არ ვამბობ, რომ მართლაც ვიღაცას სურს ამერიკის წინააღმდეგ გადადგას ნაბიჯი და სწორედ ეს სიგნალი გაუშვას სახელმწიფო დეპარტამენტში – არა, რა თქმა უნდა!
თუ მართლაც მოხსნიან პრემიერ ბახტაძეს ამერიკიდან დაბრუნებულს, ეს იქნება კიდევ ერთი ნიშანი, რომ ამ მთავრობამ ელემენტარული ანბანი არ იცის არათუ დიპლომატიაში, ზოგადად პოლიტოლოგიაში არაფერი გაეგება.
სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან სამი მთავარი საკითხი იყო დაყენებული, როგორც აუცილებლობა: ანაკლიის პროექტის განხორციელების აუცილებლობა, მეორე სასამართლო და მესამე თავისუფალი არჩევნები. ამერიკის სამივე მოთხოვნას პრემიერი ბახტაძე დაეთანხმა. შესაბამისად, თუ მოხსნიან ბახტაძეს, ეს ნიშნავს, რომ დადებულ შეთანხმებას ხაზი გადაესვა.
თუ ვინმეს აქვს რეალური ინფორმაცია, ეს, პირველ რიგში, ამერიკის შეერთებული შტატებია. ამერიკელებმა მშვენივრად იციან აქ, ვინ არის რეალურად გადაწყვეტილების მიმღები პირი. შესაბამისად, თუ ამ ვიზიტის შემდეგ ბახტაძეს გადააყენებენ, რა გამოდის?!
ამიტომ მე არ მგონია, რომ 5-6 თვე მამუკა ბახტაძე მოხსნან. თუმცა, ჩვენთან ხომ ყველაფერი უკუღმა ხდება და არც იმას გამოვრიცხავ, რომ დიპლომატიის ამ ელემენტარული კანონის შესახებ არც კი სმენიათ და გაუცნობიერებლად მართლაც მოხსნან მამუკა ბახტაძე ვიზიტის დასრულებიდან რამდენიმე დღეში.
– აქამდე აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია გიორგი გახარიას გაპრემიერებაზე. თუმცა, მოგვიანებით გახარიას გვარი ცქიტიშვილით ჩანაცვლდა. როგორ ფიქრობთ რატომ არა გახარია?
– მაია ცქიტიშვილი იქნება თუ გიორგი გახარია თუ მოქმედი პრემიერი ბახტაძე, მერწმუნეთ, ამით არაფერი იცვლება. ეს შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი დღის ინტრიგა და მეტი არაფერი.
ყველამ მშვენივრად იცის შინ თუ გარეთ, ვინ არის რეალურად ქვეყნის პირველი პირი, მეორე პირიც, მინისტრიც და ყველაფერი. ერთადერთი, ვინც ჩვენთან მართლაც ნომინალური იერარქი არ არის, ეს მხოლოდ მისი უწმინდესობა კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორეა.
მითხარით, რა შეიცვლება, თუ ბახტაძეს ცქიტიშვილი ჩაანაცვლებს?! გვარი ნამდვილად შეიცვლება პრემიერის გასწვრივ გრაფაზე, მეტი არაფერი.
– იგივეს იტყოდით გახარიას შემთხვევაშიც?
– აი, რაც შეეხება გახარიას, აქ ცოტა, სულ ცოტა განსხვავება არის. გიორგი გახარიამ, ასე თუ ისე, რაღაც თვისებები გამოავლინა, რასაც ოპოზიციაც კი აღიარებს.
– გამოდის, ივანიშვილს შეეშინდა?
– არა, არა! ივანიშვილს, მერწმუნეთ, არავისი ეშინია.
– იქნება გიორგი კვირიკაშვილს შეადარა და იფიქრა, ისეთივე დაუმორჩილებელი რომ აღმოჩნდეს…
– და ამის თქვენ გჯერათ?! გიორგი კვირიკაშვილი სრულიად ნათელია, რასაც შეეწირა. რაც შეეხება გახარიას, ის ბევრად უფრო ჭკვიანი მგონია მე, მაგალითად. შეიძლება ივანიშვილი ვიღაცეებს ეკითხება კიდეც – გახარია თუ ცქიტიშვილი? და იქიდან თუ 1 თანახმაა გახარიაზე, მერწმუნეთ, 5 წინააღმდეგი იქნება.
– რატომ?
– იმიტომ, რომ გახარიას ძალიან ბევრი ინფორმაცია აქვს. ბევრი კომპრომატი აქვს – ე.წ. ატკატები, ეს ჩაშლილი ტენდერები, ხომ იცის, თითოეული კომპანიის თუ ტენდერის უკან ვინ დგას. მეორე დღესვე დაიწყებს დაჭერებს. ამით რეიტინგიც მოემატება და კიდევ უფრო გაიმყარებს პოზიციებს.
ამიტომ გახარიას წინააღმდეგი ბევრი იქნება.
რაც შეეხება მაია ცქიტიშვილს: ის, ჯერ ერთი, ქალია. ქალი პირველი პირი ხომ იცით, როგორ დადებითად არის აღქმული ვეროკავშირშიც და ამერიკაშიც. მეორე, ცქიტიშვილი ბევრად უფრო მოზომილია, ბევრად უფრო მორჩილია. თან, როდესაც ის ინფრასტრუქტურის მინისტრი გახდა, ხომ ვიცით, ამით ივანიშვილმა რა ცალსახა გზავნილი გაუშვა?!
ივანიშვილი ცქიტიშვილს ენდობა. ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრო არის ერთ-ერთი მაღალბიუჯეტინი სამინისტრო.
– თავად ივანიშვილის დაბრუნებას გამორიცხავთ?
– ნამდვილად გამოვრიცხავ! არავითარ შემთხვევაში არ დაბრუნდება იმ ჯოჯოხეთში, რაშიც ერთხელ იყო. ივანიშვილისთვის ეს ნამდვილად არის ჯოჯოხეთი სხვებისგან განსხვავებით. მით უფრო მაშინ, როდესაც ივანიშვილის რეიტინგი მცოცავ რეჟიმში გადავიდა. ნელ-ნელა ქვევით მოდის.
რაც მართლაც არ ეხება მას, იმასაც კი მას აწერენ. ეს ხაფანგი თავად დაიგო. ხვალ რომ სეტყვა იყოს, იმასაც ივანიშვილს დააბრალებენ.
– 2020 წლისთვის ივანიშვილის ფაქტორი არ იქნება გადამწყვეტი?
– გადამწყვეტი იქნება არა ივანიშვილის ფაქტორი, არამედ ის, თუ ვინ იქნება მთავარი მოთამაშე იმ დროისთვის – ისევ “ქართული ოცნება” თუ სხვა ვინმე.
“ქართულ ოცნებას” აქვს მხოლოდ წელიწადნახევარი, ეს ძალიან ცოტა დროა. ერთხელ ზვიად ზიძიგურს ვუსმენდი და იცით, რა თქვა? – თუ არაფერი შეიცვალა, 2020 წლის არჩევნებზე ჩვენ ვინ მოგვცემს ხმასო!
წელიწადნახევარში ქვეყნის ცხოვრების გაუმჯობესება კი არა, ერთი პატარა ოჯახის ცხოვრების გაუმჯობესებაა შეუძლებელი. ამიტომ, ივანიშვილის რეიტინგი კიდევ უფრო დაეცემა, ის კლებად რეჟიმშია გადასული და არა პირიქით. უკმაყოფილო ადამიანთა რიგები ერთი ორად იზრდება.
სწორედ ამ სეგმენტზე იმუშავებს ყველა ახლად შექმნილი პარტია. ვნახოთ, როგორ განვითარდება ამ წელიწადნახევარში პროცესები.
ნათია ხურცილავა, ახალი თაობა