რუსთავი 2-ის გარშემო პროცესები გრძელდება. ყოფილი დეპუტატი, „საქართველოს გადარჩენის მოძრაობის“ ლიდერი მირიან მირიანაშვილი „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ მოსახდენი უკვე მოხდა და როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, ამ დღებში რუსთავი 2-ისთვის ნიღბის ჩამოხსნით საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში გარდატეხა დაიწყო.
მირიან მირიანაშვილი:
– სტრასბურის სასამართლოს 17 ივლისის გადაწყვეტილებით ბევრი რამ შეიცვალა. ქიბარ ხალვაშმა სასამართლო პროცესი ჯერ კიდევ 2017 წელს მოიგო, მაგრამ ევროსასამართლომ მისი აღსრულება ორი წლით შეაჩერა. ახლა იყო შანსი, რომ ეს მდგომარეობა კიდევ 6 თვე გაგრძელებულიყო, მაგრამ ამ ტელევიზიის მოქმედებები ყველანაირ ზღვარს გადავიდა.
– რომელი მოქმედებები?
– რუსთავი 2-ს ადრეც ბევრჯერ მიუღია მონაწილეობა რუსეთის პროვოკაციებში, მაგრამ გაბუნიამ ყველას გადაამეტა. ეს იყო რუსეთის პრეზიდენტის აპარატისა და რუსეთის სპეცსამსახურების სპეცოპერაცია რუსთავი 2-ის შესრულებით. თავიდანვე ვამბობდი, რომ ეს კრემლიდან მოდიოდა. რუსეთის ოპოზიციის ლიდერი ნავალნი იმავეს ამბობს. პუტინის მთავარი მოწინააღმდეგე ნავალნი დაწვრილებით აღწერს ამ ოპერაციის ანატომიას. თქვენს მკითხველს ამის მოძიება შეუძლია.
– საზოგადოებას დარჩება შთაბეჭდილება, რომ ევროსასამართლომ ამ დღეებში იმოქმედა არა სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური არგუმენტებით.
– ეს იყო მიუკერძოებელი სამართლებრივი გადაწყვეტილება. მასში არავინ ჩარეულა. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება რუსთავი 2-ზე სამართლიანი და, ამავე დროს, პოლიტიკური კლიმატის შესაბამისია. დასავლეთის სასამართლოები ყოველთვის ითვალისწინებენ პოლიტიკურ ნიუანსებს. ეს არ ეხება ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის საქმეებს.
რუსთავი 2-ის შემთხვევა სხვაა. ეს არხი თითქმის 15 წელიწადია, ასრულებს რუსეთის დავალებებს და პროამერიკელობას იბრალებს. რუსთავი 2-ს დასავლეთმა ეს ყალბი იარლიყი ჩამოხსნა. მოგეხსენებათ, რომ რუსეთი დღეს მსოფლიოში ტოქსიკურად მიიჩნევა და მის სპეცოპერაციებში მონაწილეობას მკაცრად უდგებიან. რუსეთის წინააღმდეგ მოქმედებს უამრავი სანქცია. რუსთავი 2-ის მესვეურებს გამოსვლები ჰქონდათ ჩაფიქრებული. მოიფიქრეს ახალი დადგმა, რომლითაც, ევროსასამართლოს გადაწყვეტილება ივანიშვილის ჩარევას უნდა დაბრალებოდა. აშშ-ის სპეცწარმომადგენელმა უკრაინაში ვოლკერმა ამას წერტილი დაუსვა. მან განაცხადა, რომ ევროსასამართლოს გადაწყვეტილების გაპროტესტება კატეგორიულად მიუღებელია.
– რუსეთის მიმართ სანქციებია, მაგრამ რუსეთი დააბრუნეს ევროპის საბჭოში.
– ამას თავისი ახსნა აქვს. რუსეთის გარიყვა ევროპის საბჭოდან რუსეთის მოქალაქეებს დააკარგვინებდა წვდომას ევროსასამართლოზე. ამიტომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება და არა იმის გამო, რომ რუსეთი ძლიერია, ან იმის გამო, რომ კრემლს აგრესია და დანაშაულები შერჩა.
– სიტყვა „პროდასავლურობა“-ს ამ გადაწყვეტილების შემდეგაც ინტენსიურად ხმარობენ როგორც ამ ტელეკომპანიის, ისე ოპოზიციის მიმართ.
– ვინც ამას აგრძელებს, ბრიყვი და არაადეკვატურია. ბოკერია ნაციონალებზე უფრო ადეკვატური აღმოჩნდა და პროამერიკელობას აღარ იბრალებს. მან აღნიშნა, რომ არც პრორუსია და არც პროამერიკელი.
ამერიკელები დიდხანს ითმენდნენ, ხანდახან შენიშვნებს გამოთქვამდნენ. რუსთავი 2-ს აშშ-ის საელჩომ რამდენჯერმე მოახდევინა ბოდიში იმის გამო, რომ აშშ-ის პირით ლაპარაკობდა. ამერიკელებს უკვე ყელში ამოუვიდათ რუსეთიდან კონტროლირებადი ძალების მხრიდან აშშ-ის იარლიყების ექსპლუატაცია და გაუთავებელი სპექტაკლები საქართველოში. ამ დადგმების მიზანი იყო დასავლეთის, ასევე საქართველოს საზოგადოების მოტყუება.
არავინ იფიქროს, რომ სხვა ფლანგზე მყოფი პარტიები რუსეთთან არ არიან გარიგებული. რუსეთის დავალებებს ასრულებს პატრიოტთა ალიანსი, რომელსაც შეკრებებზე ხალხს ივანიშვილის ხელისუფლება უგროვებს. სტრასბურმა ცივი შხაპი გადაასხა სააკაშვილსაც, რომლის პარტიას უკრაინაში ნახევარპროცენტიანი რეიტინგი აღმოაჩნდა. ამის გამო მან პარტია პროპორციული არჩევნებიდან მოხსნა. ამ კაცს თავისი ადეპტები ეძახდნენ პროდასავლურ ლიდერს ლამის მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში და პუტინის საპირწონეს, საქართველოსა და უკრაინის ოპოზიციის წინამძღოლს.
სააკაშვილს იმედი ჰქონდა, რომ კიევში ქულებს თბილისში მოპოვებული მითიური ცრუ გამარჯვებებით მოიპოვებდა და საარჩევნოდ მდგომარეობას გამოისწორებდა.
– ნაცმოძრაობას რა გამარჯვებები უნდა ჰქონოდა?
– რუსთაველზე აქცია საზოგადოებამ წამოიწყო. ნაცმოძრაობას ივანიშვილის დახმარებით უნდოდა ინიციატივის ხელში აღება რუსთაველის აქციებზე. ეს გამარჯვება არ იქნებოდა. ამით შექმნიდნენ სააკაშვილის დიდი წარმატების შთაბეჭდილებას უკრაინაში. ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ თბილისური სპექტაკლები სააკაშვილის რეიტინგის ასაწევად უკრაინის არჩევნებამდე მოკვდა. ამით დასამარდა სააკაშვილის პოლიტიკური კარიერა როგორც საქართველოში, ისე უკრაინაში.
– რუსთავი 2 ასე ადვილად შეიცვლება?
– ადრე თუ გვიან, რუსთავი 2-ს მოუწევს ახალი მოცემულობის გააზრება. მანამდე, ალბათ, გაგრძელდება პოლიტიკა, რომელზეც ეს არხი დაიქოქა. რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველმა სურკოვმა თავიდანვე ჩაიფიქრა, რომ ამ ტელევიზიას უნდა ჰქონოდა პროდასავლური სახელი, მას შენიღბულად უნდა ემოქმედა, იგი უნდა ყოფილიყო ლგბტ-იდეების გამავრცელებელი.
2012 წლის შემდეგ რუსთავი 2-ს აფინანსებენ ბიზნესმენები ივანიშვილის დავალებით. მანამდე ამას სააკაშვილი აკეთებდა. ბიზნესმენებს აიძულებენ, იყიდონ სარეკლამო დრო არხზე. ამავე დროს, თამაშდება სპექტაკლი დაპირისპირებაზე ივანიშვილსა და რუსთავი 2-ს, ასევე ივანიშვილსა და ნაცმოძრაობას შორის. დასავლეთს და ხალხს აჯერებენ, რომ რუსთავი 2 ივანიშვილს რევოლუციას უმზადებს. ამაზე მეტი ცინიზმი რა უნდა იყოს!
– ყალბი პროამერიკელობისთვის, ალბათ, მარტო ნაცმოძრაობას და რუსთავი 2-ს არ საყვედურობენ დასავლეთში?
– ცხადია. ეს ყველას ეხება. „ქართულ ოცნებას“ ისედაც ცუდად აქვს საქმე. თუ მმართველმა პარტიამ მომავალში ყალბი იარლიყისთვისაც მიიღო პარტნიორებისაგან მუჯლუგუნი, მას ფატალური პოლიტიკური აღსასრული ელოდება.
მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა