საარჩევნო ცვლილებების პრეზეტანციას გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები არ დაესწრნენ. ასევე არ დაესწრო ევროპული საქართველო. ისინი არ აპირებენ ხელისუფლებასთან ერთად დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან, სანამ გიორგი გახარია არ გადადგება.
თუმცა გაერთიანებულ ოპოზიციაშიც გამოჩნდა განსხვავებული აზრი. ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა გამყრელიძე მიიჩნევს, რომ პროტესტის მოთხოვნების დაყვანა ერთი პერსონის გადაყენებამდე არასწორია.
მამუკა გამყრელიძე ამჟამად მეუღლესთან ერთად მოსკოვში იმყოფება გეგმიური სამედიცინო გამოკვლების ჩასატარებლად. “ახალი თაობა” მას ტელეფონით დაუკავშირდა.
– ბატონო მამუკა, გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებიდან ერთ-ერთი ბრძანდებით, ვინც ფიქრობს, რომ საარჩევნო სისტემის ცვლიელბა არ უნდა გაიცვალოს არანაირ მოთხოვნაზე, არ უნდა იყოს ვაჭრობა სხვა თემებით. ხომ ასეა?
– აბსოლუტურად. მოდით, ასე ვიტყოდი, გახარის გადაყენება არის პრინციპიალური საკითხი, მაგრამ ამ საკითხის გაცვლა და ამით დაბალანსება იმისი, რომ ჩვენ მოვითხოვოთ საარჩევნო სისტემის შეცვლა, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მოთხოვნა შეჩერდეს. მთავარი მიზანი პოლიტიკური ოპოზიციის, რა თქმა უნდა, უნდა იყოს საარჩევნო სისტემის შეცვლა.
– ამას ალტერნატივე არ აქვს?
– დიახ. იმიტომ, რომ არსებული საარჩევნო სისტემის პირობებში ძალიან რთული იქნება ხელისუფლების შეცვლა. ხელისუფლების ცვლილება კი უნდა იყოს შემდგომი გარანტია იმისა, რომ არც გახარიები, არც მისთანა რადიკალური ტიპები აღარ მოვლენ ხელისულებაში.
ნებისმიერი ხელისუფლების ცვლილება უნდა გაადვილდეს, ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, ისეთი კანონმდებლობა უნდა არსებობდეს. აი, ეს არის მთავარი. თუ ჩვენ დავტოვებთ ისეთ კანონმდებლობას, რომელიც მისცემს საშუალებას ნებისმიერ ხელისუფლებას, გაიხანგრძლივოს თავისი ყოფნა ქვეყნის სათავეში, ეს იქნება ძალიან ცუდი! ხალხს უნდა შეეძლოს, რომ მარტივად შეცვალოს ხელისუფლება.
– ანუ თქვენი პოზიციაა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქუჩაში არის პროტესტი, ითხოვენ გახარიას გადადგომას, ოპოზიციის ლიდერები უნდა შემოუსხდნენ მოლაპარაკების მაგიდას?
– ვინაიდან მე არა ვარ საქართველოში, არ მაქვს იმის საშუალება, რომ მათთან ერთად საერთი აზრი დავაფიქსირო. ეს არის ჩემი პირადი მოსაზრება და ის ასეთია, რომ ერთი მეორეს არ ცვლის არანაირად. უნდა იყოს ისიც და ისიც. ხალხის მოთხოვნა არის გახარიას შეცვლა, კი ბატონო, მე აბსოლუტურად ვეთანხმები ამას. გახარიან ნამდვილად მოახდინა საკუთარი თავის დისკრედიტაცია, მაგრამ ეს პირველ მოთხოვნას არ ცვლის.
თუ ხელისუფლება მთლიანად არ შეიცვლება, გახარია შეიძლება ჩაანაცვლონ სხვა, შეიძლება კიდევ უფრო მიუღებელი პერსონით. ეს კარგი არ არის. ამიტომ აქ სხვა მოთხოვნებიც უნდა იყოს.
– კერძოდ?
– უნდა იყოს დროებითი მთავრობა, რომელიც ქვეყანას მიიყვანს არჩევნებამდე.
– 2020 წლის არჩევნებამდე თუ ვადამდელი შეიძლება დაინიშნოს?
– ეს იმის მიხედვით, რამდენად სწრაფად იქნება შესაძლებელი საარჩევნო სისტემის შეცვლა. ამისთვის უპირველეს ყოვლისა საჭირო იქნება მოლაპარაკება არასამთავრობოებს, ხელისუფლებას, ოპოზიციას და ამ მოპროტესტე ხალხს შორის. ყველა უნდა დაჯდეს ამ მაგიდასთან და მივიდნენ კონსენსუსამდე.
ეს პერსონები, პრემიერმინისტრი იქნება ეს თუ სხვები, ვეღარ ახერხებენ ქვეყნის მართვას. რეალურად ისინი ძალიან დაცილდნენ ხალხს. ძალიან ჩამოშორდნენ იმ მოთხოვნებს, რომლებიც ხალხს აქვს. ამიტომ საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა დროებითი მთავრობა, რომელიც სხვადასხვა ძალებისგან შეიკრიბებოდა, რომელიც მიიყვანდა ქვეყანას არჩევნებამდე და არჩევნები ჩატარდებოდა პროპორციული წესით, რომელიც ძალიან კარგია, მაგრამ პირადად ჩემთვის მისაღები იქნებოდა მაღალი ბარიერი.
– როდესაც აცხადებთ, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს, ამას არ იზიარებენ თქვენივე თანაგუნდელები. მათ არ მოეწონათ, რომ თქვენ მოსკოვში ბრძანდებით. ეს არ დაგიმალავთ, პირდაპირ დაწერეთ სოციალურ ქსელში, მაგრამ მაინც დიდი განხილვები მოჰყვა თქვენს ვიზიტს.
– რა თქმა უნდა, ეჭვიც არ მეპარება. იმასაც მეუბნებიან, ანზორ მელიასთან რატომ არ მივედი. იქ თანხა უნდა გადამეხადა და აქ მეგობრებთან ვარ. არც ცხოვრებაში მიწევს ფულის გადახდა, მეგობართან ვცხოვრობ სახლში და არც მკურნალობაზე, რადგან უახლოესი მეგობრები არიან. ამიტომ ჩემთვის ეს უფრო მისაღები იყო.
– სიტუაცია იყო ისეთი, მოსკოვში არ უნდა წასულიყოო.
– როდესაც საქმე ჩემს საკუთარ ჯანმრთელობას და ჩემი მეუღლის ჯანმრთელობას ეხება, მაპატიეთ, მაგრამ რა ვქნა. თუ ჩათვლიან, რომ ხმა არ უნდა ამოვიღო ამ ფაქტის გამო, ჩემი გაჩუმება საკმაოდ რთული იქნება.
ჩვენი საუბრის თემს რომ დავუბრუნდეთ, მე დავეთანხმები ყველა იმ გადაწყვეტილებას, რასაც მიიღებს გაერთიანებული ოპოზიცია. მე რომ განსხვავებული აზრი მაქვს, ეს ცუდი არ არის, პირიქით, ეს იმას ნიშნავს, რომ გაერთიანებულ ოპოზიციაში სხვადასხვა შეხედულებების მქონე ადამიანები არიან.
რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში იმარჯვებს პარტიული დისციპლინა და შეთანხმება როგორიც იქნება, ცხადია, მე დავეთანხმები, მაგრამ განსხვავებული აზრი თუ მაქვს, მე უნდა გამოვხატო კიდევაც, რა პრობლემაა, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ.
– ხელისუფლება იმის იმედად არის, რომ საპროტესტო მუხტი განელდება, რაოდენობრივად აქცია შემცირდება. თქვენ რაში ხედავთ გამოსავალს ამ კრიტიკული სიტუაციიდან?
– შეიძლება ჩაქრეს მუხტი, შეიძლება საერთოდ შეწყდეს აქციები, შეიძლება პირიქით, მთელი ზაფხული გაგრძელდეს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ ძალიან მარტივ გამოსავალს. ხელისუფლება აუცილებლად უნდა დაჯდეს მოლაპარაკებებზე საზოგადოებასთან, პოლიტიკურ პარტიებთან, იმიტომ რომ რეალურად ისინი უკვე ვეღარ მართავენ სიტუაციას. სულ მუდმივად იქნება ბეწვის ხიდზე სავალი სიტუაცია. რაღაცა პატარა გადაცდომა და ამას ისევ აფეთქება მოჰყვება. მითუმეტეს ჩვენ მოგავროვეთ 300 ათასი ხელმოწერა და ჩავაბარეთ პარლამენტს, რომ განხილვა მოხდეს ამ საარჩევნო სისტემის.
ყველა დეტალი გასარკვევია. ასე ადგე და აჰა გაჩუქეთ პროპორციული საარჩევნო სისტემა, ეს ასე არ ხდება და ეს არც გვჭირდება. ივანიშვილს რომ ჰგონია, ასე მარტივად არ არის ეს საკითხი. დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და ყველაფერი დეტალურად განვიხილოთ.
– ანუ მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ აქვს? ამაშია გამოსავალი?
– რა თქმა უნდა. არანაირი ალტერნატივა არ აქვს. არანაირი რადიკალიზაცია ამ სიტუაციისა არ ვარგა. ხელისუფლებიდან უნდა მოდიოდეს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომის სურვილი და გარკვეული დათმობებიც.
ოპოზიცია ამის ინიციატორი ვერ იქნება.
ნონა ცაბაძე, ახალი თაობა