ხათუნა ლაგაზიძე – „კობახიძე „ოცნებისთვის“ შავი მუშა იყო, გახარია კი ღერძია და ამიტომ არ თმობენ“

ხათუნა ლაგაზიძე - „კობახიძე „ოცნებისთვის“ შავი მუშა იყო, გახარია კი ღერძია და ამიტომ არ თმობენ“რატომ გაიმეტა კობახიძე და ვერ ელევა ”ქართული ოცნება” გახარიას, რა კითხვებზე უნდა გასცეს პასუხები გამოძიებამ და რას მოიტანს პროპორციული არჩევნები? _ ამ და სხვა საკითხებზე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე საუბრობს.

_ გახარია არ ამბობს, გასცა თუ არა აქციის დაშლის ბრძანება თავად და გვეუბნება, არ აქვს მნიშვნელობა ვინ გასცაო. რა გითხრათ თქვენ ამ განცხადებებმა?

_ რთულია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. ოპოზიციური ლიდერებისგან იყო ვერსიები და ვარაუდები, რომ გახარია პროცესებს ჩამოშორებული იყო და ბრძანებებს სხვა გასცემდა. ასევე ის, რომ გახარია თავს არიდებდა ჟურნალისტებთან შეხვედრისას კითხვებს, ამბობდა, რომ პასუხისმგებლობას თავად იღებს, მაგრამ არ თქვა, ვინ გასცა ბრძანება.

ასევე გვაქვს წულუკიანის ფრაზა, რომ რამდენიმე ბრძანება იყო გაცემული, ვოლსკი გვეუბნება, რომ მიკვირს, გახარია რატომ არ ამბობს, რომ ეს მის მიერ გაცემული ბრძანებააო.

ეს ურთიერთგამომრიცხავი შეფასებები, რაც „ოცნებას“ ახასიათებს ხოლმე ყველა შემთხვევაში, კითხვის ნიშნებს აჩენს, მაგრამ ეს ფრაზები ვერ გვაძლევს საშუალებას, რომ რაღაცა ვამტკიცოთ.

ზუსტად იმ დროს, როცა პრემიერი პირდაპირ ეთერში ამბობდა, რომ „ოცნების“ ხელწერა არ არის ტყვიების გამოყენება, იმავე პირდაპირ ეთერში, პარალელურ რეჟიმში იწყებოდა მიტინგის დაშლა.

_ ეს რას ნიშნავს თქვენთვის, მაშინ როცა პრემიერი ასეთ განცხადებას აკეთებს და უცბად იწყება მიტინგის დარბევა?

_ ეს ყველაფერი აჩენს კითხვის ნიშნებს, ვინ იყო იქ ხელმძღვანელი, ფაქტია, პრემიერი არ ყოფილა. ქვეყანაში არსებობს უსაფრთხოების საბჭო, თუ ასეთ ვითარებაში არ იკრიბება ის, მაშინ როდისღა უნდა შეიკრიბოს?! იყო სერიოზული კრიზისი და გარეთ მრავალათასიანი მიტინგი. სწორედ ამ სიტუაციაში უნდა იყოს ოპერატიული მოქმედება.

პროცედურულად პრემიერს უსაფრთხოების საბჭო უნდა მოეწვია და ამ ფორმატში უნდა გაეწიათ ორგანიზება მიტინგის დაშლისთვის, რომლის ნაწილიც ცდილობდა პარლამენტში ძალისმიერი მეთოდებით შეღწევას.

საბჭოს თავმჯდომარეა პრემიერი, მდივანი _ გახარია, დანარჩენი ძალოვანი უწყების პირველი პირები _ წევრები. ასე რომ მოხდარიყო, არ გაჩნდებოდა კითხვები და გვეცოდინებოდა პასუხისმგებელი პირები.

ქვეყანას არ აქვს უსაფრთხოების სისტემის არქიტექტურა. რატომ არ იყო რისკები დათვლილი იგივე პანკისის თუ დავით გარეჯის შემთხვევაში და ახლა, უკვე ამ ძალიან კრიტიკულ სიტუაციაში?! თუნდაც იმ ვითარებაში, როცა ჯერ პრეზიდენტის სასახლეში და შემდეგ უკვე პარლამენტში გავრილოვის ასეთი ფეშენებელური მიღება იგეგმებოდა, რატომ არ იყო მაშინ რისკები და საფრთხეები დათვლილი?!

ხელისუფლებას რისკები რომ გაეთვალა, გავრილოვი იმ სავარძელში არ მოხვდებოდა, ვისი დავალებითაც არ უნდა ყოფილიყო ეს დაგეგმილი.

_ კობახიძე არ იყო „ოცნებისთვის“ უმნიშვნელო ფიგურა და საკმაოდ იოლად შეელივნენ მას, მაგრამ ვერაფრით თმობენ გახარიას. ეს მისი ფაქტორიდან გამომდინარეობს თუ უფრო სერიოზულ რამესთან გვაქვს საქმე?

_ კობახიძე არასდროს ყოფილა სერიოზული ფიგურა და ის ყოველთვის იყო შავი მუშა და გამტარი ისეთი საქმეების, რომლებზე ხელის მოსაწერადაც მოიყვანეს ის. ეს იყო ადამიანი, რომელიც ყოველთვის ყველაფერზე თანხმდებოდა და არანაირი მორალური ღირებულებები არ ჰქონდა. ამასთან, მოსამართლეების თემის შემდეგ მისი რეიტინგი ნულს ქვემოთ იყო, ამიტომ მისი შელევა პრობლემას არ წარმოადგენდა. უფრო მეტიც, ის რომ პირველივე დღეს დაეთმოთ, შეიძლებოდა პროცესების ასეთი გამწვავების თავიდან არიდება.

„ოცნების“ პრობლემათაგან ერთ-ერთი ის არის, რომ მას არ აქვს დროის შეგრძნება, მაშინ როცა პოლიტიკაში დროის და სივრცის შეგრძნებას ხშირ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ერთი დღით დაგვიანება უკვე არაადეკვატურობად ჩაითვალა.

ასევე დააგვიანეს დაკავებულების გამოშვება და პროპორციული არჩევნების გამოცხადება. შედეგად, ის რაც პლიუსად შეიძლებოდა ჩაეწერათ, ფაქტობრივად მის მარცხად გაფორმდა.

გახარიას იმიტომ არ ელევიან, რომ თვლიან, რომ მისი გვერდზე გაწევით არ გაჩერდება მომიტინგეთა მოთხოვნები. ამბობენ, ამით დავიშლებითო, მაგრამ „ოცნებაში“ ფიქრობენ, რომ თუ ამ დათმობაზე წავიდნენ, მათ მოუწევთ დათმობათა მთელ ჯაჭვში ჩაბმა. მით უმეტეს, რომ გახარია აქამდე ხელისუფლებაში ყველაზე ძლიერ ფიგურად მიიჩნეოდა. ამ ფიგურის შეწირვა შეიძლება ტრაგიკულად შეუბრუნდეს მას _ როგორც ჩანს, ასეთია „ოცნების“ აზრი.

ცუდი ასოციაციებია შს მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით: შევარდნაძის ხელისუფლების ჩამოშლა კახა თარგამაძის გადაყენებით დაიწყო, ისევე როგორც, მერაბიშვილის გადაყვანით პრემიერის პოსტზე სააკაშვილის ხელისუფლების ჩამოშლას დაედო სათავე.

როგორც ჩანს, ეს ცუდი ასოციაციები „ოცნებისთვის“ თავის საქმეს ასრულებს და ამიტომაც ვერ ელევიან.

_ ალბათ ძლიერ ფიგურებზე საუბრობთ, თორემ გვახსოვს „ოცნების“ მთავრობაშიც არაერთი შს მინისტრის შეცვლა.

_ ზუსტად. მოდი, ასე ვთქვათ, ეს ფიგურები იყვნენ იმ ხელისუფლების ღერძები, რომლებსაც წარმოადგენდნენ _ მათზე იგებოდა ძალოვანი ვერტიკალი. გახარია ამ ტრაგიკულ დღემდე სწორედ ასეთ ფიგურად მიიჩნეოდა ”ქართული ოცნებისთვის”.

_ „იმედმა“ შემოგვთავაზა აქციაზე და იმ ვითარებაზე ფილმი, იყო კადრები, როგორ ექსცესებს აწყობდნენ მომიტინგეები, როგორ გადააბრუნეს მანქანას და ა. შ. ხომ არ ელოდებით თავის მართლების ახალ სცენარებსაც, მაგალითად, აუდიო ჩანაწერების გამოგდებას და ა. შ?

_ რასაც ვუყურეთ, პარლამენტში ძალისმიერი გზით შეღწევის მცდელობასთან გვქონდა საქმე. მაგრამ გამოძიებამ უნდა უპასუხოს კითხვებს _ ეს იყო სპონტანური, მართული, ვინ მონაწილეობდა ამაში, იყო წინასწარ დაორგანიზებული თუ არა, წინასწარ მომზადებული ადამიანების სპეციალური ჯგუფები ჰყავდათ თუ არა გამოყვანილი.

ამ კითხვებს პასუხები უნდა გაეცეს, სხვაგვარად სახელმწიფო ვერ გვექნება. მაგრამ, მე რასაც ვუყურე კადრებს „იმედზე“, იმ კადრებში ნამდვილად არ ჩანდნენ ის ადამიანები, ვინც აქციის ორგანიზატორები იყვნენ. ამიტომ გასამიჯნია პარლამენტში შეჭრის მცდელობის დროს ვითარება და შემდეგ მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევა.

_ მაშინ კადრების გავრცელება რას ემსახურებოდა?

_ იმას, რომ ხალხმა ნახოს, რასთან გვქონდა საქმე. მაგრამ აქციის დაშლა ერთია და დარბევა _ მეორე: ერთია აქციის დაშლა, უფრო სწორად პარლამენტში ძალადობრივი შეღწევის მცდელობის აღკვეთა, რაც პოლიციის პირდაპირი მოვალეობა იყო. ხოლო, მეორე ნაწილი იყო დარბევა, პრაქტიკულად მომავალი თაობის დევნა, თვალების დათხრა და დაუნდობელი მეთოდებით მშვიდობიან მომიტინგეებთან გასწორება არასაჭირო დროს და არასაჭირო მეთოდებით, დამიზნებით სროლა, დევნა და ახალგაზრდებზე ნადირობა.

_ აქციის დაშლა შემდეგ უკვე სადამსჯელო ოპერაციაში გადაიზარდა?

_ ზუსტად. ორი სხვადასხვა ოპერაცია იყო და მეორე სადამსჯელო ოპერაციის დროს სადამსჯელო რაზმები გავეშებულები იყვნენ. სახეზეც ვინც ჩანდნენ, ცხოველურ სიამოვნებას იღებდნენ იმით, რასაც აკეთებდნენ. საბოლოო ჯამში დევნის ობიექტები აბსოლუტურად უდანაშაულო ხალხი გახდა, ვინც ქუჩაში საკუთარი ქვეყნის დასაცავად გავიდა.

გახარიამაც თქვა, რომ ტყვიების გამოყენება იყო ლეგიტიმური, მაგრამ მნიშვნელობა აქვს, რა მანძილიდან ისვრიო. იმიტომ, რომ ერთი და იგივე საგანმა შეიძლება მოკლას ადამიანი თუ ვთქვათ 5 მეტრიდან ესვრი ტყვიას ადამიანს, მაგრამ 100 მეტრიდან ნასროლმა ნაკაწრიც არ დაგიტოვოს.

დაშავებულების რიცხვში ჟურნალისტების პროპორცია იმდენად მაღალია, რომ აქაც ჩნდება ეჭვი, შეგნებულად ხომ არ ხდებოდა ჟურნალისტების დევნა და მათი დასახიჩრება. ამიტომ მივმართე ჟურნალისტებს, რომ მოწმეებმა მოითხოვონ დაკითხვა, რა და როგორ ხდებოდა. იმიტომ კი არა, რომ პრივილიგირებულია ვინმე, არამედ იმიტომ, რომ დადგინდეს, ხომ არ იყო ერთ-ერთი ბრძანება ესეც. გავიხსენოთ, წულუკიანმა თქვა, რომ რამდენიმე ბრძანება იყო გაცემულიო.

7 წელი ქვეყანაში ეკონომიკური ვითარება მძიმდებოდა, მაგრამ ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევებს საზოგადოება ვერ ხედავდა და სწორედ სახელმწიფო ძალადობისგან დაცულობის და უსაფრთხოების განცდა ასოცირებული იყო „ქართული ოცნების“ მმართველობასთან.

20 ივნისის შემდეგ „ოცნების“ ეს იმიჯი დაინგრა. ხელისუფლება ან მიზანმიმართულად დასდევდა საკუთარ მოქალაქეებს ან ვერ აკონტროლებდა საკუთარ ძალოვან უწყებებს. ორივე შემთხვევაში ხელისუფლებაა დამნაშავე. ამით გამოვიდა, რომ „ქართული ოცნება“ შლის ზღვრებს ნაციონალური მოძრაობის მმართველობასთან.

_ ელოდებით უკრაინული „ვიკილიქსის“ და მსგავსი გაურკვეველი წარმომავლობის საეჭვო ჩანაწერებს, რომ სააკაშვილი გეგმავდა დესტაბილიზაციას და ა. შ?

_ მე არ ვიცი, რა იქნება თავდაცვით რეჟიმში გადასული და პანიკას ატანილი მეოცნებეების შემდეგი ნაბიჯი. მაგრამ დაბეჯითებით ვიცი, რომ საჭიროა ვითარება მივიდეს 2020 წლამდე _ პროპორციულ არჩევნებამდე და ივანიშვილის შეთავაზება აქციონ რეალობად.

უბარიერო სისტემა რაც უნდა ვაკრიტიკოთ, ფაქტია, რომ ეს ხელს შეუწყობს ახალი ძალების გამოყვანას ასპარეზზე. მათ შორის, ეს არის ღია კარი ქართულ პოლიტიკაში იმ თაობისთვის, რომელიც ქუჩაში დგას და ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის იბრძვის და მესამე, ეს არის იმ ორი მონსტრი პარტიის – ნაციონალური მოძრაობის და ”ქართული ოცნების” დასასრულის დასაწყისი, რომლის დაპირისპირებასაც დღეს ქვეყანა ეწირება.

არაფერმა და არავინ უნდა შეუშალოს ხელი იმას, რომ პროპორციული არჩევნების იდეა კონსტიტუციის დონეზე, რაც შეიძლება სწრაფად აისახოს. სხვაგვარად ყოველგვარი „ვიკილიქსის“ გარეშე გაჩნდება იმის ფიქრის საფუძველი, რომ ნაცმოძრაობას არ აწყობს 2020 წელს არჩევნების ჩატარება, მისთვის ხელსაყრელია რევოლუციური სცენარი ან ამ სცენარის საფუძველზე ვადამდელი არჩევნების დანიშვნა.

ვადამდელი არჩევნები 2 დიდი პარტიის, „ოცნების“ და ნაცმოძრაობის ინტერესებზე ასხამს წყალს. „ოცნებაში“ ვადამდელი არჩევნების ლობისტებს კი ეს მოთხოვნა შეიძლება ძვირად დაუბრუნდეთ, იმიტომ რომ: 1. „ოცნების“ სიაში ყოფნის სურვილი არავის ექნება, იმ ფონზე რაც რამდენიმე დღის წინ 92 დეპუტატს დამართეს. მით უმეტეს მაჟორიტარებს, რომლებიც ძირითადად ადგილობრივი ბიზნესმენები არიან, ვის ექნება სურვილი წელშიგადატეხილ „ოცნებას“ დაუკავშიროს საკუთარი მომავალი?!; 2. რთული იქნება დემორალიზებული „ოცნების“ ადგილობრივი აქტივის მობილიზება საარჩევნოდ, მით უფრო რომ მისი ნაწილი ყოფილი „ნაციონალია“; 3. და ეს ყველაფერი იმ ფონზე, როცა გაყალბებას ფაქტობრივად ვერ შეძლებენ.

თუ „ოცნებას“ რაიმე ალღო შერჩენია, არჩევნები 2020-მდე უნდა მიიტანოს, მანამდე კი სასწრაფოდ რადიკალურ საკადრო ცვლილებებზე უნდა წავიდეს, თუ კიდევ ვინმე მათთან თანამშრომლობაზე დაითანხმა.

„ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის პოლიტიკა მთელი 7 წლის მანძილზე ხომ საერთოდ ნონსენსია: სად გინახავთ სხვა მმართველი პარტია, რომლის ხელისუფლებაში ყოფნა მხოლოდ მასზე უარესი კონკურენტი პარტიის არსებობაზე დგას და არა იმაზე, რომ რამე სასიკეთოს სთავაზობს ქვეყანას.

ასე დიდხანს ხელისუფლებაში ყოფნა ვერ გაგრძელდება და ეს თავის დროზე უნდა ეფიქრათ.

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა