იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა
რუსთავი 2-ში მიმდინარე პროცესებზე ტელეკომპანიის 100%-იანი წილის მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა 22 აგვისტოს განცხადება გაავრცელა. მან ხელი სააკაშვილისა და გვარამიასკენ გაიშვირა და თქვა, რომ გვარამიამ არხი ჯერ ფინანსურად დაანგრია, შემდეგ კი თანამშრომლების ბულინგზე გადავიდა, რომ მათ არხი დაეტოვებინათ. ხალვაში იმედს გამოთქვამს, რომ მათი ნაწილი ტელეკომპანიაში დაბრუნდნენ. ხალვაში ხელფასების ნაწილზეც აკეთებს განცხადებას და წერს:
„მათ შორის იყო ის ერთ-ერთი ეპიზოდი, რის გამოც მოხდა რამდენიმე თანამშრომლის გათავისუფლება. გვარამიას, ანჯაფარიძეს, მელაძეს, ლაფერაშვილს, გაბუნიას, ასევე ყოფილ თანამშრომელ უდუმაშვილს, იმ დროს, როდესაც კომპანიის თანამშრომლების ხელფასები გაყინული იყო, ასიათასობით ლარი აქვთ მიღებული. ახლა ცდილობენ ეს თანხები ბონუსად წარმოაჩინონ, თუმცა აშკარაა, რომ ასეთი ბონუსები კომპანიას არ გაუცია და სწორედ რუსთავი2-ის კუთვნილი, მაგრამ სხვა კომპანიაში დალექილი თანხმები მიიღეს, ჩუმად, სხვა თანამშრომლებისაგან მალულად“.
„ახალი თაობა“ „რუსთავი 2“-ის ყოფილ ჟურნალისტს ნანუკა ჟორჟოლიანს დაუკავშირდა.
_ ქიბარ ხალვაშმა თქვა ნიკა გვარამიასა და რამდენიმე გაშვებულ ჟურნალისტზე, რომ ისინი იღებდნენ ასიათასობით ლარის ანაზღაურებას და სხვა ჟურნალისტების ხელფასები გაყინული იყო რას უპასუხებთ?
_ არ მაინტერესებს, მან რა განცხადება გააკეთა, ხალვაში ჩემთვის არაფერს ნიშნავს.
_ მე მაინტერესებს თქვენი აზრი ამ თემაზე, როგორც რუსთავი 2-ის ყოფილი ჟურნალისტის და თუ ხართ დადანაშაულებული რაღაცებში.
_ მე არ ვარ ყოფილი ჟურნალისტი, მე ვიწყებ ახალ არხზე, რომელსაც ერქმევა „მთავარი არხი“, მაგრამ ჩემდა საბედნიეროდ ქიბარ ხალვაშთან საქმე აღარ მაქვს. ახლა მის განცხადებებზე კომენტარები აკეთონ მისმა თანამშრომლებმა. რაღა საქმე მაქვს ქიბარ ხალვაშთან?! საბედნიეროდ, მასთან არაფერი აღარ მაკავშირებს.
_ რუსთავი 2-ში მიმდინარე პროცესებზე რას იტყვით?
_ რუსთავი 2-თანაც აღარაფერი მაკავშირებს, კარგი მოგონებების გარდა. არა, ამ თემაზე საუბარს აღარ ვაპირებ. რუსთავი 2 უკვე წარსულია და წარსულზე საუბარი აღარ მინდა. ხომ ხვდებით, რომ აღარ არის ჩემთვის საინტერესო ეს თემები. ბოდიშს გიხდით, მაგრამ ამ თემებზე ვერ ვისაუბრებ.
_ მაშინ ახალ გეგმებთან დაკავშირებით გკითხავთ, გაცხადებული გქონდათ, რომ ახალი სეზონიდან თქვენი გადაცემა იცვლის ფორმატს და სოციალური ტიპის გადაცემა იქნება. ეს ძალაში რჩება?
_ ახალ გეგმებთან დაკავშირებით სიამოვნებით დაგელაპარაკებით. რა თქმა უნდა, ეს ძალაში რჩება. აუცილებლად სოციალური ტიპის თოქ-შოუს გავაკეთებ.
_ ახალ არხს ეთერში როდიდან უნდა ველოდოთ?
_ იცით, რა არის? შეიძლება მე ზუსტად ვერ გითხრათ, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან მალე, უკვე დღე-დღეზე.
_ ანუ რამდენიმე დღეში უკვე ეთერში იქნებით?
_ დიახ, რა თქმა უნდა, დღე-დღეზე უკვე ეთერში გავალთ.
_ ვინ იქნებიან არხზე? რა შეგიძლიათ გვითხრათ? იქნება თუ არა რუსთავი 2-დან წამოსული ყველა ჟურნალისტი?
_ არა, ყველა არ იქნება. ვიღაცებს ჯერ არ უნდათ სამსახურის დაწყება, ვიღაცას სხვა გეგმები აქვს. ყველას თავისი ინდივიდუალური გეგმები აქვთ და ყველას მაგივრად მე ვერ დაგელაპარაკებით. მაინც ვფიქრობ, რომ ყველა ინდივიდუალურად მიიღებს გადაწყვეტილებას და სჯობს, რომ ყველას ინდივიდუალურად დაუსვათ შეკითხვა და გაგცემენ პასუხებს.
მე ჩემი გეგმების შესახებ შემიძლია საუბარი, რაზეც უკვე გიპასუხეთ.