“ახალი თაობის” კითხვებს იურისტი კახა კოჟორიძე პასუხობს
– ბატონო კახა, რას იტყვით სტრასბურის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე რუსთავი 2-თან დაკავშირებით?
– პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილების, ეს იქნება შიდა სასამართლო თუ სტრასბურის სასამართლო, კრიტიკა არის მისაღები და უნდა ხდებოდეს კიდევაც. უბრალოდ, ეს კრიტიკა უნდა იყოს არგუმენტირებული.
მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ სტრასბურის სასამართლოზე ვიღაცეებმა ფინანსური გავლენა მოახდინეს და ამის საფუძველზეა ეს გადაწყვეტილება მიღებული. თუმცა ვერც იმას ვიტყვი, რომ აღფრთოვანებული ვარ ამ გადაწყვეტილებით.
– თქვენ როგორ გადაწყვეტილებას ელოდით?
– მე ვფიქრობ, რომ შესაძლებელი იყო ამ საქმეზე, საქმის ფაბულის გათვალისწინებით, დადგენილიყო, მაგალითად, სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა, ამის შესაძლებლობა არსებობდა და ამ შესაძლებლობაზე მიუთითებს ის მოსამართლე, რომელმაც განსხვავებული აზრი დაწერა ამ საქმესთან დაკავშირებით.
– ახალი მესაკუთრე პირობას დებს, რომ სარედაქციო პოლიტიკა არხზე არ შეიცვლება. ამაზე რას ფიქრობთ?
– გულუბრყვილობა იქნება იმისი ილუზია, რომ ქიბარ ხალვაში სარედაქციო დამოუკიდებლობაში არ ჩაერევა. არანაირი ნიშანი ამაზე არ მიუთითებს.
რუსთავი 2-ის ძალიან მაღალ პროფესიონალურ გუნდს თუ ექნება შესაძლებლობა, რომ საერთოდ დატოვოს ეგ არხი და სხვა არხზე შექმნას რაღაცა ღირებული პროდუქტი, ეს ბევრად კარგი იქნება.
ეს არხი იყო ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი, მაგრამ ზოგადად პოლიტიკური გავლენებისგან დამოუკიდებელი არ იყო.
– მას პარტიულ არხად მოიხსენიებდნენ.
– კი ბატონო. თუ ეს ორი სიკეთე შედარდება ერთმანეთს, რა ჯობია არხი იყოს დამოუკიდებელი ხელისუფლებისაგან თუ ოპოზიციისგან, ორი აზრი არ არის, რომ ჯობია, არხი დამოუკიდებელი იყოს ხელისუფლებისგან, მაგრამ მე, როგორც მოქალაქე, ვისურვებდი, რომ საერთოდ პოლიტიკური გავლენისგან დამოუკიდებელი არხი იყოს.
რუსთავი 2 ზოგს მოწონდა, ზოგს არ მოწონდა, მაგრამ მთლიანობაში, პროდუქტი იყო მაღალი პროფესიული დონის. თუ ამ პროდუქტის შემქმნელ ჟურნალისტებს მიეცემათ იმის საშუალება, რომ შექმნან პროდუქტი, რომელიც იქნება ყველანაირი პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი, ეს იქნება ძალიან კარგი საზოგადოებისთვის.
– თუკი რუსთავი 2-ის მთელი შემადგენლობა გადავა სხვა არხზე, მაშინ ეს არხი დაკარგავს იმ მიმზიდველობას, რაც ახლა აქვს?
– დიახ. მე ვფიქრობ, რომ რუსთავი 2 რეიტინგს დაკარგავს. ეს ძალიან მარტივად გამოჩნდება, როცა შიდა მენეჯმენტური საკითხები დალაგდება. ხომ გვახსოვს, იმედი როგორი იყო ადრე და როგორი გახდა, როდესაც მის კანონიერ მესაკუთრეს, ბადრი პატარკაციშვილს და მის ოჯახს წაართვეს. ერთ თვეში რადიკალურად შეიცვალა.
სამწუხაროდ, ეს ჩვენი ისტორიის ნაწილია, ეს გაკვეთილები უკვე ნასწავლი გვაქვს და რატომ უნდა შეგვეშალოს ახლა პროგნოზირება, არ ვიცი. თუ მოხდება სასწაული და ხალვაში თუ იქნება თავისუფალი სიტყვის მედროშე, გამიხარდება და ბოდიშსაც მოვიხდი ჩემი ამ პროგნოზისთვის, მაგრამ ამის მოლოდინი არ მაქვს.
– დღეს საზოგადოების ნაწილში მაინც არის ის განცდა, რომ რუსთავი 2 “ოცნებას” ჩაბარდა. რას იტყვით თქვენ?
– მესმის ეს განცდა და ამ განცდას აქვს თავისი საფუძველი. შერჩევითობა არის სამართლიანობის მტერი და საერთოდ არ არის სამართალი, როცა შერჩევით იხილება საქმე.
– ამ შემთხვევაში შერჩევით სამართალს ხედავთ?
– რუსთავი 2-ის საქმემ 4 წელიწადში გაიარა საქართველოს სასამართლოს სამივე ინსტანცია, უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის ჩათვლით და სტრასბურის სასამართლოც კი. 2015 წლის აგვისტოში დაიწყო ეს პროცესი და 4 წელიც არ არის სრულად გასული და სტრასბურშიც კი საქმე დამთავრდა.
– ამით რისი თქმა გსურთ?
– მე დღეს საადვოკატო მომსახურეობას ვეწევი, ადვოკატი ვარ, მაქვს რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი და დიდი საქმე. მაგალითად, საავიაციო ქარხნის საქმის ადვოკატი ვარ, სადაც მეშვიდე წელია, მიდის საქმე ჯერ სააპელაციო ინსტანციაც არ არის დასრულებული. ასევე ფონდი კონსტანტას საქმეზე მეექვსე წელი მიდის და უზენაეს სასამართლოს ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია.
– საით მიანიშნებთ?
– იქით მივანიშნებ, რომ შერჩევით ხდება ყველაფერი. სასამართლოში არის შერჩევითი მართლმსაჯულება. ქიბარ ხალვაში თუ ამბობს, რომ მასზე იძულება განახორციელეს და მე მჯერა, რომ მასზე იძულება მოხდებოდა თავის დროზე და სწორედ ამიტომ გაყიდა საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებ ფასად რუსთავი 2-ის წილი, რატომ არ მიანიშნებს იძულებაზე საავიაციო ქარხნის საქმეში, როდესაც აქციონერებმა უსასყიდლოდ რუსთავი 2-ზე მრავალჯერ ძვირადღირებული ქონება კვირა ღამეს გადაუფორმეს უფასოდ?!
საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებად ფასად გასხვისება თუ იძულებაზე მიანიშნებს, უფასოდ გასხვისება იძულებაზე რატომ არ მიანიშნებს ამავე სასამართლოს განმარტებით?!
– ბევრია ასეთი საქმე?
– ასეთივე აბსურდული ქეისები საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში არსებობს და იხილება რუსთავი 2-ის საქმისაგან განსხვავებული სტანდარტებით. რაღაც ერთი სტანდარტი თუ სწორია ხალვაშთან მიმართებაში, რატომ არ უნდა იყოს იგივე სტანდარტი სწორი პეტრესთან და პავლესთან მიმართებაში?!
აი, ეს არის შერჩევითობის ჩვეულებრივი ნიმუში და ამ ფონზე ახლა პრეზიდენტის განცხადება, რომ თურმე ქართულმა მართლმსაჯულებამ ტესტი ჩააბარა, უბრალოდ ღიმილისმომგვრელია.
– ყურს მოხვდა თქვენი განცხადება, გაიარა ყველა ინსტანცია და სტრასბურის სასამართლოც კიო. ეს რას ნიშნავს? ეჭვქვეშ აყენებთ სტრასბურის სასამართლოს გადაწყვეტილებას?
– მე არ ვამბობ იმას, რომ სტრასბური მოისყიდეს და ასე შემდეგ. მე უბრალოდ ფაქტს ვამბობ. ფაქტი კი არის ის, რომ ოთხ წელზე ნაკლებ დროში ამ საქმეზე დამთავრდა საქართველოშიც და პლიუს სტრასბურშიც საქმის განხილვა.
დამისახელონ, სხვა რომელი საქმე დამთავრდა ოთხ წელზე ნაკლებ დროში?! სტრასბურმა ამ საქმის განხილვას მოანდომა ორ წელზე ოდნავ მეტი დრო. ამ დროში არ ხდება ხოლმე სტრასბურში საქმის განხილვა.
სხვა საქმეებისგან განსხვავებით ამ საქმის სწრაფად განხილვის ახსნა მე არ მომისმენია. მე ანალოგიური სისწრაფით განხილული არც ერთი სხვა საქმე არ მახსენდება.
ნონა ცაბაძე, ახალი თაობა