რამაზ საყვარელიძე – “ივანიშვილი მიხვდა, რომ ნაციონალებთან ცეცხლს ეთამაშება”

რამაზ საყვარელიძე - "ივანიშვილი მიხვდა, რომ ნაციონალებთან ცეცხლს ეთამაშება”პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– ბატონო რამაზ, რუსთავი 2-ის ირგვლივ ვნებათაღელვა ჩაცხრა თუ შეიძლება გეგმა ბე არსებობდეს?
– მე მაინც მგონია, რომ ვნებათაღელვა ჩაცხრა და პიკმა გადაიარა. თუმცა, ეს ვნებათაღელვა არსად არ გამქრალა და ერთი პატარა ბიძგია საჭირო, რომ ეს ტალღა კვლავ წამოვიდეს.
– სააკაშვილიც შეეგუა? მისი განცხადებები საწინააღმდეგოს ამტკიცებენ.
– სიმართლე გითხრათ, სააკაშვილი სხვანაირად რომ მოქცეულიყო, ეს უფრო გამიკვირდებოდა. სააკაშვილი რისი სააკაშვილია თუ კვლავ თავის ჩვეულ ფორმაში არ იქნება. ის ყოველთვის აგრესიულ შეტავეზეა ორიენტირებული. მას სხვანაირად უბრალოდ არ შეუძლია.
ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებულმა მოვლენებმა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ხედვებში კორექტივები შეიტანა.
– რას გულისხმობთ?
– ივანიშვილი მიხვდა, რომ ნაციონალურ მოძრაობასთან თამაში ცეცხლთან თამაშია. მისი პოლიტიკური სვლა, საარჩევნო სისტემას და საარჩევნო ბარიერს ვგულისხმობ, სწორედ ამის დასტურია.
– თუ აქამდე “ქართული ოცნება” ფონს ნაციონალური მოძრაობით გადიოდა, მე თუ არ ამირჩევთ, ნაციონალური მოძრაობა დაბრუნდება, ამას გადახედა ივანიშვილმა?
– დიახ, სწორედ ამას ვგულისხმობ! პირველ რიგში ივანიშვილი მიხვდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს ეს აღარ იმუშავებს და ვაითუ მართლაც მობრუნდნენ! ამიტომაც, მე მგონია, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემის ამოქმედება სწორედ ამის დასტურია. თუმცა, მე მგონია, რომ ივანიშვილს პოლიტიკური სვლები ამით არ ამოუწურია.
– რას გულისხმობთ?
– მე არ გამოვრიცხავ, რომ მორიგი სვლა უკვე მისი პარტიის მიმართ იყოს განხორციელებული.
– შეიძლება პარტია გაიყოს?
– ფაქტია, რომ ივანიშვილი კეთილსაიმედო პარტნიორებს ეძებს. კი გვითხრა, რომ “ქართული ოცნება” ეცდება, უმრავლესობით მოვიდეს ანუ მთავრობა კვლავ მან დააკომპლექტოს, მაგრამ პროპორციული საარჩევნო სისტემით და ნულოვანი ბარიერით ამის ალბათობა ძალიან მინიმალურია. ამიტომ, ივანიშვილს მოუწევს კოალიციური მთავრობის დაკომპლექტება.
კოალიციაში კი მას ის ხალხი უნდა, რომელთაც ენდობა. ვინ არის ეს ხალხი?! როგორ გადანაწილდება ხმები?! ეს ძალიან სერიოზული საკითხებია და მე არ მგონია, რომ ამ საკითხებზე დღეს არ ფიქრობდეს ივანიშვილი.
– ივანიშვილს ვისთან წარმოუდგენია კოალიცია?
– იმათთან, ვისაც ენდობა, მაგრამ როგორი ძალთა ბალანსი იქნება, ვინ იქნება წამყვან ადგილებზე წარმოდგენილი, ვის გამოუცხადებს ხალხი ნდობას, ეს არის მნიშვნელოვანი.
ერთ წელიწადში იმდენი რამე შეიძლება მოხდეს, მით უფრო ჩვენს პოლიტიკურ რეალობაში, ლამის 24 საათში შეიცვალოს ყველაფერი, ყველაფერი რთული საპროგნოზოა.
– პოლიტიკურ სიურპრიზებს ელოდებით?
– არაფერი არ არის გამორიცხული.
– შერეული საარჩევნო სისტემიდან მართლა გადავალთ პროპორციულ სისტემაზე?
– ეს სკეფსისი რეალურად არსებობს და სავსებით ლეგიტიმურია. სანამ ეს საკონსტიტუციო ცვლილებები არ მოხდება და მას მხარს არ დაუჭერს 113 დეპუტატი, მანამდე მართლაც არ არსებობს არანაირი გარანტია, რომ საარჩევნო სისტემა შეიცვლება, მაგრამ პოლიტიკური რეალობა და კონტექსტი არის გასათვალისწინებელი: დღეს, ყველაზე მეტად სწორედ “ქართული ოცნების” ინტერესშია პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა.
დღეს ყველაზე მეტად ივანიშვილს უნდა აწყობდეს, რომ ქუჩა არ იყოს პოლიტიკური ტრიბუნა. თორემ მერე ქუჩას რა მოჰყვება და ქუჩიდან განვითარებული მოვლენები როგორ შეიძლება დასრულდეს, ეს არაერთხელ გვინახავს.
ნათია ხურცილავა, ახალი თაობა