პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში საუბრობს იმაზე, შეცვლის თუ არა ხელისუფლება საარჩევნო სისტემას.
– ბატონო ვახტანგ, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ არაერთხელ თქვა, რომ საარჩევნო სისტემას არ შეცვლის, სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. გამოდის, ამერიკის სახელმწიფო მდივნის რჩევის გათვალისწინებას აპირებენ?
– დარწმუნებული ვარ, ხელისუფლება არ გააკეთებს იმას, რასაც ოპოზიცია ითხოვს. ისე, დღევანდელი ოპოზიცია გუშინდელი ხელისუფლებაა. 2012 წელს მაშინდელი ოპოზიცია ზუსტად იგივეს ითხოვდა, მაგრამ მაშინ ხელისუფლებამ ეს არ გააკეთა და დღეს უწევს ამაზე საუბარი. ასეა, როდესაც არ შეგიძლია შორს გაიხედო.
იგივე შემიძლია დღევანდელ ხელისუფლებაზე ვთქვა, რომელიც ოპოზიციაში ყოფნისას ზუსტად ამას ითხოვდა 2012 წელს, მაგრამ რადგან დღეს ხელისუფლებაშია, ფიქრობს, რომ მუდამ ხელისუფლებაში იქნება.
რაც შეეხება სამუშაო ჯგუფის შექმნას, დიახ, აბა ისე ხომ არ იქნება. სამუშაო ჯგუფიც შეიქმნება, ცვლილებების მთელი ნუსხაც მომზადდება, მაგრამ მთავარი მოთხოვნა, რომელიც ოპოზიციას აქვს, არ შესრულდება. ვგულისხმობ შერეული საარჩევნო სისტემიდან სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას.
ეს არ არის ახალი თემა. ქართული პოლიტიკაში საარჩევნო სისტემაზე 1994 წლიდან არის საუბარი. ყველა ხელისუფლება მუდმივად ინარჩუნებს არსებულ საარჩევნო სისტემას, რომელსაც ასევე მუდმივად აპროტესტებს ოპოზიცია, მერე თვითონ მოდის ხელისფლებაში, მაგრამ არ ცვლის და ასე გრძელდება დაუსრულებლად.
სიმართლე გითხრათ, მე მეშინია, რომ ეს საარჩევნო სისტემა 2024 წელსაც არ შეიცვლება, მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციაშია ჩაწერილი მისი შეცვლა.
– ეს როგორ?
– ვადამდელ არჩევნებს დანიშნავენ და არსებული სისტემით ჩაატარებენ. ამდენად, დატოვებენ თუ არ დატოვებენ, ეს მხოლოდ პიარის ნაწილია და მეტი არაფერი.
– ესოდენ მნიშვნელოვანია მაჟორიტარები ნებისმიერი ხელისუფლებისთვის?
– რა თქმა უნდა, სწორედ მაჟორიტარებით ხდება დაკლებული ხმების შევსება.
– არჩილ თალაკვაძემ თქვა, საქმიანი ფორმატის ნაცვლად ოპოზიციამ ფეხების ბაკუნი დაიწყოო.
– აბა რას იტყოდა. მთელი ეს ყველაფერი – სამუშაო ჯგუფის შექმნა, ოპოზიციის მიწვევა და ა.შ. მხოლოდ პიარი იქნება და სხვა არაფერი. ხელისუფლება ძალიან ბევრ ცვლილებას შემოგვთავაზებს, მაგრამ არა – რეალურს. ამ ყველაფერს ნაძვის ხის სათამაშოების ეფექტი ექნება.
– პომპეოს განცხადება არაფერს ნიშნავს?
– ამისთვის შეიქმნა ეს სამუშაო ჯგუფი, ამისთვის დაუძახეს ოპოზიციას და ამისთვის გვითხრეს, რომ აუცილებლად მოხდება ცვლილებები, მაგრამ არა ის ცვლილებები, რასაც ითხოვს ოპოზიცია. დანარჩენი უკვე შეფუთვის ამბავია.
კიდევ ერთი, მაგალითად, არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებთან აღარ დააყენებს კოორდინატორებს, ნახევარი კილომეტრით დააშორებს და ა.შ. ბევრად უფრო კარგად შეფუთავენ და საერთაშორისო პარტნიორებს ეტყვიან, თითქმის ყველა რეკომენდაცია გავითვალისწინეთო.
თავის დროზე, 2001 წელს, ზურაბ ჟვანიამ ზუსტად იგივე გააკეთა. თქვა, საარჩევნო კოდექსში 100 შესწორება შევიტანეთ და რა უნდა ოპოზიციასო, მაგრამ არც ერთი რეალური შესწორება არ შეუტანიათ, მაგრამ საინტერესო იცით, რა არის?! მოგვიანებით, ერთი წლის შემდეგ, თვითონ ოპოზიციაში რომ გადავიდა, ზუსტად იგივე მოთხოვნა გაუჩნდა. რაც თვითონ მიიღო, იმ კანონის წინააღმდეგ გამოდიოდა.
ასეთია ჩვენში პოლიტიკური რეალობა – საზიზღარი, რომელსაც, სამწუხაროდ, ვერანაირი გაკვეთილი ვერ შველის.
– ოპოზიცია უნდა დასჯერდეს ერთჯერადად დაშვებულ 3%-იან საარჩევნო ბარიერს, ასევე ერთჯერადად დაშვებულ პოლიტიკურ ბლოკებს?
– ასე გამოდის. თუმცა, მე არ გამოვრიცხავ, რომ კიდევ დამატებით შეიტანოს “ქართულმა ოცნებამ” ცვლილებები, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ იქნება საარჩევნო სისტემის ცვლილება – შერეულიდან პროპორციულზე გადასვლა. იმ ტოტს ხომ არ მოჭრის, რომელზეც ზის!
ნათია ხურცილავა, ახალი თაობა