საშინელი ავარია რუისთან – დაიწვა მერსედესი – 3 ადამიანი დაიღუპა, 5 მძიმედ დაშავდა

საშინელი ავარია რუისთან - დაიწვა მერსედესი - 3 ადამიანი დაიღუპა, 5 მძიმედ დაშავდათბილისი-სენაკი-ლესელიძის რუისის მონაკვეთზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ადამიანი ემსხვერპლა, 5 კი მძიმედ დაშავდა. „მერსედესის“მარკის ავტომობილი, რომელშიც 8 ადამიანი იჯდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ცეცხლი გაუჩნდა.

გარდაცვლილები არიან შუა ხნის ქალბატონი და ორი არასრულწლოვანი. ისინი სომხეთის მოქალაქეები არიან. დაშავებულები კი სასწრაფო-დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

3 მოქალაქე სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა გორში, კლინიკა ,,გორმედში“ გადაიყვანეს. სამივე მათგანს სხეულის მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება. პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, დაშავებულთაგან 2 არასრულწლოვანია, ორივე მათგანი ,,გორმედის“ რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

,,შემოყვანილი სამი პაციენტიდან ორი არასრულწლოვანია, ორივე მათგანი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ყველა პაციენტს აღენიშნება ტრავმული შოკი და მრავლობითი დაზიანებები. 14 წლის ბიჭს აღენიშნება კიდურების მრავლობითი მოტეხილობა, მენჯის ძვლების მოტეხილობა, თავის ტვინის დაჟეჟილობა, იგეგმება მისი გადაყვანა თბილისში, ბავშვთა სპეციალიზებულ სამედიცინო დაწესებულებაში, რაც შეეხება 16 წლის გოგონას, მას ხერხემლის ტრავმა აქვს მიღებული“, – განაცხადა ,,გორმედი“-ს კლინიკურმა დირექტორმა დავით ყაზაიშვილმა.

როგორც “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.