დავით ჭიჭინაძე – “20 ივნისის შემდეგ “ოცნების” ყველა ნაბიჯი შეცდომაა”

დავით ჭიჭინაძე - "20 ივნისის შემდეგ "ოცნების" ყველა ნაბიჯი შეცდომაა"ნათია ხურცილავა, ახალი თაობა 
“ქართული ოცნების” ყოფილი წევრი, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– ბატონო დავით, 20 ივნისის მოვლენების შემდეგ ხელისუფლება დასუსტებულია თუ იგივე ძალა აქვს?
– არა, იგივე ნამდვილად აღარ არის. საკმაოდ სერიოზული ზიანი მიადგა ხელისუფლებას, როგორც იმიჯის თვალსაზრისით, ისე მორალურად. შეიძლება არ იმჩნევდნენ, მაგრამ საკუთარ მოსახლეობას ასეთი მეთოდებით რომ დაშლი, საკუთარი ქვეყნის ახალგაზრდებს, მომავალს ასე რომ გაუსწორდები, შეუძლებელია, იგივე რიხით გააგრძელო. მოსახლეობის ნდობა დღითიდღე კლებულობს, ამ ყველაფრის შემდეგ ადამიანებს აღარ აქვთ ნდობა.
თავიდან იყო მცდელობა, რომ თითქოს არც არაფერი არ მომხდარა და პატარა ჭანჭიკებზე უნდოდათ გადაეტანათ. თითქოს ამ პატარა ჭანჭიკების მოწყობილი იყო და ისინი არაფერ შუაში არ იყვნენ, მაგრამ ეს არ გამოუვიდათ.
ნდობა რომ საკმაოდ დაბალია, ეს ყველა ასპექტში აისახა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს აისახა ეკონომიკაზე. ეკონომიკის ყველა პარამეტრი ამაზე მეტყველებს.
სამწუხაროდ, პოლიტიკას დაემატა ეკონომიკა და საკმაოდ ფართომასშტაბიანი, უკვე ყოვლის მომცველი კრიზისი მივიღეთ ქვეყანაში.
– რამდენად შეძლებს ხელისუფლება ამ კრიზისიდან გამოსვლას?
– ხელისუფლება შეცდომას შეცდომაზე უშვებს და ამ ფონზე არათუ კრიზისიდან გამოვა, პირიქით, უფრო შედის ამ სპირალში. 20 ივნისის შემდეგ ყველა მისი ნაბიჯი შეცდომაა და ამიტომაც სახეზე გვაქვს ჩამოყალიბებული პოლიტიკური კრიზისი, ეს უნდა თუ არ უნდა “ქართულ ოცნებას”.
– და მაშინ რა არის გამოსავალი?
– სანამ ხელისუფლებაში ხარ, გამოსავალი არის განახლება, შეცდომების არდაშვება, მათი გამოსწორება, მაგრამ ამას ვერ შეძლებს “ქართული ოცნება”.
– თქვენ ამბობთ, რომ დაანონსებული განახლება ჩავარდა?
– მაჩვენეთ ერთი ახალი სახე! უკვე “ქართულ ოცნებაში”, თვითონ გუნდის შიგნითაც სხვადასხვა დაჯგუფებებია და უკვე ერთმანეთში ისე აირია სიტუაცია, ახლა ყველა თვითგადარჩენისთვის იბრძვის. ეს არ არის მარტივი პროცესი. რთული სიტუაციაა.
– გუნდის შიგნით?
– დიახ. ხელისუფლების შტოებს შორისაც ხომ ხედავთ, როგორი ვითარებაა. ჩიახლართა სიტუაცია.
– ტვ-პირველის დამფუძნებლის ვახტანგ წერეთლის პროკურატურაში გამოკითხვაზე დაბარება თქვენთვის ერთი ხელწერის ნაწილია?
– მე მირჩევნია, ამ საკითხზე მას შემდეგ გავაკეთო კომენტარი, როდესაც ტვ-პირველის დამფუძნებელი გამოიკითხება.
– მის დაბარებას მამუკა ხაზარაძის საქმეს უკავშირებთ?
– დაველოდოთ გამოძიებას და შემდეგ გავაკეთებ კომენტარს ამ საკითხზე, ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.
– ხელისუფლება აცხადებს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ახალი სისტემით ჩატარდება. რას მოუტანს ეს ცვლილება “ქართულ ოცნებას”?
– ჩემთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, რას მოუტანს ქვეყანას. თუმცა, თუ სამართლიანად ჩაატარა არჩევნები “ქართულმა ოცნებამ”, ქვეყანას ექნება პატარა შანსი, რომ ამოისუნთქოს. ასევე ჩნდება შესაძლებლობა, რომ “ქართულმა ოცნებამ” ხელისუფლება ერთპიროვნულად ვერ შეინარჩუნოს.
თუ “ქართული ოცნება” სამართლიანად არ ჩაატარებს არჩევნებს და ამომრჩევლის ნებაზე აშკარა ზეგავლენას მოახდენს, მაშინ ეს იქნება უტყუარი დაპირისპირების საბაბი. მერე უკვე ეს დაპირისპირება და კრიზისი სხვა ფორმებს მიიღებს.
– რა ფორმებს?
– რთული მისახვედრი არ არის. მერწმუნეთ, დაპირისპირება გარდაუვალი იქნება. ამას ემატება ისიც, რომ 2020 წელს გარე აქტორებს, გარე მოთამაშეებს ჩვენთვის არ ეცლებათ. მათაც არჩევნები აქვთ და თავიანთი პრობლემებით იქნებიან დაკავებულები, მაგრამ 2021 წლისთვის მოიცლიან ჩვენთვის და მერე უკვე ასეთი მარტივი არ იქნება, ხალხის მოთხოვნების წაყრუება არავის არ გამოუვა.