მამუკა გამყრელიძე – “ივანიშვილი ყველაფერს სწორად აკეთებს”

მამუკა გამყრელიძე - "ივანიშვილი ყველაფერს სწორად აკეთებს"ნონა ცაბაძე, ახალი თაობა

“ახალი თაობის” კითხვებს “ძალა ერთობაშიას” ერთ-ერთი ლიდერი მამუკა გამყრელიძე პასუხობს.
– ბატონო მამუკა, ექსპერტები ამბობენ, რომ ივანიშვილი შეცდომას შეცდომაზე უშვებს. დაიწყო ოპონენტების დევნა და პოლიტიკური რეპრესიები. თქვენ რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე?
– მე ვერ ვიტყვი იმას, რომ ეს შეცდომაა. უბრალოდ, გადავიდა იმ რეჟიმში, რასაც ჰქვია დიქტატურა, ეს უკვე ავტოკრატიაც აღარ არის. დიქტატურისთვის დამახასიათებელია ეს ყველაფერი და არაფერ შეცდომასაც არ უშვებს ამ მიმართულებით, ძალიანაც გამართულად და სწორად მუშაობს.
– რას ფიქრობთ ოპონენტების დევნაზე და ამ დაპატიმრებებზე?
– ეს არის იმ პარადიგმაში, რასაც ჰქვია დიქტატურა. ზუსტად იგივე რეჟიმშია, რომელშიც პუტინის რუსეთია. მე სხვას ვერაფერს ვხედავ, ვინც ხმას ამოიღებს, ან ციხეში ჩასვამენ, ან ბიზნესს შეუზღუდავენ.
მოჩვენებითი თავისუფლება გვაქვს. მეცინება ხოლმე, რომ ამბობენ, ამდენს ილაპარაკებდით თქვენ მიშას დროსო? კი, მიშას დროს ლაპარაკის მართლა ეშინოდა ხალხს და ამას მიზანმიმართულად აკეთებდნენ ვიღაც ძალები, აშინებდნენ ხალხს. ახლა რა ხდება?!
– რა ხდება?
– რამდენიც გინდა ილაპარაკე, ეს აბსოლუტურად არ მოქმედებს სიტუაციაზე. ილაპარაკე და იყავი. ლაყბობას არავინ უსმენს. ეს სამართალზე ზემოქმედებას ვერ ახდენს. ყველამ ყველაფერი ვიცით, მაგრამ სამართალს ვერ მივაღწევთ.
– ლარის ვარდნასაც ოპოზიციის აბრალებენ. “ოცნებას” რომ ჰკითხოთ, ისევ ნაციონალები არიან ხელისუფლებაში.
– ზუსტად ეს არის დიქტატურა, რომ რასაც მინდა იმას ვიტყვი და რასაც მინდა იმას გავაპრავებ. ჩვენ ვიძახით და თქვენ გინდ დაიჯერეთ, გინდ არაო. საზოგადოება არ რეაგირებს ამაზე. მეცინება ხოლმე, რომ ამბობენ, რუსთავი 2 იმედი 2 გახდებაო. არ გახდება, არა. დიქტატორმა, ძალიან კარგად იცის, რომ საჭიროა ორთქლის გამოშვება. მეტსაც გეტყვით, ის კეზერაშვილი იქნება თუ სხვები, ისინიც გააკეთებენ პატარ-პატარა ტელევიზიებს.
– ძალიან ბევრი ახალი ტელევიზიის შექმნა დაანონსდა.
– ესეც ზუსტად მათ გეგმებში ჯდება. პატარ-პატარა ახლაი ტელევიზიები იქმნება, რომლებიც გარკვეულ სეგმენტს მოედებიან, ორთქლის გამოშვებას დაეხმარებიან. სინამდვილეში მძაფრი და განსაკუთრებული არ იქნება არაფერი.
მოდი, სიმართლე ვთქვათ, გავიძახით, რუსთავი 2, რუსთავი 2 და რა ქნა ამ რუსთავი 2-მა?! საბოლოო ჯამში რა მოახდინა, რამენაირად ზეგავლენა მოახდინა პროცესებზე?!
კი ბატონო, ხალხმა იცოდა სიმართლე, მაგრამ ეს სამართალზე რამე ზეგავლენას ახდენს? ხალხის გამოსვლა, მოთხოვნა, რამე ცვლილებას იწვევს სახელმწიფოში?! გამოვიდა 100 ათასი კაცი, იჩხუბეს, თვალები დათხარეს ბავშვებს, ძალიან ცინიკური რაღაცეები მოხდა, მაგრამ მერე რა?! შინაგან საქმეთა მინისტრი არც კი გადადგა. აქ არ არის ლაპარაკი სისხლის სამართლის პასუხისგებაზე, არც კი გადადგა. გადააყენეს კობახიძე და ისიც ფორმალურად. მშვენივრად არის ისევ გუნდში და ისევ გარკვეულ ზემოქმედებას ახდენს ამ პროცესებზე.
აქედან გამომდინარე, არაფერი არ იცვლება, ხალხი ვერ ახერხებს რეალურ პრესინგს მთავრობის და გინდა რუსთავი 2 იყოს, გინდა არ იყოს, გინდა პატარ-პატარა ტელევიზიები იყოს, გინდა არ იყოს. აქ ლაპარაკი იმაზეა, რომ ის რაოდენობა ხალხის, რაც აღშფოთებული იყო, ის, რაც წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა, დღეს სად არის ის ხალხი?! არ არის.
– რატომ, იმდენად არ ხუთავენ, არ უჭერენ საზოგადოებას როგორც ამას სააკაშვილი აკეთებდა? ახერხებენ წონასწორობის შენარჩუნებას, რომ მასობრივად არ გამოვიდეს ხალხი ქუჩაში?
– კი, ერთის მხრივ ესეც არის. მეორეც, ჩვენ ბევრჯერ გვისაუბრია ამაზე, რომ ქართველ საზოგადოებას არ უყვარს არც კანონის დაცვა და არც კონკურენტულ გარემოში ცხოვრება. ეშინიათ კონკურენციის.
იმას, რაც სააკაშვილმა დაიწყო თავიდან, რომ უნდა ისწავლო, იშრომო, იმუშაო და კონკურენცია შეუქმნათ ერთმანეთს და თან კანონიც უნდა დაიცვათ, ეს მთავრობა არ ითხოვს. რადგან არ ითხოვს, ეს ხალხიც გადასარევად გრძნობს თავს.
არავინ არავის არ იჭერს, არ ემტერებიან, მე ვლაპარაკობ ჩვეულებრივ მოსახლეობაზე, თორემ ოქრუაშვილს რომ დაიჭერენ, ეს ბევრს გაახარებს კიდეც, აი, ღირსი იყო, საიდან აქვს ამდენი მილიონებიო, იტყვიან. გაუხარდება იმ ადამიანს, რომელიც მიდის და ამ მთავრობას ხმას აძლევს.
– ანუ დაიწყეს მუშაობა ამომრჩევლის გულის მოგების მიმართულებით, რომ აქამდე თუ არ დავიჭირეთ, ახლა დავიჭიროთ წინა რეჟიმის წარმომადგენლები, ეს კი ხალხს გულს მოფხანს. ასეა?
– რა თქმა უნდა, ზუსტად ამ გზას ადგანან.
– მაშინ კიდევ უნდა ველოდოთ დაჭერებს და პროკურატურის კიდევ უფრო გააქტიურებას?
– დიახ, ვინც ამ ხელისუფლების წინააღმდეგ წავა, ყველას დაიჭერენ და აი ნახავთ, არავინ ხმას არ ამოიღებს. მამუკა ხაზარაძე ხომ წავიდა წინააღმდეგი? ხაზარაძე იმ წუთშივე დაიბარეს პროკურატურაში, ბრალი წარუდგინეს, უთხრეს, დაგიჭერთ, ამას გიზამთ, იმას გიზამთ, ხალხმა ხმა ამოიღო?! პირიქით, ხალხი კმაყოფილი იყო – ბანკირს, რომელიც ჩვენით მდიდრდება, დაიჭერენ.
– ანუ მხარდამჭერების გულის მოგებას ცდილობენ?
– რა თქმა უნდა, უბრალო ადამიანი არ დაიწყებს ამაზე რეაგირებას. მასა მათ მხარეს იქნება. ერთი-ერთში, ზუსტად იგივე ხდება რუსეთში. იქ ვიყავი და ხომ ვუყურებდი ამ ყველაფერს.
ის გამოსვლები, რაც იქ ხდება, არის პეტერბურგის და მოსკოვის ინტელიგენციის ხარჯზე. მასა კმაყოფილია იმით, რომ ყირიმი მიითვისა რუსეთმა. ეს ის მასაა, რომელიც საერთოდ არ ფიქრობს არაფერზე.
ჩვენთანაც ასეა, ჩვენთან კმაყოფილები არიან იმით, რომ მარიხუანის დეკრიმინალიზაცია მოხდა, ქუჩაში შეუძლიათ თავისუფლად გამოსვლები.
– ოქრუაშვილის დაკავებაზე რას ფიქრობთ? ბევრს მიაჩნია, რომ მისი დაკავება რუსთავი 2-ს უკავშირდება. თქვენ რას ფიქრობთ?
– რა თქმა უნდა, რუსთავი 2-ს და მის ხმამაღალ განცხადებებს უკავშირდება. 20-21 ივნისის საქმეზე უბრალოდ სასაცილოა საუბარი. საერთოდ არ ყოფილა იქ მსგავსი მოწოდება, რომ არიქა, დავამხოთ ხელისუფლება და ასე შემდეგ. თუმცა ყველაფრის სათავისოდ გამოყენებას ცდილობენ.
თუნდაც დაიჭირონ სხვა ლიდერებიც, რა, ხმას ამოიღებს ვინმე?! საერთოდ ვინმე აპროტესტებს ამას?! არავინ არ გააპროტესტებს. საზოგადოებაში ეს პროტესტი არ არის.
ეს პოლიტიკოსებს რაც შეეხებათ, თორემ ხომ ნახეთ, გავრილოვის წინააღმდეგ პროტესტი გამოხატეს. მაგრამ როგორც კი პოლიტიკოსები ერევიან საქმეში, არაფერი ხდება.
იმ აქციებზე პოლიტიკოსების გაკარებაც კი არ უნდოდათ და განსაკუთრებით კი ნაციონალური მოძრაობის.
მართული რომ არის ეს ყველაფერი, რად უნდა ამას ლაპარაკი?! მარგველაშვილს და მის მეუღლეს თუ მისცეს სიტყვით გამოსვლის უფლება, სააკაშვილის მეუღლეს რატომ არ უნდა ჰქონოდა ამის უფლება? რა დააშავა სანდრა რულოვსმა?! ან ვაშაძეს რატომ დაუსტვინეს, რა გააფუჭა გრიგოლ ვაშაძემ?!
მაგრამ, აი, ასეთი განწყობებია დღეს.