იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა
ირაკლი ოქრუაშვილმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ 2016 წელს მისი დაჭრის პროცესში კახა კალაძე ფიგურირებდა. ამ თემაზე ჟურნალისტებმა მოსაზრება „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ ლიდერს გია ვოლსკის ჰკითხეს, რომელმაც თქვა, რომ ახლა კალაძეც გამოვა და იტყვის, რომ კალაძეს ოქრუაშვილი უპირებდა მოკვლას და მარსიანელები იყვნენ ჩართულები. ვოლსკის ორი ვერსია აქვს ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებების გააქტიურებისას: ერთი ეს არის ის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ვალი აქვს და ამიტომ იყო, როცა 2007 წელს ჯერ დაიჭირეს და მერე უცხოეთში გაგზავნეს, ხოლო მეორე ვერსია შეიძლება იყოს ის, რომ მას დაჭერის საფრთხე ემუქრება და ამიტომ ცდილობს, რომ თავისი განცხადებებით ეს აირიდოს თავიდან.
ვოლსკის ვერსიების, ირაკლი ოქრუაშვილის სკანდალურ განცხადებებზე და სხვა საინტერესო საკითხებზე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე აფასებს.
ინტერვიუ ოქრუაშვილის დაკავებამდე და მისთვის 2 თვიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდებამდეა ჩაწერილი.
_ როგორ აფასებთ გია ვოლსკის განცხადებას, რომელმაც უკვე მერამდენედ გაგვაოცა?
_ ვოლსკის განცხადებებზე კომენტარი როგორ შეიძლება გაკეთდეს?! ვოლსკი მმართველი პარტიის მეორედ მოსული უმრავლესობის ლიდერია. ერთხელ იყო, მერე გადააყენეს და ისევ მოვიდა. ჩემი პირადი აზრი ასეთია, რომ უმრავლესობაში რეიტინგი რომ ჩატარდეს, ვინ არის ბუნებრივად ჭკვიანი, მე არ ვსაუბრობ პოლიტოლოგიაში განათლებულ ფიგურაზე და ა. შ. არამედ ჭკვიან ადამიანზე, მე მგონი ასეთი კონკურსის ერთ-ერთი პირველი პრეტენდენტი ვოლსკი იქნებოდა. მე ის ჭკვიან ადამიანად მიმაჩნია და ბუნებრივია ასეთი ადამიანი, რომელიც ხედავს თავის აშკარა ინტელექტუალურ უპირატესობას კოლეგებთან შედარებით. ვოლსკი როდესაც მეორედ მოვიდა უმრავლესობაში, ის ოპოზიციის მხრიდანაც ელიტაა. ამიტომ, ვოლსკის განცხადებები ჩვენ სერიოზულ კრიტიკის ქვეშ უნდა გავატაროთ. მით უფრო იმ ფონზე, როდესაც ვერც ვოლსკი დაამტკიცებს თავისი გამონათქვამების სიმართლეს, ვერც კალაძე და ვერც ოქრუაშვილი. სიტყვიერად დაჯერება რთულია.
ჩემთვის საინტერესო იცით რა არის? როგორც ოკეანეა წყნარი და მოლივლივე და უცებ პატარა ნიავის შემდეგ არის 9 ბალიანი შტორმი და ცუნამი. აი ასეთი ცუნამის როლი შეასრულა ირაკლი ოქრუაშვილმა ქართულ პოლიტიკაში. რამდენიმე გამოსვლა ჰქონდა ტელეარხებზე და დიდი ტურბულენტული ძვრები გამოიწვია მისმა გამონათქვამებმა. მან პირდაპირ ჩამოხსნა პოლიტიკას თავისი უარყოფითი მხარეებით, სიბინძურითა და სიკაშკაშით.
_ იმ განცხადებას გულისხმობთ, როდესაც სოსისს შეადარა ქართული პოლიტიკა და თქვა, რომ იცოდეთ მისი შემადგენელი ელემენტები არავინ აღარ დაინტერესდებაო?
_ კი. მან თქვა რომ ეს მუდამ იყო, არის და იქნება. ამას სათანადო რეაქცია მოჰყვა ინგა გრიგოლიას მხრიდანაც, დათო უსუფაშვილის მხრიდანაც და ეკა კვესიტაძის მხრიდანაც. პოლიტიკოსებმა იციან რა არის პოლიტიკა, მაგრამ როდესაც ეს სიმართლე თქვა ვიღაცამ ყველამ თეთრი ხელთათმანები ჩაიცვა და ხელები გაასავსავეს, რომ ჩვენ ასეთ პოლიტიკასთან რა კავშირი გვაქვსო. ოქრუაშვილმა მაგათ სიმართლე უთხრა.
_ აქედან გამომდინარეობს ვოლსკის შეფასებაც, რაც მან ოქრუაშვილზე თქვა?
_ მე მგონი, უამისობაც არ არის. ოქრუაშვილს ეყო სარისკო გამბედაობა რომ სიმართლე ეთქვა. არის სიმართლე, რომლის თქმასაც ყველა ერიდება. ირაკლი პირდაპირ თქვა, რა არის პოლიტიკა. ვიღაცები ამბობენ, რომ ეს არის რუსული პოლიტიკა, სააკაშვილის პოლიტიკა და ა. შ. და ევროპული პოლიტიკა სულ სხვაა და ამერიკული ცივილიზებული პოლიტიკა სულ სხვაა. არავითარ შემთხვევაში, პოლიტიკა ევროპაშიც ისეთია, როგორიც საქართველოში. მაგრამ განსხვავება, რაც სურათს დიამეტრიულად ცვლის, იმაშია, რომ როდესაც პრესა და სამოქალაქო საზოგადოება ნიღაბს ჩამოხსნის ბინძურ რაღაცებს, ამას რეაგირება მოყვება. ის პოლიტიკოსები, რომლებიც ხელუხლებელი ქალწულის როლში არიან, ისინიც იძულებული არიან, გადამწყვეტი ზომები მიიღონ. ჩვენთან მოყვება ასე, რომ თეთრია. ოქრუაშვილმა კი დაანახა საზოგადოებას, რომ შავია.
_ რას მოუტანს ეს განცხადებები ირაკლი ოქრუაშვილს?
_ მაგიტომ გეუბნებით, რომ სარისკოა. მაგრამ, ოქრუაშვილმა თავისი მისია უკვე შეასრულა. არჩევნებში მან ელექტორალურ წარმატებას რომ ვერ მიაღწიოს, მისი ღირსება ის არის, რომ სიმართლე თქვა და პოლიტიკოსებს უთხრა, რომ ნუ კეკლუცობთ და ნუ იპრანჭებითო.
_ ისიც ვთქვათ, რომ მის განცხადებებს, თითქოს „ვარდების რევოლუცია“ მისი დაფინანსებულია და ა. შ. დიდი გამოხმაურება მოჰყვა, იუმორის მიზეზი გახდა სოციალურ ქსელებში და ა. შ. სხვათა შორის თვითონაც იუმორით გამოეხმაურა და თქვა ხეოფსის პირამიდაც ჩემი აშენებულიაო.
_ ასეთი უკბილო ანგლობები უამრავი იქნება. როგორი რეაგირება უნდა ჰქონდეს, ეს უკვე მისი პიროვნული საქმეა. ჩემთვის, ადამიანისთვის, ვისაც თანამედროვე პოლიტიკოსებთან შედარებით პოლიტიკისა და პოლიტოლოგიის შესახებ 2 წიგნით მეტი მაქვს წაკითხული, მისი განცხადებები სიახლე იყო. გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც თქვა სიმართლე, რა არის პოლიტიკა. პოლიტიკა არ არის წმინდა მამების საქმე.
_ ირაკლი ოქრუაშვილის 2-3 დღიან ხმაურიან განცხადებებში სიმართლე უფრო დაინახეთ, ვიდრე პოლიტიკური თამაშები? არის მის პოლიტიკურ თამაშებზეც საუბარი, ოღონდ ვისი თამაშია, ჯერ არავინ იცის.
_ მე თამაშს არ ვიტყოდი, მაგრამ პოლიტიკური თამაში აქვს ყველას. ამ სცენარს გინდ თამაში დაარქვით, გინდ კეკლუცობა, ან რაც გინდათ ის. მაგრამ ბოლოს და ბოლოს ჩვენთან ნამდვილი პოლიტიკური კლასი ვერასდროს ვერ ჩამოყალიბდება, რომ შესაბამის სიტუაციაში ადეკვატური იყოს. ადეკვატური უნდა იყოს მმართველი პარტია, როდესაც მას ეუბნებიან, რომ საპრეზიდენტო არჩევნების დროს ქალები პირდაპირ ყრიდნენ ბიულეტენებს. ეს საქმე შემოდებულია თაროზე და მიმდინარეობს ძიება. ვიღაცას უნდა ეყოს გამბედაობა და თქვას, რომ ეს არ არის ადეკვატური, – კი ყველა აკეთებდა ამას, სააკაშვილიც, შევარდნაძეც, მაგრამ ჩვენი განსხვავება ის იყოს, რომ თუ ეს გახმაურდება მივიღოთ ადეკვატური ზომები და დამნაშავეები დავსაჯოთო, – ეს უნდა თქვან. რამდენადაც ვიცი ის ადამიანები ვინც ყრიდნენ, დღესაც თანამდებობზე არიან.
_ სამაგიეროდ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარუდგინეს, ჩანს თუ არა პოლიტიკური კონტექსტი?
_ ეს არის შერჩევითობა. სამართლიანობის აღდგენისთვის 40 საუკუნეა იბრძვის კაცობრიობა, მაგრამ ეს პრაქტიკულად შეუძლებელია. თუ ამაზე ვლაპარაკობთ, მაშინ იქიდან უნდა ამოვიდეთ, რომ მაგალითად როდესაც პოლიტიკოსი შედის პარლამენტში და უცბად მდიდრდება და ამას არავინ იძიებს, ეს უკვე შერჩევითი სამართალია.
ის ფაქტი, რომ ხაზარაძის თემაში საზოგადოება და შეიძლება მეც ვხედავთ პოლიტიკურ მოტივაციას, ეს უკვე უნდობლობაზე მიანიშნებს. როდესაც ხალხს, რიგით ამომრჩეველს, რომელსაც არ აქვს პრეტენზია იყოს დეპუტატი, მინისტრი, შავი მანქანა ემსახურებოდეს და ა. შ. როცა ასეთ ადამიანებს ტოტალურად სასამართლოს, პროკურატურის, მათ მიერ არჩეული ხალხის და ა. შ. მაშინ ხელისუფლების მხრიდან ყოველი ასეთი ნაბიჯი რეფლექტურად იწვევს ეჭვს. ეს თქვა ზუსტად ოქრუაშვილმა, რომ პოლიტიკა არ არის კეთილშობილ ქალთა გიმნაზიის საქმე. თუ თქვენ გინდათ სიწმინდე და სისუფთავე, წადით დავით გარეჯში და მამები რომ ცხოვრობენ, რომლებიც ყოველდღე იბრძვიან თავიანთი იდეებისა და რწმენისათვის, მაშინ იმათ ამოუდექით გვერდშიო. დღე არ გავა, რომ მსოფლიოში ბრალი არ წარუდგინონ მოქმედ მინისტრს, პარლამენტარსა თუ მოქმედ პრეზიდენტებსაც კი. ჩვენთან კი, სადაც ასეთი უნდობლობაა სხვანაირად ხდება.
მე იურისტი არ ვარ და რომც ვიყო იურისტი თუ საქმის მასალებს არ ვიცნობ, ვერ ვიტყოდი სწორია თუ არ არის სწორი ხაზარაძისა და ჯაფარიძისთვის ბრალის წაყენება, მაგრამ რეფლექტურად მიჩნდება ეჭვი. ეს ეჭვი ჩვენს ხალხს არც დაბადებიდან დაჰყოლია და არც გენეტიკური კოდია. ეს არის ცხოვრებისეული გამოცდილება. დანაშაული სულ მოხდება, მაგრამ თუ ნდობა არ იქნება, მაშინ რასაკვირველია ისე ვიტრიალებთ სულ, როგორც ციყვი ბორბალში. ეს თქვა ოქრუაშვილმა, რომელიც ზერელე ადამიანის შთაბეჭდილებას არ ტოვებს და ალბათ შეგნებული აქვს, რომ სერიოზულ რისკზე მიდის. თუ გნებავთ იმიჯურ რისკზე. რამდენჯერმე გაახსენეს წამყვანებმა, რომ მას უფრო უარყოფითი იმიჯი აქვს, ვიდრე დადებითი.
_ მისი შესაძლო დაკავების რისკსაც ხომ არ ხედავთ?
_ დაკავება ერთია, მაგრამ ოქრუაშვილი ყოველთვის მაღალპროფესიონალი იურისტი და ადვოკატი არ იყო. ვიმეორებ, მასთან არც მეგობრობა და არც ნაცნობობა არ მაკავშირებს, უფრო მეტიც შეხვედრილიც კი არ ვარ. მაგრამ, მე მახსოვს შევარდნაძის პერიოდში ის იყო ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ადვოკატი, რომელიც იხილავდა საქმეებს და ჰონორარები ხშირად ხუთნიშნა იყო. ასეთი კვალიფიკაციის იურისტს ეს ყველაფერი გაცნობიერებული რომ არ ჰქონდეს, ჩემთვის წარმოუდგენელია.
ვინც მის გვერდით დგანან გუბაზი და სხვები, მათ მეტის თქმა შეეძლებათ, მაგრამ მე როგორც გარედან, დისტანციურ მაყურებელს ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა და ეს ჩემთვის მოულოდნელიც კი იყო, რადგან ასეთი გულახდილი განცხადებებით არ ვართ გათამამებულები. როდესაც ჩვენ პოლიტიკოსებს ვუსმენ, წინასწარ ვიცი რა იქნება მათი შემდეგი ფრაზა, იქნება ეს ოპოზიციიდან თუ პოზიციიდან. თუ გნებავთ მე და თქვენ ჩავატაროთ ექსპერიმენტი და დავნიძლავდეთ. მათ თქვან პირველი ფრაზა და მე თქვენ გეტყვით, რას იტყვიან შემდეგ ფრაზებს ისინი.
_ საინტერესო ექსპერიმენტს მთავაზობთ.
_ ასეა ეს და ვიცი რომ თქვენც იცით რას იტყვიან. უკვე სტანდარტული, ობმოკიდებული ლექსიკა აქვთ მათ. ირაკლი ოქრუაშვილმა კი ცუნამის სახით იმოქმედა ჩვენს პოლიტიკაზე. გაოცებული იყო ინგა გრიგოლია და ეკითხებოდა ეს რა პოლიტიკაა და მორალი და ზნეობა სად არისო. ჩვენი მიზანი ის კი არ უნდა იყოს, რომ ყველა პოლიტიკოსი ანგელოზი იყოს და ქრთამს არავინ იღებდეს, ყველგან იღებენ ქრთამს, მაგრამ ქრთამის გამო ყველას ერთნაირი სასჯელი უნდა ჰქონდეს და არა ისე როგორც ფრანკომ თქვა: „ჩვენს მეგობრებს ყველაფერი კარგი და დანარჩენებს მხოლოდ კანონი“.
რაც შეეხება ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტიკურ მომავალს, დღეს ის ძნელი სათქმელია. იმიტომ, რომ დღეს ნოსტრადამუსიც რომ გააცოცხლოთ თავისი ბისმარკებით და რიშელიებით, ისინიც ვერ იტყვიან რა მოჰყვება ამ ახალ არჩევნებს. რასაკავირველია თუ პროპორციულად ჩატარდა და მაჟორიტარული სისტემა ერთხელ და სამუდამოდ დასაფლავდა, რაშიც ეჭვი მეპარება.
_ რატომ?
_ არა მგონია, რომ მაჟორიტარებმა ასე ადვილად დათმონ თავისი პოზიცია. არც იმის მჯერა, რომ ისინი არ ცდილობენ, რომ დაარწმუნონ ივანიშვილი და სხვა ლიდერები, რომ ისინი არიან „ოცნების“ საყრდენები და დედაბოძები. ასეთი რაღაცები იქნება. მაგრამ, მეორე მხრივ ძნელია კიდევ ერთი პირობა არ შესრულდეს. იმიტომ, რომ ბევრი შეუსრულებელი პირობა ვნახეთ, შევარდნაძის დროიდან დაწყებული. პირველი ასეთი შეუსრულებელი პირობა იყო შევარდნაძის დაპირება, რომ ჩვენ ომს ღირსებით დავამთავრებთო. მაგის შემდეგ არცერთი ფუნდამენტური პირობა არ შესრულდა. თუ ახლა მაინც შესრულდა და იმ დროს როცა „ოცნებას“ ცოტა დრო რჩება პრევენციისთვის, რომ პარლამენტში უმრავლესობა არ დატოვოს, ამიტომ ამ ვითარებაში როგორი იქნება ოქრუაშვილის პოლიტიკური მომავალი, ვერ ვიტყვი, ან ჩემზე ჭკვიანი ნახეთ ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად.