ურეკში მშენებარე სასტუმროდან 2 მუშა გადმოვარდა – 1 ადგილზე დაიღუპა

ურეკში მშენებარე სასტუმროდან 2 მუშა გადმოვარდა - 1 ადგილზე დაიღუპაურეკში, კაპროვანის დასახლებაში, მშენებარე სასტუმროდან ორი მუშა გადმოვარდა. ერთი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა.

„სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები მივიდნენ გამოძახებაზე, თუმცა 60 წლამდე მამაკაცი უკვე გარდაცვლილი იყო, მეორე მამაკაცს კი აღენიშნებოდა სხვადასახვა სახის ტრავმული დაზიანებები, რაც სიცოცხლესთან შეუთავსებელი არ იყო. ის ბრიგადამ ფოთის ჰოსპიტალში გადმოიყვანა“, – განუცხადა ,,ინტერპრესნიუსს“ ფოთის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის მენეჯერმა კესო გელენიძემ.

მომხდარ შემთხვევაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. როგორც “ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო-სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.