დავით ჭიჭინაძე – “ქართული ოცნება” და ნაციონალები ერთმანეთს დაასრულებენ”

დავით ჭიჭინაძე - "ქართული ოცნება" და ნაციონალები ერთმანეთს დაასრულებენ"ნათია ხურცილავა, ახალი თაობა 
“ქართული ოცნების” ყოფილი წევრი, პარლამენტის დეპუტატი დავით ჭიჭინაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– ბატონო დავით, ნაციონალური მოძრაობა კოალიციით აპირებს ხელისუფლებაში დაბრუნებას, “ქართული ოცნება” კი მესამედ შეეცდება ხელისუფლებაში დარჩენას, თუმცა, პრემიერი ბახტაძე არ გამორიცხავს ევროპულ ძალებთან კოალიციას. თქვენი პროგნოზი როგორია?
– ახალი არაფერია, დიდი ხანია, ერთმანეთს ეფერებიან, ამ შემთხვევაში ბოკერია და ძმანი მისნი. ჩვენ ვხედავთ, რომ კეზერაშვილს ბიზნესები უბრუნდება, რომელიც აფინანსებს მათ. დაფასებულია ეს ყველაფერი. მერე იტყვიან, რომ ევროპული ღირებულებები აქვთ და კოალიციასაც შეკრავენ, რა იქნება ამაში გასაკვირი და უცნაური? არც არაფერი. ეს მათი არჩევანია. ქართველი ხალხი კი აბსოლუტურად სხვა არჩევანს გააკეთებს.
– გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ არც “ქართულ ოცნებასთან” და არც ნაციონალურ მოძრაობასთან არ შექმნის კოალიციას.
– აბა, ჩემთან მითუმეტეს ვერ შექმნიან. მე არ მჯერა ამ განცხადების. პოლიტიკოსებს ენა ღმერთმა იმიტომ მისცა, რომ რასაც ფიქრობენ, იმის საწინააღმდეგო ილაპარაკონ. მე მათ ქმედებებს ვაკვირდები და მათ ქმედებებში სულ სხვა რამე იკვეთება.
– თქვენ თქვით, რომ ამომრჩეველი სხვა არჩევანს გააკეთებს. როგორ შეიძლება მოვლენები განვითარდეს?
– არჩევნებამდე ჯერ კიდევ დიდი დრო არის დარჩენილი. მანამდე ბევრი რამე შეიცვლება ქვეყანაში. თუ საპრეზიდენტო არჩევნებს ავიღებთ მაგალითად, ძალიან მარტივად დავინახავთ, თუ როგორ იცვლება ჩვენს ქვეყანაში პროცესები.
ამ ერთ წელიწადში ვნახეთ, როგორ განვითარდა პროცესები. საპრეზიდენტო არჩევნებიდან დღემდე როგორ ცხოვრობს ქვეყანა – ეს არის ყველაზე ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება კიდევ ერთ წელიწადში განვითარდეს მოვლენები.
წინასაარჩევნო პერიოდი ყოველთვის დაძაბული იყო, მაგრამ ამ შემთხვევაში მაინც განსხვავებულია, რადგან გადამწყვეტი ფაზაა. ამ გადამწყვეტ ფაზაში ალბათ ბევრი რამე შეიცვლება, მაგრამ ეს არ იქნება ამ ორი პოლიტიკური ძალის სასიკეთოდ.
– “ქართულ ოცნებას” და ნაციონალურ მოძრაობას გულისხმობთ?
– დიახ, სწორედ მათ. ორივე ძალა ხალხის და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოა. მათ ერთმანეთი უნდა დაასრულონ და ასეც იქნება, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. შეუძლებელია, რომ ეს გაგრძელდეს.
– პარლამენტის თავმჯდომარე თალაკვაძემ განაცხადა, ყველა თანაგუნდელი, რომელიც წარმატებული იყო პარლამენტში, მომავალში ღირსეულ ადგილს დაიკავებსო. ის გუნდის სრულ განახლებაზეც საუბრობს. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ ახალ სახეებთან დაკავშირებით?
– პარლამენტში “ქართული ოცნების” გუნდიდან კარგად მომუშავე დეპუტატი მე არავინ მინახავს.
საპარლამენტო უმრავლესობას კარგად რომ ემუშავა, კარგი კანონები შეექმნა, მთავრობაზე საზედამხედველო ფუნქცია კარგად შეესრულებინა, ქვეყანა ამ მდგომარეობაში ნამდვილად არ იქნებოდა. ხალხი ბევრად უკეთესად იქნებოდა. ლარი ამ მდგომარეობაში არ იქნებოდა. ადამიანების სოციალური მდგომარეობა ბევრად უკეთესი იქნებოდა.
მითხარით აბა ერთი, ვინ იმუშავა კარგად, რომელმა მათგანმა შეასრულა თავისი ფუნქცია კარგად?! ბიზნესმენებიც არ ჩანან, ვისაც ხალხი ხმას მისცემს. ხალხი მიხვდა, რომ ბიზნესი საკუთარი თავისთვის ზრუნავს. ამ ქვეყანაში დამოუკიდებელი ბიზნესმენები არ არსებობენ.
– ამას ხაზარაძეზე ხომ არ ამბობთ, რომელიც სექტემბრიდან აპირებს პოლიტიკურად გააქტიურებას?
– არა, კონკრეტულად არავისზე არ ვამბობ.
– “ოცნება” განახლდება?
– ამ ადამიანებიდან არავის დატოვებენ, თუმცა, მთლიანად განახლებაც შეუძლებელი მგონია. ამის რესურსი არ აქვს “ქართულ ოცნებას”.
– რატომ?
– თავმოყვარე ადამიანი არ მივა “ოცნებაში” გასაწევრიანებლად. იმის შემდეგ, რაც მოხდა პარლამენტში, როგორ გამოუტანეს განაჩენი ერთ წუთში თავიანთ კოლეგას, დეპუტატს, რომელიც გვერდით ეჯდათ, ნიკა მელიას ვგულისხმობ, ამის მერე არ მგონია, ვინმეს მოუნდეს ამ გუნდის წვერობა.
წარმატებული ადამიანი, რომელსაც თავისი ხედვა აქვს, რომელსაც შექმნა შეუძლია და არა – დანგრევა, რომელიც ქვყენისთვის მნიშვნელოვანია, არ მგონია, იქ მივიდეს.
– ანუ “ოცნების” ეს საპარლამენტო შემადგენლობა არ შეიცვლება?
– შემცვლელს ვერ ნახავენ და ისევ შიგნით გადალაგდებიან. არ ჩანს ხალხი, ვინც მათკენ გაიქცევა.
– ნულოვანი ბარიერის პირობებში ალბათ ბევრი პარტია შევა პარლამენტში. რა მოლოდინი გაქვთ, რთული იქნება თანამშრომლობა?
– ეს ახალი ხილია და არავინ იცის, როგორ დამთავრდება არჩევნები, ხალხი რა გადაწყვეტილებას მიიღებს. ყველაფერი გამოჩნდება უკვე წინასაარჩევნო კამპანიის დროს.
მე ვფიქრობ, საკმაოდ ბევრი სიურპრიზი იქნება. თავად ხალხი ბევრ სიურპრიზს მოუმზადებს ამ ორ დამძიმებულ, დამჟავებულ პოლიტიკურ ძალას.