პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– ბატონო ვახტანგ, მამუკა ხაზარაძისადმი ბრალდების წაყენება ფულის გათეთრების მოტივით რამდენად შეიძლება დაუკავშირდეს ორი კვირის წინ მის მიერ გაკეთებულ განცხდებას, რომ საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს, საიდანაც პოლიტიკამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯია?
– სამწუხაროდ, ყველაზე რეალური მოტივი, რაც შეიძლება პროკურატურის ბრალდებაში წავიკითხოთ, სწორედ პოლიტიკურია. მე ვერ გეტყვით, მამუკა ხაზარაძემ იცოდა თუ არა, რომ მას ფულის გათეთრების მოტივით ბრალს წაუყენებდნენ და იმ განაცხადით, რომელიც მან ორი კვირის წინ გააკეთა, პროცესებს დაასწრო, მაგრამ ფაქტი ერთია, დღეს ყველას ფიქრი სწორედ აქამდე მივა, რომ მოტივი პოლიტიკური ხომ არ არის, იმდენად დაბალია ხელისუფლებისადმი ნდობა.
თავის დროზე, როდესაც ხაზარაძე-ჯაფარიძისადმი გაისმა ხელისუფლების პრეტენზიები, თითქოს მიზეზი ანაკლიის პროექტი იყო, რადგან ორივე “თიბისის” ჩამოაშორეს და ფულის გათეთრების ამბავიც თითქოს თაროზე შემოიდო. მერე აღმოჩნდა, რომ ანაკლიის პროექტი თურმე ასეთი მარტივი არ ყოფილა, გახსოვთ, რა დიდი რეზონანსი გამოიწვია ქვეყნის შიგნით თუ გარეთ ამ პროექტმა.
– ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა გააკეთა განცხადება.
– სწორედ ამას ვგულისხმობ. სიმართლე გითხრათ, მე მეგონა, რომ ამ პროექტს ხაზარაძეს ჩამოაშორებდნენ და ამით ამოიწურებოდა ყველაფერი, მაგრამ ეს არცთუ მარტივი საქმე აღმოჩნდა, რადგან საგარეო ფაქტორები და ინტერესებიც აღმოჩნდა ანაკლიის პროექტში. თუმცა, ახლა ირკვევა, რომ პროცესი უფრო შორსმიმავალია. ერთი სიტყვით, ამ ყველაფერში აიხლართა ხელისუფლება.
– მაინც ხაზარაძის პოლიტიკურ განაცხადს უკავშირებთ ამ ყველაფერს?
– პროკურატურა 11 წლის წინანდელ ტრანზაქციაზე საუბრობს. ფულის გათეთრება ისეთი რაღაცაა, რა გითხრათ?! თუმცა, ნახეთ, რა ხდება, ამ ტრანზაქციაში რაღაც ფორმით ბიზნესმენი ჭუტა წერეთელი ფიგურირებს, რომელიც ტვ-პირველთან არის დაკავშირებული. მე არ გამოვრიცხავ, რომ ერთი გასროლით რამდენიმე სამიზნის მოშორებას ცდილობდეს ხელისუფლება. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.
მე მაინც მგონია, რომ მამუკა ხაზარაძემ ცოტა იჩქარა, როდესაც განცხადება გააკეთა. შავი სამუშაო მას იატაკქვეშ უნდა ეწარმოებინა და სექტემბერში გაეკეთებინა განცხადება, რომ პოლიტიკაში მიდის.
თავის დროზე, გახსოვთ, როგორ ჭკვიანურად მოიქცა ივანიშვილი, მისი წერილი და ნაბიჯი თითქმის ერთი იყო. ხაზარაძემ კი იჩქარა. ამიტომ, არც იმას არ გამოვრიცხავ, რომ ეს ყველაფერი იყოს ერთგვარი გაფრთხილება, ფსიქოლოგიური ზეწოლა.
– რა მოტივით, რომ პოლიტიკური განაცხადი არ გააკეთოს?
– რა თქმა უნდა! არ ვიცი, რამდენად ძლიერი პიროვნებაა მამუკა ხაზარაძე, გაუძლებს თუ არა ის ამ ზეწოლას და რა გადაწყვეტილებას მიიღებს, მაგრამ, რასაკვირველია, ის დაფიქრდება.
არც იმას გამოვრიცხავ, რომ საერთოდ ქვეყანა დატოვოს და საერთოდ უარი თქვას პოლიტიკაზე.
ეს ყველაფერი მის პიროვნებაზე და მის სიძლიერეზე იქნება დამოკიდებული. არაერთი ბიზნესმენი შემიძლია დაგისახელოთ, მაგალითად ბადრი პატარკაციშვილი, ზაზა ოქუაშვილი, რომლებმაც ქვეყანა დატოვეს. გახსოვთ, ბადრი პატარკაციშვილის ირგვლივ როგორ ვითარდებოდა მოვლენები.
– სააკაშვილი პატარკაციშვილში კონკურენტს ხედავდა.
– როგორც ჩანს, ხელისუფლება ახლა ხაზარაძეში ხედავს კონკურენტს.
– გიგი უგულავამ თქვა, რომ “ქართულ ოცნებას” შანსი არ აქვს, 50% მარტომ მოაგროვოს და ჯერ-ჯერობით არც არავინ ჩანს, ვინც მასთან კოალიციას გააკეთებს, გარდა პრორუსული ძალებისა. ამიტომ დაიწყო პოლიტიკური ველის მოსუფთავება. მესამე ძალის შექმნის შანსი აქვს ან ჰქონდა ხაზარაძეს?
– ოპოზიცია უშვებს ზუსტად იგივე შეცდომებს, რასაც უშვებს ხელისუფლება.
– კონკრეტულად?
– ისევე ჩქარობს, ისევე დარწმუნებულია საკუთარ თავში, როგორც ხელისუფლება. ისევე დგამს გაუთვლელ ნაბიჯებს, როგორც ხელისუფლება.
ძალიან ადრე ხომ არ არის იმაზე საუბარი, რომ ხელისუფლება უმრავლესობას ვერ მიიღებს?! რა გააკეთა თავად ოპოზიციამ ამისთვის?! თუ ისევ მარტო დარჩებიან პოლიტიკურ ველზე “ქართული ოცნება” და ნაციონალური მოძრაობა, მაშინ მერწმუნეთ, რომ “ქართული ოცნება” მოიგებს არჩევნებს.
როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ კვლავ იგივე ტაქტიკით იმოქმედოს.
– რამდენად გაამართლებს იგივე ტაქტიკა?
– თუ არაფერს შეცვლის ოპოზიცია, რა თქმა უნდა, გაამართლებს. ნაციონალურ მოძრაობასაც ძალიან აწყობს, რომ იგივე ტაქტიკით იმოქმედოს “ოცნებამ”. აწყობს იმიტომ, რომ პოლიტიკურ ველზე მხოლოდ თვითონ არიან. სხვა აქტორის, ძლიერი აქტორის შემოშვება არც ერთს არ აწყობს – არც ივანიშვილს და არც სააკაშვილს, ეს არის რეალოიბა.
რა სტრატეგია აქვს დღეს ოპოზიციას, აქვს კი სამოქმედო გეგმა გაწერილი?! ხომ გახსოვთ, რაც მოხდა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე, ზუსტად ასე მოხდება, თუ არაფერს შეცვლის ოპოზიცია.
თქვენ მკითხეთ, დაიწყო თუ არა ივანიშვილმა პოლიტიკური ველის მოსუფთავება? აქ ორი აზრი შეიძლება არსებობდეს?! რა თქმა უნდა, ივანიშვილს აწყობს მარტო დარჩენა! მარტო ცხადია ვერ დარჩება, ამიტომ აწყობს ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად ყველაზე მეტად. იცის, რომ ნაციონალურ მოძრაობასთან კონკურენცია ყველაზე მარტივია.
– თუმცა, საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ლამის ნაციონალებმა მოიგეს.
– გასაგებია, მაგრამ სხვა ახალი ძალა კიდევ უფრო დიდი საფრთხის მატარებელია “ქართული ოცნებისთვის” და ეს იცის კარგად ივანიშვილმა.
– თუ ასეა, მაშინ საარჩევნო სისტემის შეცვლა და ნულოვანი ბარიერის შეთავაზება როგორ გავიგოთ?
– და უკვე შეიცვალა საარჩევნო სისტემა?! უკვე გატარდა ეს საკონსტიტუციო ცვლილება?! არც იმას გამოვრიცხავ, რომ საშემოდგომო სესიაზე, როდესაც საქმე საქმეზე მიდგება, “ქართულმა ოცნებამ” გამოაცხადოს, ხმებს ვერ ვაგროვებთო.
სიმართლე გითხრათ, არც ის გამიკვირდება, რომ “ბეჯითი” მაჟორიტარების გვერდით ნაციონალური მოძრაობაც აღმოჩნდეს, ვინც წინააღმდეგი იქნება ამ საკონსტიტუციო ცვლილებების.
ამიტომ ოპოზიციას ურჩევნია, დაფიქრდეს და კარგად გაიაზროს, რა ურჩევნია. ოპოზიციას კარგად არ აქვს გააზრებული, რომ დღეს ის არჩევანის წინაშე დგას: გახარია თუ საარჩევნო სისტემა ნულოვანი ბარიერით.
– თქვენ ამბობთ, რომ ოპოზიცია ასეთი არჩევანის წინაშე დგას?
– დიახ, დიახ! ქვეცნობიერად ასეთია არჩევანი, მაგრამ ეს არ აქვს ოპოზიციას გააზრებული.
რუსთაველზე განვითარებული მოვლენები მართლაც იყო წყალგამყოფი და სულაც არ გამიჭირდება იმის თქმა, რომ დიახ, გახარია უნდა გადადგეს, მაგრამ დღეს ოპოზიცია არჩევანის წინაშე დგას.
ეს არჩევანი მას ივანიშვილმა ქვეცნობიერად შესთავაზა. ახლა არჩევანი მათ უნდა გააკეთონ. ეს არჩევანი სტრატეგიული მნიშვნელობის არის – წავიდეს გახარია და მოვიდეს გახარია ორი, თუ რეალურად მოხდეს საარჩევნო სისტემის შეცვლა?!
ამას ვამბობ იმიტომ, რომ ხმები “ოცნების” გარდაცვალების შესახებ ცოტა გადაჭარბებულია.
ნათია ხურცილავა, ახალი თაობა