ლევან ჩაჩუა – “გვარამია არ დაიკარგება, ძველი რუსთავი 2-ის მაგივრად კი შეიქმნება ასეთივე ყაიდის არხი”

ლევან ჩაჩუა - "გვარამია არ დაიკარგება, ძველი რუსთავი 2-ის მაგივრად კი შეიქმნება ასეთივე ყაიდის არხი"რა ხდება რუსთავი 2-ზე? გაამყარებს თუ არა ბიძინა ივანიშვილის პოზიციებს მისი ბოლოდროინდელი შეფასებები? ხომ არ ექცევიან კონსერვატორი ქართველები პუტინის ბანაკში? ამ და სხვა საკითხებზე “ახალი თაობა” ესაუბრა მოძრაობა “ქართული იდეის” ლიდერ ლევან ჩაჩუას.
ლევან ჩაჩუა:
– სოციალურ ქსელშიც დავწერე, რომ შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. გვარამია იქნება თუ სალია რუსთავი 2-ის გენდირექტორი, ამას მნიშვნელობა არა აქვს.
– მეპატრონეც შეიცვალა.
– მეპატრონესაც არა აქვს არსებითი მნიშვნელობა. არც გვარამია დაიკარგება და არც გაბუნია. ისინი შეიძლება სხვაგან გადაბარგდნენ, ძველი რუსთავი 2-ის მაგივრად კი შეიქმნება ასეთივე ყაიდის არხი.
– ფიქრობთ, რომ ეს სიტყვის თავისუფლებასა და პოლიტიკურ პლურალიზმზე არ იმოქმედებს?
– ცვლილებები ისეთი არ იქნება, რომ რაღაც გადატრიალდეს. ალბათ, ხალვაშის დროს არხი უფრო დაემსგავსება “იმედს” და იქ აღარ იქნება უცენზურო გამონათქვამები და შეურაცხყოფა. ამის ოსტატები იყვნენ გვარამია და გაბუნია. ის, რასაც ისინი აკეთებდნენ, ქვეყნის სირცხვილი იყო. რაც შეეხება მთლიანად არხს, სააკაშვილის დროს რუსთავი 2 უნამუსოდ ამართლებდა სააკაშვილის რეჟიმის უსასტიკეს დანაშაულებს, მაყურებელს კი დამახინჯებულ რეალობას უჩვენებდა. ამ ტელევიზიამ ხალხის ცნობიერებაზე იმოქმედა. ხუთშაბათს რუსთავი 2-ს შენობასთან იყვნენ შეკრებილი ამ არხის მაყურებლები. მათი კომენტარები რომ მოვისმინე, შემრცხვა.
– რატომ?
– ქართველები, რომელი პროფესიის წარმომადგენლებიც არ უნდა ვიყოთ, უფრო განათლებულები და ინტელექტუალურები ვართ. ის შეკრებილი ხალხი, ეტყობა, ამ ტელევიზიას უყურებს და სხვა არაფერს კითხულობს და უსმენს. რუსთავი 2-მა თავისი მაყურებლის დონე უკიდურესად ჩამოაქვეითა. ამ ტელევიზიას სააკაშვილის დროიდან მოყოლებული ჰქონდა ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული და ანტიმართლმადიდებლური მიმართულება. ასეთივე განხრისაა თითქმის ყველა ტელევიზია. ამიტომ ვამბობ, რომ შესაკრებთა გადანაცვლება ჯამს არ ცვლის. გვარამია და მისი თანამოაზრეები წარმოადგენდნენ მეხუთე კოლონას.
– ვის მეხუთე კოლონას?
– სხვადასხვა ქვეყნის. ლიბერალურ ინტერნაციონალს ყველგან აქვს ქსელი გაბმული. მათ შორის, რუსეთში. გვარამია, ნაცებთან და უფრო მეტად ევრონაცებთან ერთად ლიბერალური ინტერნაციონალის ინტერესებს ემსახურება. მას არაერთხელ მოუწყვია პროვოკაციები. ბოლო პერიოდში გვარამიასა და გაბუნიას მიერ პროვოცირებული მოვლენების შესახებ ყველამ იცის.
– არალიბერალური ინტერნაციონალის ხელმძღვანელად, პირობითად, პუტინს მიიჩნევენ. თქვენ მის ბანაკში აღმოჩნდით?
– არა. პუტინთან პრეტენზიები მაქვს. ის მაწუხებს, რომ მართლმადიდებელი სახელმწიფოები ერთმანეთთან მტრულ დამოკიდებულებაში ვიმყოფებით. პუტინს შეეძლო, ხელი შეეწყო ორ მართლმადიდებელ ხალხს შორის ნორმალური ურთიერთობებისათვის, მაგრამ მან, ისევე, როგორც ელცინმა, საქართველოს წინაშე სერიოზული შეცდომები დაუშვა.
ვგულისხმობ კონფლიქტების გაჩაღებას ჩვენს რეგიონებში, 2008 წელს ამ კონფლიქტური რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებას. 2008 წელს ანტისახელმწიფოებრივად იქცეოდა სააკაშვილის ხელისუფლებაც. ჩვენი ბიჭები ბრძოლაში რომ იხოცებოდნენ, სააკაშვილის ჩინოსნები ოჯახებით ბაქოში, ერევანში და სხვაგან აფარებდნენ თავს.
გული მწყდება, რომ რუსეთს საომარი მდგომარეობა აქვს მართლმადიდებელ საქართველოსთან, მართლმადიდებელ უკრაინასთან და კონფლიქტი ბერძნულენოვან მართლმადიდებლებთან (კონსტანტინეპოლის საპატრიარქო). ჩვენს რეგიონში იმავე რუსეთს აწყობილი აქვს თანამშრომლობა თურქეთთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან, ირანთან, თავის რესპუბლიკებთან ჩრდილოეთ კავკასიაში, ჩვენთან კი ამდენი პრობლემა აქვს. კონსერვატორების ბანაკის ლიდერად ყველას ვერ ჩავთვლით.
– რა გაქვთ მხედველობაში?
– კონსერვატორს მოეთხოვება გარკვეული წესების დაცვა. მართლმადიდებელ სამყაროში ეროვნულად ითვლება ის პოლიტიკური ლიდერი, რომელიც აღმსარებელი და მაზიარებელია და ეკლესიასთან მუდმივი კავშირი აქვს. საქართველოში ზოგიერთი იბრალებს ეროვნულობას, მართლმადიდებლობას და ტრადიციების ერთგულებას, მაგრამ ეკლესიაში აქა-იქ თუ შეივლის, ხანდახან მარიხუანას და კლუბურ ნარკოტიკებს მოიხმარს, მეძავთან მიდის და ა.შ. ასეთი ცხოვრების წესის მქონე პირებს (მათ ვინაობას არ ვასახელებ) ქრისტიანული და ტრადიციული ღირებულებების დაცვაზე პრეტენზია არ უნდა ჰქონდეთ.
– ამ დღეებში პუტინთან ურთიერთობების დალაგებას თავისი განცხადებებით ბიძინა ივანიშვილი შეეცადა.
– ბიძინა ივანიშვილი, რა განცხადებებიც არ უნდა აკეთოს, მყარად ვეღარ დადგება ფეხზე და თავს ვეღარ უშველის. 2012 წლის შემდეგ რამდენიმე არჩევნები გაიმართა. ყველა არჩევნების წინ ეს კაცი ახალ-ახალი დაპირებებით აბრუებდა მოსახლეობას. მიამიტ ამომრჩეველს ყოველ ჯერზე ეგონა, ახლა იწყებს ივანიშვილი დანაპირების შესრულებასო, მაგრამ ხალხი ყოველთვის ტყუვდებოდა.
ივანიშვილმა გააგრძელა კოაბიტაცია სააკაშვილის დაყოფილ პარტიასთან, ეკონომიკა და სხვა დარგები კი დაიქცა. სამართლიანობა ვერ აღდგა, ხალხი უარესად გაღატაკდა. მისი პარტია ისევე ანტიმართლმადიდებლურად იქცეოდა, როგორც ნაცმოძრაობა. ანტიდისკრიმინაციული კანონის მიმღებმა ხალხმა მოახდინა მართლმადიდებლობის საპარლამენტო ფორუმის ორგანიზება. ამ ორგანიზაციის პრეზიდენტს, კომუნისტ გავრილოვს მოაწყობინეს პროვოკაცია, რამაც მძიმე პროცესები გამოიწვია. მერე კობახიძე თალაკვაძით შეცვალეს. გია ხუხაშვილი ამბობს, რომ თალაკვაძე სანდრა რულოვსს ყავას უდუღებდა. ასეთი პარლამენტის თავმჯდომარე გვყავს. პარლამენტში რომ ნორმალური ძალები ყოფილიყვნენ, ასეთი მდგომარეობა არ გვექნებოდა.
– მომავალ პარლამენტში, წესით, სხვა ძალებიც უნდა მოხვდნენ.
– რასაკვირველია. გვითხრეს, რომ მომავალი არჩევნები პროპორციული სისტემით და ბუნებრივი ბარიერით ჩატარდება. ასეთ შემთხვევაში უბლოკოდაც შეიძლება თანამოაზრეების გაერთიანება. ჩვენ, კონსერვატიულ ძალებს, გვაქვს შანსი, შევქმნათ პოლიტიკური ცენტრი. ის დაიცავს ეროვნულ და რელიგიურ ფასეულობებს, შეცვლის სისტემას და იზრუნებს ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანაზე.
პირველ ადგილზე უნდა დავაყენოთ ქვეყანა. პირადად მე არანაირი პრეტენზია არა მქვს, რომ საარჩევნო სიაში პირველ ან მეორე ადგილზე ჩავეწერო. თუ სხვებიც დათმობენ ამბიციებს, მაშინ შედეგს მივაღწევთ.

მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა