“ახალი თაობის” კითხვებს გლობალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი, ცესკოს ყოფილი თავმჯდომარე ნანა დევდარიანი პასუხობს
– ქალბატონო ნანა, 2020 წელს არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება. ოპოზიცია ამას საკუთარ მონაპოვრად მიიჩნევს. როგორც ცესკოს ყოფილი თავმჯდომარე, როგორ შეაფასებთ პროპორციული სისტემის სიკეთეებსა და ხარვეზებს?
– რამდენად არის ეს ოპოზიციის გამარჯვება, ამაზე კამათი შეიძლება. იმიტომ, რომ დიდი ხანი ითხოვდნენ და მხოლოდ ახლა მოხდა ამ ნების გაცხადება, თანაც ნულოვანი ბარიერით. ბარიერის პირობებში პროპორციული არჩევნები და ნულოვანი ბარიერის დროს არის პრინციპულად განსხვავებული.
– ორივე ვარიანტი განვიხილოთ.
– უბრალოდ პროპორციული არჩევნები ნაციონალურ მოძრაობას და მის განაყოფს ძალიან აწყობს. იმიტომ, რომ როგორც პარტია, მოიპოვებს გარკვეულ რაოდენობას მანდატების და ამას დაემატება ბარიერგადაულახავი პარტიების მიერ მიღებული პროცენტი. ის ხმები ხომ იკარგება და ეს დაკარგული ხმები, მერე პროპორციულად ნაწილდება გამარჯვებულ პარტიებზე.
– ნულოვანის შემთხვევაში რა ხდება?
– ნულოვანი ბარიერის პირობებში, არაფერი დაემატება ნაციონალურ მოძრაობას და არც “ქართულ ოცნებას”. ყველა, ვინც 0.7%-მდე მიიღებს ამომრჩევლის ხმებს, მიიღებს ერთ მანდატს. ამით იყო ეს ისტერიკა განპირობებული, სააკაშვილი რომ გაგიჟდა ნულოვან ბარიერზე. იმიტომ, რომ ისინი დაკარგავენ და ვერ დაიმატებენ.
სამაგიეროდ, სხვა პარტიებს, შედარებით მცირე პარტიებს, ეძლევათ შანსი, რომ ჰყავდეთ წარმომადგენლობა. ეს ნიშნავს იმას, რომ საზოგადოებაში როგორი მრავალფეროვნებაც არის, დაახლოებით ისეთივე იქნება პარლამენტში და ეს მხოლოდ დადებითია.
– ოპოზიციის ერთი ნაწილი სწორედ ამაზე ვაჭრობს, რომ არ იყოს ნულოვანი ბარიერი.
– უკვე ამით ვხვდებით მათ მოტივაციას. ეს მათთვის წამგებიანია.
– რამდენად ჭრელი პარლამენტი გვეყოლება? კახა კალაძე აცხადებს, რომ მათ აქვთ ამბიცია, რომ კვლავ ჰყავდეთ უმრავლესობა ახალ პარლამენტში. ეს შესაძლებელია?
– ყველა რესურსის გათვალისწინებით, ამის შესაძლებლობა აქვთ. თუ დაუკვირდებით, მას არ უთქვამს საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომელიც ბოლო არჩევნებით ჰქონდათ. საუბარია უბრალო უმრავლესობაზე, მაქსიმუმ 50%-ზე. დანარჩენი 50% გადანაწილდება სხვადასხვა პარტიებზე.
– შეძლებს “ოცნება” ამდენის აღებას?
– მოდით, უფრო ღრმად ჩავიხედოთ. თუ 30%-ს აიღებს “ქართული ოცნება” და დანარჩენ 70%-ს გაინაწილებს ბევრი პარტია, ის მაინც უმრავლესობაა. საპარლამენტო უმრავლესობაა 50%-ს პლიუს ერთი, მაგრამ მაინც უმრავლესობაა, როცა ერთ პარტიას ექნება სხვებზე მეტი.
როგორც ჩანს, ისინი ამას ანგარიშობენ, რადგან უკვე კოალიციური მთავრობის ვარიანტებზე დაიწყო საუბარი, რომ ვისთან შევა კოალიციაში “ქართული ოცნება”.
ის, რომ სხვა პარტიებთან თანამშრომლობა მოუწევთ, ეს უდაოა და ეს ძალიან კარგია, რადგან არც ერთ მონოპოლისტურ პოლიტიკურ ძალას კარგად არ დაუმთავრებია საქართველოს უახლეს იატორიაში და ეს ყველას კარგად გვახსოვს.
– ანუ “ოცნებას” აქვს იმის იმედი, რომ წვრილ-წვრილ პარტიებთან, ვინც აღმოჩნდება პარლამენტში, შეძლებს მოლაპარაკებას და მათთან ერთად ალიანსში შესვლას?
– რა თქმა უნდა. სხვანაირად ვერ შექმნის უმრავლესობას. როდესაც საუბრობს კოალიციურ მთავრობაზე, სწორედ ოპოზიციური პარტიების იმედი აქვს. თუმცა ვისთან აპირებს თანამშრომლობას, ეს მერე გამოჩნდება.
მთავარია, როგორ ჩატარდება არჩევნები, რამდენად სამართლიანი იქნება და ამომრჩეველს რამდენად ექნება ნდობა ამ არჩეული პარლამენტის მიმართ.
– ამ სიტუაციაში, თანაც პროპორციულის პირობებში, უფრო ნაკლები იქნება გაყალბების შანსი?
– თუ მოინდომებენ, გაყალბებას ყველა სიტუაციაში მოახერხებენ. მე შეგახსენებთ ანეკდოტურ სიტუაციას 2003 წლის არჩევნების შემდეგ. რევოლუციის შემდეგ სასამართლოში დაისვა საკითხი იმაზე, რომ პროპორციული არჩევნები გაყალბდა და მაჟორიტარული არ გაყალბებულა.
ეს აბსოლუტურად გამორიცხულია. ერთ დღეს ჩატარებული არჩევნები, ერთი კონვერტი, სამი ბიულეტენი: პროპორციული, მაჟორიტარული და რეფერენდუმი. ორი ჩატარდა გადასარევად და ერთი გაყალბდა?!
ეს უკვე გემოვნების საკითხია. პროპორციულზეც იტყვიან, გაყალბდაო, თუ არ იქნება მათი სურვილების შესაბამისი.
– ბევრი ოპოზიციური პარტია შევა პარლამენტში?
– ბოლო გამოკითხვებს თუ გადავხედავთ, 2-3% საკმაოდ ბევრ ოპოზიციურ პარტიას აქვს, ასე რომ…
– რატომ ნულოვანი და არა, 2 ან 3%-იანი ბარიერი? მითუმეტეს აცხადებთ, რომ ეს მომგებიანი არ არის “ოცნებისთვის”.
– დიახ, “ოცნებას” ამ შემთხვევაში თავისთვის მომგებიანი ნაბიჯი არ გადაუდგამს. როგორც ნაციონალები კარგავენ იმ გადაუნაწილებელი მანდატების რაოდენობას, ისევე კარგავს “ოცნება”, მაგრამ მაინც წავიდა ამაზე. იყო მოთხოვნა პროპორციულ არჩევნებზე, კი ბატონო იყოსო, მაგრამ იყოს ნულოვანი ბარიერი. ამით გააწონასწორეს.
– ხომ არ შეეშინდა “ოცნებას”, რომ ნაციონალები უპირატესობას მოიპოვებდნენ, რომ ყოფილიყო თუნდაც 2 ან 3%-იანი ბარიერი?
– არა, მაგის შიში არ მგონია ყოფილიყო. რაც დრო გადის, ნაციონალების მხარდაჭერა სულ უფრო უფრო კლებულობს.
– ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ ნაციონალებსა და “ქართულ ოცნებას” შორის მხოლოდ 4%-იანი სხვაობაა.
– აი, ეს 4%-იანი სხვაობა ნულოვანი ბარიერის პირობებში რამდენ პროცენტზე დაჯდება, მეც ვნახავ და დანარჩენი საზოგადოებაც.
– როგორია თქვენი პროგნოზები და მოლოდინი?
– ანალოგიური პროცესები ვითარდება ნაციონალების მხრიდან, როგორც 2001-დან 2003 წლამდე. ყველანაირ პროვოკაციაზე წასვლა, იმაში ხალხის დარწმუნება, რომ ხელისუფლებას არაფერი შეუძლია და ერთი პატარა შეჯანჯღარება უნდა, რომ დაამხონ.
მერე იძახიან, მშვიდობიანად გვინდოდა პარლამენტში შესვლაო. პარლამენტში შეჭრას ერთი დანიშნულება აქვს და ყველას გვახსოვს, ეს 2003 წელს რით დამთავრდა. ახლა სწორედ ამის ნიადაგს ამზადებენ 2020-ისთვის, რომ ხელისუფლებამ ვერ გაბედოს ვერაფერი.
– ვადამდელი აღარ იქნება?
– არა, რაღა დროს ვადამდელია, ის კი არა და ქუცნაშვილის მანდატზეც ვეღარ ჩატარდება არჩევნები. აღარც აზრი აქვს და ვერც მოესწრება. დრო არ არის.
მე მაქვს მოლოდინი, რომ უკეთესი პარლამენტი გვექნება. მთავარი მიზანი მრავალპარტიული პარლამენტის არის ის, რომ საზოგადოებაში ბევრი უკმაყოფილება გაჩნდა და ამომრჩეველს ექნება საშუალება, რომ მას, ვისაც არც ხელისუფლება მოსწონს და არც ნაციონალური მოძრაობა, ექნება საშუალება, მისი აზრის გამომხატველი პარტია აირჩიოს.
– და ამ ფონზე ჩნდება მამუკა ხაზარაძეც.
– თუ იპოვით ისეთ ადამიანს, ვინც მე მეტყვის, ვინ დაუჭერს ბანკირებს მხარს ამ გაუბედურებულ ქვეყანაში, სადაც ბანკებმა დააქციეს ოჯახები და უსახლკაროდ დატოვეს, კი ბატონო.
თუ უბრალოდ საზოგადოებრივი ტრიბუნა უნდა და განცხადებების კეთება, ეს ისედაც შეუძლია, მაგ მოძრაობის დაფუძნების გარეშე.
ნონა ცაბაძე, ახალი თაობა