“ნიკა გვარამიას მოუწევს ლონდონის არბიტრაჟში ჩასვლა და არა – ქიბარ ხალვაშს”

"ნიკა გვარამიას მოუწევს ლონდონის არბიტრაჟში ჩასვლა და არა - ქიბარ ხალვაშს"იურისტი ლია მუხაშავრია “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ტელეკომპანია რუსთავი 2-ის შესახებ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ საუბრობს.
– ქალბატონო ლია, სტრასბურის სასამართლოს მიერ რუსთავი 2-ის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე რა შეგიძლიათ გვითხრათ?
– სტრასბურის სასამართლოს გადაწყვეტილება 100 გვერდიანია. შესაბამისად, პროფესიულად გამართული შეხედულება რომ გითხრათ, 100 გვერდი წაკითხული უნდა მქონდეს.
რაც შეეხება სარეზოლუციო ნაწილს, ეს უკვე იცის მთელმა ქვეყანამ და უკვე გასაგებია, რაც წერია მასში ანუ რა გადაწყვეტილებაც მიიღო ევროპის სასამართლომ.
სიმართლე გითხრათ, მე მაინტერესებს სამოტიცავიო ნაწილი. სამოტივაციო ნაწილს ჯერ არ გავცნობივარ.
– საჯარო რეესტრმა ქიბარ ხალვაში უკვე დაარეგისტრირა რუსთავი 2-ის მესაკუთრედ. გამოდის, აღსრულების ნაწილში სახელმწიფომ დაიწყო მოქმედება?
– როგორც ჩანს, მაგრამ აქ მე კითხვები მაქვს. ტექსტი ინგლისურ ენაზეა. ჯერ არ არის თარგმნილი. ამდენად, საქართველოს საჯარო რეესტრმა რა ენაზე იხელმძღვანელა? ჯერ სამეწარმეო რეესტრისთვის უნდა მომხდარიყო წარდგენა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილების, რა თქმა უნდა ქართულ ენაზე და არა უცხო ენაზე.
– სამართლებრივად ასე ხდება?
– რა თქმა უნდა! საქართველოში დოკუმენტაციის წარმოება ქართულ ენაზე მიმდინარეობს. როგორ მოასწრეს 100 გვერდის თარგმნა, ეს ჩემთვის გაუგებარია. ითარგმნა კი გადაწყვეტილება თუ ინგლისური ვარიანტი მიიტანეს?! ეს ჩემთვის უცნობია. დროში ძალიან სწრაფად მოხდა და ამიტომ გამიჩნდა მე ეს კითხვა.
– ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია აცხადებს, რომ წილების გადაფორმებასთან დაკავშირებით საჯარო რეესტრს საკითხის დაჩქარებული წესით განხილვისთვის მიმართეს, რისი შესრულებაც მათთვის სავალდებული იყოო.
– გასაგებია, მაგრამ სასამართლოს გადაწყვეტილების ტექსტის ინგლისურენოვანი ვარიანტი მიიტანეს?! მე ეს მაინტერესებს.
მე მაინც ვფიქრობ, რომ თეა წულუკიანის განცხადება უკვე სიგნალი იყო საჯარო რეესტრისთვის, რომ მათ ემოქმედათ.
– პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, ხალვაშს აქვს უფლება იუსტიციის სამინისტროს მიმართოს ქონების დარეგისტრირებასთან დაკავშირებით და თუ ეს მოთხოვნა არ შესრულდება, წულუკიანი შესაძლოა პასუხისგებაში მიეცეს. რა კომენტარს გააკეთებთ?
– სასაცილოა, აქ შეუძლებელია, რაციონალური კომენტარი გააკეთო.
– კილაძის განცხადებაზე გეცინებათ?
– დიახ, მეცინება, როგორც ჩანს, ქალბატონი სოფო არასდროს მისულა საჯარო რეესტრში და არ იცის, რა და როგორ ხდება. ან მივიდეს ხვალ ინგლისურენოვანი დოკუმენტებით და რას როგორ დაურეგისტრირებენ, ვნახავთ.
– ნიკა გვარამიას კონტრაქტთან დაკავშირებით მაინტერესებს თქვენი პოზიცია. კონტრაქტის ცალმხრივად გაწყვეტის უფლება არსებობს. სამართლებრივად შესაძლებელია, ამ შემთხვევაში ასე განვითარდეს მოვლენები?
– დიახ, რა თქმა უნდა, შესაძლებელია! სამართლებრივად ნებისმიერი კონტრაქტის ცალმხრივად გაწყვეტის შესაძლებლობა არსებობს. კიდევ ერთი, გვარამია ამ შემთხვევაში ლონდონის არბიტრაჟით აპელირებდა, იმ ლონდონის არბიტრაჟში მას მოუწევს წასვლა და არა – ქიბარ ხალვაშს.
– ხალვაშს რატომ არა?
– იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში ნიკა გვარამიამ უნდა დაამტკიცოს თავისი სიმართლე და არა – ქიბარ ხალვაშმა. აქ ძალიან მარტივია ლოგიკა: თქვენს საკუთარ სახლში სად რას დადგამთ და როგორ მოაწყობთ მას, თუ თქვენ ხართ იმ სახლის მესაკუთრე, ეს უკვე თქვენზეა დამოკიდებული და არავინ სხვაზე. ეს ლოგიკაა.
– ამ შემთხვევაში დვალისა და აქიმიძის სამართლებრივი პროცესი წყდება? თუ ქიბარ ხალვაშის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, მათთან დაკავშირებით როგორ წავა პროცესი?
– სამწუხაროდ, მათი საკუთრების საკითხი არ დამდგარა. დვალმა და აქიმიძემ საქართველოს პროკურატურაში შეიტანეს საქმე. საქართველოს პროკურატურა კი როგორ იძიებს საქმეებს, ეს კარგად იცის საზოგადოებამ. სამაგიეროდ, მათ ხალვაშმა დაასწრო და დღეს ხალვაში არის კანონიერ მესაკუთრედ მიჩნეული.
ნათია ხურცილავა, ახალი თაობა