ნონა ცაბაძე, ახალი თაობა
“ახალი თაობის” კითხვებს კონფლიქტოლოგი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი პასუხობს
– ბატონო პაატა, როგორია თქვეი შეფასებები ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების?
– ზოგადად საინტერესო პროცესები ხდება. “ქართულ ოცნებას” საერთოდ წარმოდგენაც არა აქვს, რას აკეთებს. საერთოდ არა აქვს პოლიტიკური ალღო, გათვალოს სიტუაცია მის სასარგებლოდ. ქვეყანაზე რომ არ ფიქრობს, ეს უკვე დიდი ხანია ნათელია. ყველა ფიქრობს თავის თავის გადარჩენაზე და თავის თავზეც ვერ ზრუნავს “ქართული ოცნება” და აშკარად უკვე აორთქლების სუნი ასდის, რომ ორთქლდება და ქრება, როგორც გაქრა მრგვალი მაგიდა, როგორც გაქრა აღორძინება, როგორც გაქრა მოქალაქეთა კავშირი.
აი, ამ ტიპის აორთქლების პროცესი დაეწყო “ქართულ ოცნებას”. ამ სუნს, ამ ოხშივარს ყველა გრძნობს, ამიტომ ყველა იმუხტება და ცდილობს, ეს ვითარება გამოიყენოს თავის სასარგებლოდ.
– დაპატიმრებების სერიაზე რას იტყვით?
– დაპატიმრებების სერია მხოლოდ ანგრევს მათ. ეს უგუნურებაა. ოქრუაშვილს საერთოდ არ ვცემ არანაირ პატივს და მის სინდისზეა სამხრეთ ოსეთის პრობლემის დიდი ნაწილი. მან ააგორა ყველაფერი და სააკაშვილმა წარმატებით დაასრულა. მიუხედავად ამისა, დღეს ირაკლი ოქრუაშვილის მხარეს უფრო არის სიმპატიები, ვიდრე “ქართული ოცნების” მხარეს.
კი მაგრამ, მელია რომ დააპატიმრეს პარლამენტში შეჭრის მცდელობის ბრალდებით, მაშინ ოქრუაშვილიც ხომ იქ იყო, მაშინ რატომ არ ამოიღეს ხმა ოქრუაშვილზე?! ახლა აღმოაჩინეს ეს კადრები?!
– ჩნდება ვარაუდები, რომ რადგან ოქრუაშვილი რუსთავი 2-თან დაკავშირებით გააქტიურდა, სწორედ ამ თემას უკავშირდება მისი დაკავებაც.
– დიახ, მან შექმნა პარტია, ასე თუ ისე ფეხზე დადგა, ჭორაობის დონეზე, მაგრამ სიმართლის ლაპარაკი დაიწყო, რუსთავი 2-თან დაკავშირებით თავისი პრეტენზიები წამოაყენა და უცბად გაახსენდათ ეს კადრები.
ასეთი მოქმედებები მხოლოდ აძლიერებს “ოცნების” ოპონენტებს. თუ ოქრუაშვილს არ შეეშინდება ამ ციხის, როგორც თავის დროზე შეეშინდა, სააკაშვილის დროს და კარგად ჩაჯდება…
– კარგად ჩაჯდომაში რა იგულისხმება?
– ანუ კარგად როგორ, არ წავა გარიგებაზე, ის ამით მხოლოდ ქულებს ჩაიწერს.
მე ბუნებით ავანტიურისტი ვარ, ხაზარაძის ადგილზე, რომელსაც, ოქრუაშვილისგან განსხვავებით, დიდ პატივს ვცემ, ასევე ჯაფარიძესაც, მათ ადგილზე ფულს არ გადავიხდიდი და ციხეში ჩავჯდებოდი.
ამით მხოლოდ მოიგებენ და ძალიან სერიოზულად დააზარალებენ “ქართული ოცნების” პერსპექტივებს. თუ პოლიტიკაში მოდიან, მაშინ პოლიტიკური თამაშის წესებით ითამაშონ.
ამიტომ, ვისაც დაიჭერენ, ყველა უნდა წავიდეს ციხეში და არ უნდა დაიწყოს გარიგება პროკურატურასთან, ციხეში ვერაფერს დაუშავებენ, სამაგიეროდ, სერიოზულად გაზრდიან თავის ავტორიტეტს და თავის პერსპექტივებს სამომავლოდ.
– ანუ ციხე პოლიტიკურად მათთვის მომგებიანი იქნება?
– ცალსახად მომგებიანი იქნება, ამაში ორი აზრი არ არსებობს. ხოლო თუ წავლენ გარიგებაზე პროკურატურასთან, ამით შეატყობინებენ საზოგადოებას, რომ რაღაცაში მართლები არ არიან.
მე მართალი ვარ და მე არ მეშინია ციხის – აი, ეს პოზიცია უნდა ჰქონდეთ. ვიდრე ის, რომ კარგი, მოვდივარ თანამშრომლობაზე.
– ბოლო პერიოდში შეცდომას შეცდომაზე უშვებენ, რატომ აიჭრა ასე ძალიან ხელისუფლება?
– ბოლო პერიოდში კი არა, სულ შეცდომას შეცდომაზე უშვებენ. მას შემდეგ, რაც დაშალეს კოალიცია, რაც ჩათვალეს 2016 წელს, რომ თვითონ მართავენ სახელმწიფოს და რად უნდათ კოალიცია, რაც გაკრიფეს შუა, მას შემდეგ შეცდომას შეცდომაზე უშვებენ. არცერთხელ არ გადაუდგამთ სწორი ნაბიჯი.
– კიდევ თუ ელოდებით ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრებას?
– იმდენად ორი დიდი შეცდომა დაუშვეს ხაზარაძის და ოქრუაშვილის მიმართულებით, რომ მათი მხირდან შტერული ნაბიჯების გადადგმას არც მომავალში გამოვრიცხავ.
– ანუ თქვენც ამ პოზიციაზე ხართ, რომ ოქრუაშვილის დაკავება არ უკავშირდება 20-21 ივნისის მოვლენებს?
– რა თქმა უნდა. ასე რომ ყოფილიყო, როცა მელია აიყვანეს, მაშინ აიყვანდნენ ოქრუაშვილსაც. ამ პროცესებით დადასტურდა, რომ მათთვის სამართალი და სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვა კი არაა მთავარი, არამედ მათი ხელისუფლებაში ყოფნის სურვილი და სიწუწკე.
– ვერ ახერხებს ხელისუფლება საკუთარი ზრახვების შენიღბვას?
– ვერ ახერხებენ, ამის ნიჭი და უნარიც კი არ აქვთ. ძალიან პატარები არიან და ძალიან გული მწყდება, რომ აღარავინ შემორჩათ გარშემო, ვინც ეტყვის, რომ ხალხო რას აკეთებთ, ეს ხომ ჩვენ წინააღმდეგ მუშაობს?! ეს ხომ გვასამარებს, როგორ შეიძლება ასეთი რამეების კეთება?!
– აღარ შემორჩა ივანიშვილს მრჩევლები?
– არა, რა თქმა უნდა. მას შემდეგ, რაც ბესელიას გუნდი წამოვიდა, იქ მხოლოდ მედროვე და ფარისეველი ხალხი დარჩა, რომლებიც ივანიშვილს ხელში და პირში შეჰყურებენ.
დღეს ოპოზიცია სცოდავს იმაში, რომ ყველაფერს აბრალებს ივანიშვილს. როგორც ჩანს, მას ძალიან ცუდი მრჩევლები ჰყავს. მე არ მჯერა, რომ პანკისში სპეცრაზმის შეყვანის ბრძანება მან გასცა, არც ის მჯერა, რომ 20 ივნისის დარბევის ბრძანება მან გასცა, მაგრამ ნებართვა, რომ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე ხაზარაძისა და ჯაფარიძის წინააღმდეგ, ივანიშვილის გარეშე ვერ მოხდებოდა.
– როგორი შემოდგომა გველოდება?
– საკმაოდ საინტერესო შემოდგომა გველოდება. ყველაზე მეტად რისიც მეშინია, არის ის, რომ არ დავკარგოთ იდეა პროპორციული არჩევნების, რომ ამ არეულობაში, ამ ქაოსში, “ოცნებამ” არ დაასამაროს იდეა პროპორციული არჩევნების.
– ამის ინიციატორი ხომ თავად არის?
– მან ეს გადმოაგდო როგორც ბარტყი, რათა ამით დაეშოშმინებინა სიტუაცია. ვერ დააშოშმინა სიტუაცია. ოპოზიციამ ვერ მიიღო ეს ინფორმაცია. შესაბამისად ამან ტემპერატურა აწია. ამიტომ ლოგიკურად ორივეს აწყობს რაღაც სხვა და ეს სხვა არის ის, რომ რა დროს პროპორციული არჩევნებია, მოდით ისევვ ვადამდელზე ვილაპარაკოთ, ოღონდ ძველი სისტემით.
აი, ყველაზე მეტად ამის მეშინია, რომ ორივე რადიკალურმა მხარემ არ თქვას, რად გვინდა ამდენი ნაყარ-ნუყარი პარტია პარლამენტში და მოდით გავიყოთ პარლამენტი, როგორც აქამდე იყო, ნახევარი მე და ნახევარი შენ.
ეს მავანს აწყობს და ამ შემთხვევაში დაჭირდებათ ვადამდელი არჩევნები. ამიტომ არის ეს ქაოსი, ჩიხში შედის სიტუაცია, რათა ამით გაამართლონ ვადამდელი არჩევნები შერეული სისტემით.