ზუგდიდში 72 წლის მამაკაცი ჭაში ჩავარდა – მაშველები მის ამოყვანას ვერ ახერხებენ

ზუგდიდში 72 წლის მამაკაცი ჭაში ჩავარდა - მაშველები მის ამოყვანას ვერ ახერხებენზუგდიდში, მედეას ქუჩაზე, 72 წლის მამაკაცი ჭაში ჩავარდა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა დაქირავებული მუშა ჭას თხრიდა.

როგორც ადგილზე მყოფი მუშები ამბობენ, ჭა დაახლოებით 9-10 მეტრი სიღრმისაა, ამიტომ არ იციან, რა მდგომარეობაშია მამაკაცი. ადგილზე სამი მუშა მუშაობდა, ერთ-ერთი მათგანი ჩავარდნილი მამაკაცის შვილია.

„სამი ვიყავით, ეს იყო დაბლა. ჩვენ ზევით ვიყავით. ეტყობა გვიმი (ჭის ზღუდე) ჩამოიშალა და ამიტომ ჩავარდა. არაფერი ვიცით მისი მდგომარეობის შესახებ“, – უთხრა „ლაივპრესს“ გენო ჯონიდავამ, ჩავარდნილი მამაკაცის შვილმა.

მისი სიტყვებითვე, ჭაში წყალი იყო ჩამშრალი და ამოწმენდის მიზნით იყვნენ მისული, როგორც კერძო მუშები.

ადგილზე იმყოფებიან სამაშველო სამსახური და პოლიცია. შემთხვევის ადგილზე მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავაც მივიდა.

მუშის ჩავარდნის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით.

„ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია, რომელშიც ჩართული არიან მაშველები“, – განუცხადეს „ლაივპრესს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

მაშველები მამაკაცის ამოყვანას 4 საათზე მეტი ხანია, ცდილობენ.

ლაივპრესი