სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებს “ახალ თაობასთან” ინტერვიუში იურისტი კახა კოჟორიძე აფასებს.
– ბატონო კახა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან მიმდინარეობს გასაუბრებები. როგორ შეაფასებთ ამ მოვლენას?
– დაძაბული, ქაოტური პოლიტიკური მოვლენების ფონზე, ზოგადად საზოგდოებრივ აზრს და ინტერესს მიავიწყდება ხოლმე სისტემური თემები და მძაფრ პოლიტიკურ მიმდინარე მოვლენებზე უფრო ფოკუსირდება ხოლმე. ეს ერთი მხრივ გასაგებია, როდესაც 20-21 ივნისის მოვლენები განვითარდა, ძნელია ამ დროს სისტემურ თემებზე იფიქრო. თუმცა უნდა შევძლოთ, რომ არ დაგვავიწყდეს სასამართლო თემა.
– ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი.
– რა თქმა უნდა. საქართველოში მთავარი პრობლემა არის უსამართლობა. სწორედ უსამართლობის გამო ერთ წრეზე ვტრიალებთ, ვერ მივდივართ წინ და სისტემურ პრობლემებს ვერ ვერევით. რუსთავი 2-ის თემაც ხომ ერთ-ერთი ამისი მანიშნებელია.
– რუსთავი 2-თან დაკავშირებით აღდგა სამართლიანობა?
– “ქართული ოცნების” აზრით, ერთი ადამიანი რომ მეორეს წაართმევს რაღაცა ნივთს და მეორე რომ მესამეს და ეს ნივთი რომ მეორეს დაუბრუნდება, ეს არის სამართლიანობა.
ნაციონალურ მოძრაობას მიაჩნია, რომ სამართლიანობაა, თუ ბოლო მესაკუთრეს დარჩება.
სინამდვილეში კი, ვინც არის ყველაზე უსამართლოდ დაჩაგრული რუსთავი 2-ის თემაში, ეს არიან თავდაპირველი მესაკუთრეები და დამფუძნებლები და არც ერთი პოლიტიკური პარტია, არც სახელისუფლო და არც მთავარი ოპოზიციური, არ საუბრობს იმაზე, რომ ამ შემთხვევაში სამართლიანობა იქნება ის, თუ აღდგება საკუთრების უფლება მის თავდაპირველ დამფუძნებლებზე და მესაკუთრეებზე.
ჩვენი ასეთი ხედვა სამართლიანობასთან დაკავშირებით, აზარალებს მთელ პროცესებს, გვაპირისპირებს ერთმანეთთან, ეროვნული ენერგია იხარჯება ერთმანეთთან დაპირისპირებაში და სისტემური პრობლემები გვრჩება გვერდზე და მათ ვერ ვაგვარებთ.
– არასწორად ესმით სამართლიანობის აღდგენა?
– დიახ და ეს რომ მოწესრიგდეს, სასიცოცხლოდ აუცილებელია სამართლიანი სასამართლო.
უსამართლობა არის ის კრუხი, რომელიც ჩეკავს უსამართლო წიწილებს და მერე ეს წიწილები უსამართლოდ გვიბრუნდებიან და ამ მანკიერი წრიდან ვერ გამოვდივართ. ამიტომაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ის პროცესი, რომელიც ახლა მიდის უზენაეს სასამართლოს ფორმირებასთან დაკავშირებით იუსტიციის უმაღლეს საბჭოში.
– თქვენ რას ფიქრობთ ამ პროცესზე?
– კანდიდატებს, იშვიათი გამონაკლისის გარდა, საერთოდ გააზრებული არ აქვთ, რას ნიშნავს, იყო მოსამართლე. არ აქვთ თეორიული ცოდნა. ეს არის სამწუხარო და ეს პროცესი როგორ განვითარდება, არ ვიცი.
– გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობას აპირებს. ამაზე რას იტყვით?
– სამწუხაროდ, მისი გასაუბრებისთვის არ მომისმენია. ზოგადად თადუმაძეს ვიცნობდი მანამ, სანამ “ქართული ოცნება” გაიმარჯვებდა და გახდებოდა სახელისუფლებო ძალა. მის რამდენიმე პროცესს მე დავსწრებივარ კიდევაც.
მაგალითად, კახი კალაძეს ინტერესებს იცავდა ის თბილისის საქალაქო სასამართლოში, როდესაც კახი კალაძეს უკანონოდ დაუყადაღეს ავტომანქანები, ქონება და ასე შემდეგ და მაშინ თადუმაძე იყო სწორ პოზიციაზე და სამართლიანობის ინტერესების დაცვის სადარაჯოზე იდგა.
– დღეს სხვა შეფასებები გაქვთ?
– დღეს მას აქვს უაღრესად საპასუხისმგებლო პოზიცია, ერთ-ერთი წამყვანი თანამდებობა სახელმწიფოში, გენერალური პროკურორის თანამდებობა. ვწუხვარ, რომ ამის თქმა მიწევს, მაგრამ, ჩემი შეფასებით, მან საზოგადოებას ვერ დაამახსოვრა თავი ამ პერიოდის განმავლობაში, რაც ის გენერალური პროკურორია, რომ არის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი.
თუ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ვერ გვაჩვენებს დამოუკიდებლობას და მიუკერძოებლობას, უზენაესი სასამართლოს პოზიციაზე რატომ გვაჩვენებს? აი, ეს კითხვა მაქვს მე.
– საიდან ჩანს, რომ ის არ იყო დამოუკიდებელი?
– ძალიან ბევრი ცხელი თემა იყო და საზოგადოება პროკურატურიდან ელოდებოდა სამართლიან და ობიექტურ შეფასებას, მაგრამ თადუმაძის პოზიცია არსად დაფიქსირებულა.
სულ ისმოდა, რომ პროკურატურაში იყო არაფორმალური მმართველობა, ამ დროს ის უნდა გამოსულიყო და უნდა ეთამაშა ისე, რომ საზოგადოებას გასჩენოდა განცდა, რომ ის არის დამოუკიდებელი ამ თანამდებობაზე.
სამწუხაროდ, მან ეს განცდა ვერ გააჩინა და რა გარანტია აქვს საზოგადოებას, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის და, მით უმეტეს, თავმჯდომარის პოზიციაზე ის ასე მოიქცევა.
– რას იტყვით დანარჩენ კანდიდატებზე?
– თუ კანდიდატების ის უმრავლესობა, რომელიც ახლა იხილება, გახდნენ მოსამართლეები, ორი პრობლემის წინაშე დავდგებით.
ერთი იქნება უზენაესი სასამართლოს ნაკლები კვალიფიკაცია, ძალიან ნაკლები. თითო-ოროლა გამონაკლისის გარდა, არის კვალიფიკაციის ძალიან დაბალი დონე.
არ მინდა, დაცინვად იქნას გაგებული, მაგრამ თუ ვინმე ჩამითვლის სარკაზმად, ჩამითვალოს. მე წლების განმავლობაში ვმუშაობდი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში, სანამ საიას თავმჯდომარე გავხდებოდი, ვიყავი იურიდიული დახმარების ცენტრის დირექტორი და შესარჩევი კომისიის თავმჯდომარე, როცა ჩვენ ყოველ 6 თვეში ერთხელ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს ვარჩევდით სტაჟიორებად.
ჩემი შეფასებით, საიაში ის სტუდენტები ბევრად უფრო ავლენდნენ თავიანთ ცოდნას, ვიდრე ის კანდიდატები, რომელთა გასაუბრებაც ახლა მიმდინარეობს.
– ანუ?
– ანუ ერთი არის კვალიფიკაციის ძალიან დაბალი დონე და მეორე არის დამოუკიდებლობის სტანდარტი. იმათ შორის, ვისაც ჩაუტარდა ახლა გასაუბრება, რომელმა ადამიანმა დაამახსოვრა საზოგადოებას თავი, რომ ის არის სამართლიანობის, პრინციპებისა და ღირებულებების თავგამოდებული დამცველი?!
შეიძლება 1 იყო, ან 2, მაგრამ 20 ვაკანსიას ვერ შეავსებენ ეს ადამიანები. შესაძლოა, ფიზიკურად შეავსონ, მაგრამ ჩვენ ვერ მივიღებთ იმ სასამართლოს, როგორიც გვინდა, რომ მივიღოთ.
მე რომ ჩავიცვა თეთრი ხალათი, მე ვერ გავხდები კვალიფიციური ექიმი. ისევე, როგორც ამ ადამიანის უმეტესობამ რომ ჩაიცვას მოსამართლის მანტია, ისინი ვერ გახდებიან ისეთი მოსამართლეები, როგორიც სჭირდება ჩვენს ქვეყანას.
არა აქვთ მათ არც ცოდნა, არც ღირებულებებისთვის ბრძოლის გამოცდილება და თავგანწირვა.
– ასეთი ადამიანები არ გვყავს?
– ასეთი ადამიანები არსებობენ, მაგრამ მათ არ მიიღეს ამ პროცესში მონაწილეობა.
– რატომ არ მიიღეს?
– იმიტომ, რომ თავიდანვე ამ კლანმა, რომელიც გაბატონებულია ამ საბჭოში, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ამ პროცესისთვის დისკრედიტაცია გაეწიათ, რომ არც ერთ ნორმალურ ადამიანს არ გასჩენოდა სურვილი, ამ პროცესში მიეღო მონაწილეობა.
არანაირი სტანდარტი როცა არ არსებობს, როდესაც შენ უნდა შეგაფასონ იმ ადამიანებმა, რომლებიც სისტემაში უბრალოდ არ უნდა არსებობდნენ და ზოგიერთი მათგანი ციხეშიც კი უნდა იჯდეს, რომელ წესიერ ადამიანს მოუნდება ამ პროცესში მონაწილეობა?!
– კარგი კანდიდატებიც მონაწილეობენო.
– რასაკვირველია, ყველაზე მაინც ვერ ვიტყვი, რადგან ამ პროცესში მონაწილეობს ქალბატონი ნუნუკა კვანტალიანი, რომელზეც მე მხოლოდ კარგის თქმა შემიძლია. ჯერ მისი გასაუბრება არ ყოფილა, იმედია, რომ ის ღირსეულად წარმოაჩენს თავის პოტენციალს.
ნაცმოძრაობის პირობებში მან შეძლო და ღირსეული გადაწყვეტილებები მიიღო უზენაეს სასამართლოში. ვნახოთ, ასეთ ადამიანს დაუჭერს თუ არა კლანი მხარს და დაასახელებს თუ არა ერთ-ერთ კანდიდატად.
მთლიანობაში კი სურათი არ შეიცვლება. ამ საბჭოს არ აქვს არანაირი სურვილი და მოტივაცია, რომ ეს გააკეთოს. პირიქით, მას აქვს სურვილი, რომ იქ იყვნენ ადამინები, რომლებზეც მას ექნება მუდმივი გავლენა. უნდა იყვნენ ადამიანები, რომლებიც მათ ნებისმიერ დაკვეთას უსიტყვოდ შეასრულებენ.
აი, ეს არის მათი ამოცანა, რაც პირდაპირ უპირისპირდება სახელმწიფოს ამოცანას ამ პროცესში.
– რა გამოდის, არ უნდა გვქონდეს ოპტიმისტური მოლოდინები?
– ამ პროცესის შედეგად, ჩვენ არანაირი ოპტიმიზმის საფუძველი არ შეიძლება გვქონდეს. ეს პროცესი იმდენად ცუდი იქნება და იმდენად ცუდ შედეგს მივიღებთ, რომ დავდგებით ორი ძალიან მძიმე არჩევანის წინაშე და ორივე იქნება უმძიმესი.
– რა არის ეს ორი არჩევანი?
– პირველი იქნება, რომ დავტოვოთ ისინი, ვისაც ესენი შემოგვთავაზებენ და შევეგუოთ, რომ მომდევნო 20-30 წლის განმავლობაში ამ სასამართლოს და სახელმწიფოს განვითარებას არაფერი ეშველება.
მეორე ალტერნატივა იქნება, რომ როდესაც შეიცვლება ხელისუფლება, რადიკალური ცვლილებები გავატაროთ და ვაიძულოთ ის ადამიანები, რომლებიც დაუმსახურებლად მიიღებენ ახლა მოსამართლის მანტიას, სასამართლო სისტემა დატოვონ. ეს იქნება ძალიან მძიმე და ძალიან სარისკო გადაწყვეტილება, მაგრამ მე სხვა ალტერნატივას ამ ორი გზიდან ვეღარ დავინახავ, ამ კანდიდატების უმრავლესობა თუ გახდება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.
– ხელისუფლებას არ შეუძლია, შეცვალოს სიტუაცია?
– თუ “ქართულ ოცნებას” რაღაცა გონიერების და რაციონალობის მარცვალი შემორჩა, შემდეგნაირად უნდა მოიქცეს: იმ 20 კანდიდატიდან, რომლებსაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო დაასახელებს, შეარჩიოს საუკეთესო 2, 3, 4 და გახადოს მოსამართლეებად.
დანარჩენთა არჩევის საკითხი გადადოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.
ეს იყო ვენეციის კომისიის რეკომენდაციაც. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, თუ უზენაესი სასამართლო ახლა სრულად არ დაკომპლექტდება.
ნონა ცაბაძე, ახალი თაობა